სამხრეთ ბოსნიის ქალაქ სტოლაცის მახლობლად, Aurora Solar-ის ობიექტზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ ოქტომბერში 71 არალეგალური ჩინელი მუშა გამოავლინა. ხელისუფლებამ სწრაფი დეპორტაცია გაუკეთა მათ, 116 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის მშენებლობა უკანონოდ გამოაცხადა და ნოემბერში სახელმწიფო მიწების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაზე გამოძიება დაიწყო.
ამ დროს ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სამშენებლო ობიექტი ჯერ არ დაუხურავთ.
რეგიონში, სადაც ჩინეთის ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს ხშირად პოლიტიკური ალიანსები და მთავრობა მფარველობს, ეს ნაბიჯი ბალკანეთში ჩინეთის ეკონომიკური აქტიურობის იშვიათი შეჩერება და ჩინური პროექტებისადმი საზოგადოების წინააღმდეგობის წარმატებული მაგალითი იყო.
ექსპერტების თქმით, რეგიონის ოფიციალური პირები ხშირად ჩინურ კაპიტალს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სწრაფ ფულად წყაროდ მიიჩნევენ გარემოს დაცვისა და შრომის კანონმდებლობის დაცვის ხარჯზე.
„ჩინური კომპანიები ბალკანეთში ისე იქცევიან, რის უფლებასაც აძლევენ,“ - განუცხადა რადიო თავისუფლებას ბელგრადის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ვუკ ვუკსანოვიჩმა.
დაპირებების დარღვევა, გარემოსდაცვითი პრობლემები
თვეების განმავალობაში იურიდიული დავების და ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან ზეწოლის შემდეგ სამთავრობო ინსპექციამ ფაქტობრივად შეაჩერა სტოლაცში მზის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ნებისმიერი ახალი მშენებლობა.
ადგილობრივებმა, მათ შორისაა არმან აიანიჩი, შეშფოთება გამოთქვეს, რომ პროექტის ობიექტები დასახლებულ პუნქტებთან უფრო ახლოს აშენდა, ვიდრე თავდაპირველად აცნობეს საზოგადოებას. ამასთან, მშენებლობა შეიცავს გარემოსდაცვითი საფრთხეს, როგორიცაა, მაგალითად, მეწყრების საშიშროება.
„დადასტურებულია, რომ ეს ადგილი მეწყერსაშიში ტერიტორიაა და საცხოვრებელი სახლებისკენ აქვს დახრილობა“, - განუცხადა აიანიჩმა რადიო თავისუფლებას. „ჩვენი მეზობელი ელმირა სეფო მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ მეწყერს ემსხვერპლა. ამ უარყოფითი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა უმოქმედოდ ჯდომა“.
აიანიჩმა დასძინა, რომ ადგილობრივებმა პროექტის შესაჩერებლად სამართლებრივი კამპანია იანვარში დაიწყეს და ყოველდღე საათობით უსხედან შესაბამის კანონებს.
„ეს რიგითი მოქალაქეების საქმე კი არ უნდა იყოს, არამედ ამას უწყებებმა უნდა მიხედონ,"- თვლის აიანიჩი.
მერიამ, რომელიც წარმართავდა ელექტროსადგურის მშენებლობის პროცესს, არ უპასუხა რადიო თავისუფლებას კომენტარის მოთხოვნაზე.
მზის ენერგიის პროექტის მშენებელი ჩინური კომპანიის, ჩინეთის ჩრდილოეთის სამრეწველო კორპორაციის (NORINCO) ადვოკატმა, კემალ სვრაკიჩმა, გასულ თვეში რადიო თავისუფლების ბალკანეთის სამსახურს განუცხადა, რომ ყველა მუშა კანონიერად ჩავიდა ქვეყანაში და მან თითოეული მათგანის ყველა საჭირო დოკუმენტი ჰქონდა.
"ჩინელები ნება-სურვილზე ჰყავთ მიშვებული“
სტოლაცის მახლობლად მზის ელექტროსადგური ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფირმების მიერ მშენებარე ან მის მმართველობაში მყოფი უახლესი გახმაურებული პროექტია ბალკანეთში. ის ბოლო დროს დაპირისპირების საგანი გახდა და ადგილობრივი საზოგადოების წინააღმდეგობის გამო შეჩერდა.
სამხრეთ ბოსნიაში, სოფელ ულოგში მდებარეობს ჰიდროელექტროსადგური, სადაც ადგილობრივები წლების განმავლობაში მიუთითებდნენ გარემოსდაცვით ზიანსა და თევზის მასობრივ განადგურებაზე, რის გამოც გამოძიება დაიწყო.
ასევე ბოსნიაშია ბისტრიცის ჰიდროელექტროსადგური, რომლის მშენებლობის ნებართვაც გაუქმდა იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მას უარყოფითად უყურებდა.
პროექტებმა საზოგადოების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია მსგავსი- სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის, შრომის, გარემოს დაცვისა და მიწის საკუთრების შესახებ ადგილობრივი კანონების გვერდის ავლის გამო.
