Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენ გავანადგურეთ ირანის ბირთვული პროგრამა“ - პიტ ჰეგსეთი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი აცხადებს,რომ ირანის მხრიდან ნებისმიერ შურისძიებას გაცილებით უფრო მკაცრი პასუხი მოჰყვება და გონივრული იქნება, თუ ირანი ამ სიტყვებს გაითვალისწინებს.

ჰეგსეთი "უდიდეს წარმატებას" უწოდებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებს, რომლებმაც ირანის ბირთვული პროგრამა გაანადგურა, თუმცა იქვე დასძენს, რომ ამ თავდასხმას გავლენა არ მოუხდენია ირანელ ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე.

პიტ ჰეგსეთის განცხადებით, გუშინდელი შეტევა ემსახურებოდა ირანის ბირთვული შესაძლებლობების დასუსტებას და „განადგურებას“.

„ბევრი პრეზიდენტი ოცნებობდა ირანის ბირთვული პროგრამისთვის საბოლოო დარტყმის მიყენებაზე, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო ამის გაკეთება ტრამპამდე. ირანზე ოპერაცია თამამი და ბრწყინვალე იყო. აშშ-ის გარდა ვერცერთი სხვა ქვეყანა ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღი არ უნდა შეიქმნას, ის მშვიდობას ეძებს და ირანმა ეს გზა უნდა აირჩიოს“, – განაცხადა ჰეგსეთმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჰეგსეთმა გაიმეორა ტრამპის განცხადება, რომ აშშ-ის მიზანი ომი არ არის, თუმცა შენიშნა: „ჩვენ სწრაფად და გადამწყვეტად ვიმოქმედებთ, როდესაც ჩვენი ხალხი, პარტნიორები და ჩვენი ინტერესები საფრთხის ქვეშ დადგება“.

აშშ-ის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა კი პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,რომ აშშ-ის დარტყმების შემდეგ სამივე ირანულ ბირთვულ ობიექტს სერიოზული ზიანი მიადგა - თუმცა, მისი თქმით, საბოლოოო შეფასებას ჯერ გარკვეული დრო დასჭირდება.

როგორც გენერალმა კეინმა აღნიშნა, საპასუხო ქმედება თეირანის მხრიდან წარმოუდგენლად ცუდი არჩევანი იქნება.

დენ კეინის განცხადებით, ოპერაციაში მონაწილეობდა 125 თვითმფრინავი, მათ შორის B2-ის ტიპის შვიდი ბომბდამშენი. ბომბდამშენებმა ჩამოაგდეს GBU-57-ის 12-ზე მეტი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბი ფორდოსა და ნათანზის ბირთვულ ობიექტებზე. Tomahawk-ის ათობით რაკეტა კი ისპაჰანის ბირთვული ობიექტის მიმართულებით გაუშვეს.

კეინის თქმით, მისურის ბაზიდან შესრულებული ეს მისია იყო B2-ის ყველაზე ხანგრძლივი მისია 11 სექტემბრის თავდასხმის დროიდან.

აშშ-ის შეტევას ირანის ატომურ ობიექტებზე მკაცრი გამოხმაურებები მოჰყვა ირანში - საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სახიფათო ომი წამოიწყო ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ და ამას ირანი უპასუხოდ არ დატოვებს.

21-22 ივნისის ღამით აშშ-ის სამხედროებმა ირანის ბირთვული პროგრამის სამ ძირითად ობიექტს - ფორდო, ნათანზსა და ისპაჰანს - შეუტიეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა ობიექტი განადგურებულია და თეირანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG