შეხვედრა განიხილება კრემლისთვის ნათქვამ კიდევ ერთ უარად - რომ ბაქოს და ერევანს მისი შუამავლობა აღარ დასჭირდებათ.
პარალელურად, იკვეთება სურათი, რომ სამშვიდობო პროცესებში კონკრეტული წინადადებებით ჩართულია შეერთებული შტატები.
5-საათიანი შეხვედრა - რა (არ) ითქვა
პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, თითქმის 5 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეხვედრის შემდეგ კი, ორი ქვეყნის საგარეო უწყებებმა იდენტური განცხადებები გამოაქვეყნეს. ტექსტში აღნიშნულია, რომ მხარეებმა განიხილეს “ურთიერთობების ნორმალიზების სხვადასხვა ასპექტი”.
- “დაადასტურეს, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები წარმოადგენს ყველა საკითხის გადაჭრის ყველაზე ეფექტიან ფორმატს”;
- “გადაწყდა ასეთი დიალოგის გაგრძელება, შედეგზე ორიენტირებით”;
- “შეაფასეს პროგრესი, მიღწეული საზღვრების დელიმიტაციის პროცესში” და შესაბამის სახელმწიფო კომისიებს პროცესის გაგრძელება დაავალეს;
- “შეთანხმდნენ გააგრძელონ ორმხრივი მოლაპარაკებები და ნდობის აღსადგენი ზომების გატარება ორ ქვეყანას შორის”.
სტუმარმა ლიდერებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძელს - არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანს, გულთბილი მასპინძლობისა და მათი შეხვედრის ორგანიზებისთვის.
ამ განცხადებაში არ არის ნახსენები საკითხი, რომელიც ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს - როდის მოეწერება ხელი სამშვიდობო შეთანხმებას?
როგორც იტყობინებიან, სომხური მედია აბუ-დაბიში არ იყო; ხოლო აზერბაიჯანული წყაროების თანახმად - გაიმართა «სერიოზული და საგნობრივი განხილვა სამშვიდობო დღის წესრიგის საკვანძო ასპექტებზე, საზღვრის დემარკაციის, „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნისა და განვითარების, სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების ჩათვლით“.
რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს გვიან ღამით სომხეთის საგარეო უწყებაში განუცხადეს, რომ, თუკი შეთანხმება იქნებოდა მიღწეული, გამოცხადდებოდა კიდეც; თუმცა შეხვედრას წარმატებული უწოდეს და დაადასტურეს, რომ ის "შესაძლოა იქცეს სერიოზულ საფუძვლად სამშვიდობო პროცესის შემდგომი რეალიზებისთვის".
აშშ-ის შეთავაზება
ოდნავ უფრო ადრე, 10 ივლისს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ერევანი განიხილავს, მათ შორის, აშშ-ის წინადადებას აზერბაიჯანის ნახიჩევანთან დამაკავშირებელი გზის ზედამხედველობის გადაცემის შესახებ - „სომხეთის სუვერენიტეტის, იურისდიქციისა და ტერიტორიული მთლიანობის“ პირობით.
საფარიანის თქმით, არის საერთაშორისო პარტნიორების სხვა წინადადებებიც, მაგრამ - არ დაუსახელებია.
ტრამპის ადმინისტრაციის შეთავაზება მანამდე "კარნეგის ფონდმა" [CARDI] გაახმაურა, ანონიმურ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით. თუმცა ერევანი ამ დრომდე ამ საკითხს უპასუხოდ ტოვებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაპარაკია შეთავაზებაზე, ამერიკულ კერძო კომპანიას გადაეცეს ხალხისა და ტვირთის მოძრაობის ზედამხედველობა მთელ გზაზე - ნახიჩევანისკენ და უკან.