ვუკსანოვიჩის მსგავსი მკვლევრების თქმით, ეს პრობლემები ჩნდება ბალკანელი პოლიტიკოსების მცდელობის გამო, ქვეყანაში ჩინური ინვესტიციები მოიზიდონ და იხეირონ შესული კაპიტალით.
„ყველა პრობლემა არალეგალური დასაქმების, გარემოს დაცვისა და მიწის ექსპროპრიაციის გარშემო ჩნდება იმის გამო, რომ ადგილობრივ ელიტას ჩინელები ნება-სურვილზე ჰყავს მიშვებული, რათა პროექტი დასრულდეს“, - თქვა ვუკსანოვიჩმა. „თუ კომპანიებს მკაფიო წესების გარეშე მუშაობის უფლებას მისცემთ, ეს მოხდება.“
Aurora Solar-ი, რომელიც მზის ელექტროსადგურის პროექტს ახორციელებს, ასევე NORINCO, კონტრაქტორი, ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო ნებართვა კანონის შესაბამისად იქნა მიღებული. არცერთ კომპანიას არ გამოუცხადებია, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
კანონზომიერება ბალკანეთში
თუმცა, სერბეთში, საზღვრის გადაღმა, ადგილობრივ ოპოზიციას უჭირს გარღვევა.
აღმოსავლეთში, ბორის სამთო ცენტრში, სადაც სერბეთის სპილენძის ერთადერთი სამთო კომპლექსი მდებარეობს, მაცხოვრებლები ჩინურ კონგლომერატ Zijin Mining Group-ს მიწის მიტაცებაში, გარემოს დაბინძურებასა და მათი საარსებო საშუალებების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. თუმცა, მრავალწლიან სასამართლო დავებს თითქმის არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
სოფელ სლატინას მაცხოვრებელმა, მიოდრაგ ჟივკოვიჩმა განაცხადა, რომ მან შვიდი ჰექტარი მიწა დაკარგა 2020 წელს მას შემდეგ, რაც მთავრობისგან მიიღო ბრძანება თავისი ქონების ჩამორთმევისა და მისი საზოგადოებრივი სარგებლობისთვის გადაცემის თაობაზე. ჟივკოვიჩი ამჟამად სამართლებრივ დავაშია ჩინურ სამთო კომპანია Zijin-თან, რადგან ეს ფირმაა მითითებული, როგორც ექსპროპრიაციის შემდეგ საკუთრების მფლობელი, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სახელით ეს სერბეთის მთავრობამ განახორციელა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა Zijin-ის დასაკმაყოფილებლად და ამ პროცესში გვერდი აუარა იურიდიულ პროცედურებს.
.
„ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას უფლებას აძლევდა, ჩემთვის კომპენსაციის გადახდამდე დაუფლებოდა ჩემს ქონებას, პროექტის გადაუდებლობის მოტივით“, - განუმარტა ჟივკოვიჩმა რადიო თავისუფლებას. „იმის ნაცვლად, რომ მიეთითებინა კომპანიისთვის კანონით დადგენილი კომპენსაციის გადახდა, სამინისტრომ მათი მხარე დაიკავა“.
ჩინური ფირმის ადგილობრივი შვილობილი კომპანია Zijin Mining-ი, რომელიც აკონტროლებს ბორის ყოფილი სახელმწიფო კომპლექსის დიდ ნაწილს, ამტკიცებს, რომ მიწის უმეტესი ნაწილი ნებაყოფლობით საფუძველზე შეიძინა და მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა ჩამორთმეული მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ეს მიწა მონიშნა, როგორც ტერიტორია, რომელიც „საზოგადოებრივ ინტერესს“ წარმოადგენს.
ჟივკოვიჩმა, რომელიც ინვალიდობის მცირე პენსიაზეა დამოკიდებული, განაცხადა, რომ მან არა მხოლოდ მიწა, არამედ მთელი თავისი საარსებო საშუალება დაკარგა. მან დასძინა, რომ ბორში წიაღისეულის მოპოვებამ ჰაერის დაბინძურება გამოიწვია დარიშხანის მაღალი კონცენტრაციით. „ეკოლოგიურად სუფთა მაღარო არ არსებობს, განსაკუთრებით აქ, სადაც სამთო კომპანია ჩინურია“, - თქვა ჟივკოვიჩმა, რომელიც წიაღისეულის მოპოვების მძიმე ზეგავლენას გულისხმობდა გარემოზე. „ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს, თუკი გავითვალისწინებთ ბორში ჩვენი სამთო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ჰაერის ხარისხის გაზომვების შედეგებს. ეს კატასტროფაა“.
მას შემდეგ, რაც ჩინურმა Zijin Mining Group-მა 2018 წელს სერბეთში სპილენძისა და ძვირფასი ლითონების ერთადერთი მწარმოებელი შეიძინა, ის ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა, რომლის შემოსავალი 2024 წლის ბოლოსთვის 1 მილიარდ ევროს უახლოვდებოდა.
