"სუფთა ევროპული პროდუქცია" - რა იყიდება აფხაზურ Duty Free-ში

DUTY FREE ენგურის ხიდზე

რამდენიმე თვის წინ, ენგურის ხიდის აფხაზეთის მხარეს დაბეგვრისგან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი Duty Free გაიხსნა. მაღაზიაში მოხვედრა მხოლოდ აფხაზეთიდან გამსვლელებს შეუძლიათ "საპასპორტო შემოწმების" გავლის შემდეგ.

"რუსული "Дьюти Фри Альянс"-ის ფილიალმა "Апсны Дьюти"-მ ენგურის ხიდთან, სოფელ ჭუბურხინჯში უბაჟო მაღაზიის მშენებლობის ნებართვა გასული წლის 31 აგვისტოს მიიღო. ახლა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის კვეთიისას "საპასპორტო კონტროლის" ჯიხურების წინ ერთსართულიანი თეთრი ფერის შენობა დგას. მაღაზიას მაღალი ფანჯრები აქვს, შენობას დიდი წითელი ასოებით ინგლისურად აწერია: DUTY FREE.

ალკოჰოლური სასმელები: Malibu, King Robert, Lauders, Berchovka, Riga Black და სხვა.

სააღდგომოდ მაღაზიაში მხოლოდ გამყიდველები და რამდენიმე ადგილობრივი დაგხვდებოდათ. "აფხაზური დიუტი ფრი" ევროპის სხვადასხვა აეროპორტში ნანახი მაღაზიებისგან დიდად არ განსხვავდება, თუ არ ჩავთვლით ზომას და პროდუქტების არჩევანს.

მარტინის და სხვა ბრენდების სასმელები, ვერსაჩეს სუნამოები, პარფიუმერია, სიგარეტები, ტკბილეულობა … - დახლებზე იგივე პროდუქტებია, რასაც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა მაღაზიაში ნახავდით. "სუფთა ევროპული პროდუქციაა", - ამბობს გამყიდველი ქალი.

ყველა პროდუქტს ეტიკეტზე ფასი ევროში აქვს მითითებული, თუმცა გადახდა მხოლოდ რუსული რუბლით შეიძლება. ანუ თუ ჯიბეში ან საბანკო ბარათზე ლარი, ევრო, დოლარი ან სხვა ვალუტა გაქვთ, Apsny Duty-ში ვერაფერს იყიდით. ფულის იქვე, მაღაზიაში გადახურდავება შეუძლებელია. ამიტომ, ვისაც რუბლი არ აქვს, მხოლოდ დახლების დათვალიერებას უნდა დასჯერდეს და "აფხაზურ დიუტი ფრის" ხელცარიელს დატოვებს.

კაცების სუნამოების ფასი 67-დან 84 ევრომდე მერყეობს.

თუ აფხაზეთის რიგით მარკეტში მაგალითად სიგარეტების - სობრანიე, ვინსტონი, პარლამენტი ერთი შეკვრა - 3000 რუბლი [₾ 90] ღირს, "დიუტი ფრიში" 1500-ად [₾ 45] შეიძენთ. განახევრებული ფასებია ალკოჰოლურ სასმელებზეც, თუმცა იგივე არ ითქმის მაგალითად ტკბილეულობაზე. Fruit-tella-ს, HARIBO-ს და სხვა დასახელებების კანფეტები ადგილობრივი მაღაზიების ფასთან შედარებით ორჯერ ძვირი ღირს.

Fruit-tella, HARIBO და სხვა დასახელების ტკბილეულობა "აფხაზურ დიუტი ფრიში"

ადგილობრივები რადიო თავისუფლებასთან ამბობენ, რომ "დიუტი ფრის" სიგარეტებს ვერც აფხაზური და ვერც ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ გადაიტანენ.

სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელები "აფხაზურ დიუტი ფრიში"

"პროდუქცია, რომელიც სხვა მაღაზიებთან შედარებით ნახევარ ფასად იყიდება, როგორც ვიცით, უაქციზოა და ამიტომაც აქვს დაბალი ფასი. "დიუტი ფრიში" რომ ვიყიდო, ვერც აქეთ გადმოვიტან და ვერც იქეთ წავიღებ, რადგან საზღვარზე უაქციზო საქონლის გადატანა აკრძალულია. შეიძლება მალულად, ან მოქრთამვით წაიღო, მაგრამ კანონიერად, როგორც აფხაზმა მებაჟეებმა გვითხრეს, მათ აქვთ უფლება არ გაგატანონ, რადგან უაქციზოა. ძირითადად, საზღვრებზე უკანონოდ გადატანის დროს ჩამორთმეული საქონელია და ამიტომ იყიდებაო ნახევარ ფასად", - გვეუბნება გალის რაიონის მცხოვრები, რომელიც ამჯობინებს რომ ანონიმად დარჩეს.

აფხაზ ეკონომისტსა და ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელ ახრა არისტავას სასაზღვრო ზონაში უბაჟო მაღაზიების გახსნის იდეა თავიდანვე არ მოსწონდა. რადიო თავისუფლების პროექტ "ეხო კავკაზასთან" გასული წლის ოქტომბერში ის ამბობდა, რომ "დიუტი ფრი" აფხაზეთის ეკონომიკას უფრო მეტ ზიანს მოუტანს, ვიდრე მოგებას.

"... ირიბი ზარალი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს მეწარმეებს, რომლებიც აქციზს დაქვემდებარებულ საქონელს აწარმოებენ, შეეძლოთ მოგება ენახათ. ეს არის არაყის, ღვინოს, თუნდაც სიგარეტის, ლუდის მწარმოებლები. ისინი დაუცველები აღმოჩნდნენ ამ სიტუაციაში. წარმოიდგინეთ, აქ საქონელი საერთოდ გადასახადის გარეშე შემოდის! ჩვენ როგორმე უნდა გავზომოთ ყველა ეს შედეგი… უნდა შევქმნათ კომისია და გავარკვიოთ: ეს ბანალური კონტრაბანდაა, უბაჟო [პროდუქტი] თუ რამე სხვა მოვლენა", - თქვა მაშინ არისტავამ.

ახლა ამ მაღაზიიდან რამდენიმე ნაბიჯში დაბეგვრისგან თავისუფალი ვაჭრობის კიდევ ერთი პუნქტი შენდება. ეს აფხაზეთში მეხუთე უბაჟო მაღაზია იქნება, სამი ფსოუს გამშვებ პუნქტზე მოქმედებს.

ახალი მშენებარე "დიუტი ფრი" ენგურის ხიდზე

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განკარგულებით, ენგურის ხიდზე მეორე "დიუტი ფრის" კომპანია "Куазан МБТ" აშენებს და ახალშიც პირველის მსგავს პროდუქციას ელოდებიან.

განკარგულების თანახმად, კომპანიამ სამუშაო განრიგი, საქონლის შემოტანის, შენახვისა და გაფორმების პროცედურა საბაჟო გამშვები პუნქტის საკოორდინაციო საბჭოსთან უნდა შეათანხმოს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) კვლევით, როცა ხიდი გახსნილია, ენგურის გამშვებ პუნქტს ყოველდღიურად 2580-მდე ადამიანი კვეთს.