ბელგრადისთვის ასეთი ინვესტიციები წარმოადგენს პარტნიორობის მოდელს, რომელსაც ჩინეთისა და სერბეთის ლიდერები, სი ძინპინი და ალექსანდრ ვუჩიჩი, ხშირად „ფოლადის მეგობრობას“ უწოდებენ.
თუმცა, ზოგიერთი მაცხოვრებლის თქმით, ეს ალიანსი მათ ძვირად დაუჯდათ და ის არა ეკონომიკური დაპირებებით, არამედ დაკარგული მიწებით, დაბინძურებული ჰაერითა და სასამართლოს აღუსრულებელი გადაწყვეტილებებით იზომება.
„რთულია, აიძულო რომელიმე კომპანია, სრულად დაიცვას გარემოსდაცვითი კანონები შენს ქვეყანაში, მაგრამ ეს კიდევ უფრო რთულია, როდესაც ადგილობრივი და ეროვნული მთავრობებიც ჩართული არმიან ამაში“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას დამირ დიზდარევიჩმა, რომელიც ბელგრადში დაფუძნებულ Government For Economics-ის ფონდ BFPE-სთვის აკვირდება ჩინურ ინვესტიციებს ბალკანეთში.
ჩინეთის მწვანე შემობრუნება
ვლადიმერ შოპოვმა, საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ჩინეთის ექსპერტმა ბალკანეთში, განაცხადა, რომ ბალკანეთის ქვეყნები ჩინური კომპანიებისთვის მოსახერხებელი პლაცდარმია გამოცდილების მოსაპოვებლად და თავიანთი მოქმედებების დასახვეწად, რათა შეძლონ ევროკავშირის უფრო მკაცრი ბიზნეს და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაკმაყოფილება და კონკურენცია მის ერთიან ბაზარზე.
„იმ დროს, როცა მისი გრძელვადიანი მიზნები - პოლიტიკური პოზიციონირება ევროკავშირის მომავალ წევრ-სახელმწიფოებში, მეგობრული ადგილობრივი აქტორების ქსელების შექმნა და გავლენის მოპოვება ძირითად პოლიტიკურ და ეკონომიკურ სექტორებში - იგივე რჩება, პეკინი აფართოებს თავის ინსტრუმენტებს ამ მიზნების მისაღწევად“, - წერდა შოპოვი ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ ანალიზში.
ჩინეთის ინვესტიციები განახლებად ენერგიაში, მათ შორის ქარისა და მზის ენერგიაში, ამ ახალი ინსტრუმენტების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. სახელმწიფო სუბსიდიებმა და უზარმაზარმა საწარმოო ბაზამ ჩინეთი მზის პანელების, ქარის ტურბინებისა და ელექტრომობილების უმსხვილეს და ეკონომიკურად ყველაზე ეფექტიან მწარმოებლად აქცია მსოფლიოში.
ბოლო წლებში ჩინურმა ინსტიტუტებმა ასევე დააფინანსეს მწვანე ენერგიის პროექტები მთელ მსოფლიოში, რადგან პეკინი ცდილობს, შეცვალოს თავისი იმიჯი მსოფლიოში მთავარი დამაბინძურებლიდან და წარმოდგეს მწვანე ინვესტორად, შესაბამისად, საზღვარგარეთ გააძლიეროს ბიზნესი თავისი კომპანიებისთვის.
ბალკანეთის მასშტაბით, ჩინეთის სახელმწიფო ფირმები ხშირად აფინანსებენ ამ მწვანე ენერგიის პროექტებს ადგილობრივი შუამავლების გამოყენებით, რათა შეძლონ ორიენტაცია არასტაბილურ სამართლებრივ სისტემებისა და სუსტი ზედამხედველობის პირობებში.
თუმცა, როგორც სტოლაცი აჩვენებს, ამ სტრატეგიას შეიძლება საპირისპირო შედეგი მოჰყვეს, როდესაც ადგილობრივი თემები მას წინააღმდეგობას გაუწევენ.
ის, რაც სამუშაო ადგილზე ტრაგიკული სიკვდილით დაიწყო, დასრულდა მთელი საწარმოს დემონტაჟით. აიანიჩმა განაცხადა, რომ ის და სტოლაცის ადგილობრივი მაცხოვრებლები ერთიანდებიან სხვა აქტივისტებთან ერთად მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა მოამზადონ დამატებითი სამართლებრივი ნაბიჯები მსგავსი პროექტების წინააღმდეგ, რომლებიც, მათი აზრით, კანონის გვერდის ავლით განხორციელდა. „ჩვენ შევუერთდით ეროვნულ ალიანსს, რომელიც მოითხოვს საჯარო მიწების კანონიერ მართვას“, - თქვა მან.
„ჩვენ ჩავრთეთ ყველა დონის უწყებები, რადგან ჯანსაღი გარემო და კანონიერი პროცედურები ფასდაუდებელია“.