საგანგებო დავალებათა ელჩმა, ედმონ მანუკიანმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სიუნიქის გზის მესამე მხარისთვის შესაძლო გადაცემის განხილვა უკვე მიუთითებს ფაქტზე, რომ ეს საკითხი ერევნისთვის წითელ ხაზს აღარ წარმოადგენს. თუმცა უცნობია, რამდენად მისაღებია ეს აზერბაიჯანის მხარისთვის.
ნახიჩევანთან დამაკავშირებელი გზის საკითხი ერთ-ერთი საკვანძოა, რის გამოც ბაქომ და ერევანმა ჯერ კიდევ მარტში შეთანხმებულ დოკუმენტს ხელი ამ დრომდე ვერ მოაწერეს.
ხელმოწერის აუცილებელ პირობებად ბაქო ასახელებდა:
- სომხეთის კონსტიტუციის შეცვლას - რადგან თვლის, რომ კონსტიტუციის ტექსტში დევს სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიები აზერბაიჯანთან მიმართებით. ეს პირობა ალიევის ადმინისტრაციიდან რამდენიმე დღის წინაც გაიმეორეს. სომხეთი კონსტიტუციის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს. 14 ივნისს GLOBSEC 2025-ის პანელზე, ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამ საკითხის გარანტია მარტის შეთანხმებაში დევს და თუკი სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლო დოკუმენტს არაკონსტიტუციურად ცნობს, მაშინ მზად არის, რომ პირადად დააყენოს კონსტიტუციის შეცვლის საკითხი.
- „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნას - ეს არის სახმელეთო კავშირის ერთადერთი შესაძლებლობა აზერბაიჯანსა და მის ანკლავს - ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის. სომხეთისთვის ეს საკითხი პრობლემურია, რადგან დერეფნის მარშრუტი სომხეთისთვის საკვანძო - სიუნიქის - რეგიონზე გადის. “ზანგეზურის დერეფანს” სომხეთში “სიუნიქის გზად” მოიხსენიებენ.
“იმედია, საკმაოდ მალე [ხელი მოეწერება] სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის”, - განაცხადა 8 ივლისს აშშ-ის მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, როცა პრეზიდენტ ტრამპის გვერდით მჯდომი, მის მიერ არასრულ 6 თვეში მიღწეულ მიზნებს ჩამოთვლიდა. ამავე ჩამონათვალში მან მოიხსენია ნატოს ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტის 5%-მდე ზრდის უპრეცედენტო ტენდენცია, ომის დასრულება ინდოეთსა და პაკისტანს შორის და ისრაელსა და ირანს შორის 12-დღიანი ომიც, დასრულებული აშშ-ის ჩართულობით.
და რა კვებავს მარკო რუბიოს ოპტიმიზმს, რომ ბედნიერი დასასრული იქნება? - მოგვიანებით, მედიამ შეკითხვა დაუსვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, ტემი ბრიუსს, რომელმაც რუბიოს სიტყვები ბრიფინგზე თავადაც წაიკითხა. მედია დაინტერესდა, არის თუ არა აშშ ჩართული საშვიდობო მოლაპარაკებებში.
ტემი ბრიუსმა განაცხადა, რომ „სახელმწიფო მდივანს ამის აღსანიშნად მიზეზი ჰქონდა“, ხოლო მედია დეტალებს მოგვიანებით შეიტყობს, როცა ამის დრო დადგება. ამავე საკითხთან მიმართებით, პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აღფრთოვანებულია მრავალი საკითხის შეთანხმებით, ცეცხლის შეწყვეტის ფაქტებითა და ცვლილებებით - რაში ჩართულობის შესაძლებლობაც ჰქონდა.
„ზანგეზურის დერეფნს“ თურქეთის პრეზიდენტიც ლობირებს. რეჯეპ ტაიპ ერდოანი მას „თურქულ სამყაროსთან თურქეთიდან გადაჭიმული ინტეგრაციის ახალ ხაზად“ მოიხსენიებდა.
20 ივნისს ერდოანმა ფაშინიანს სტამბოლში უმასპინძლა, რასაც ახლდა სომხეთის საზოგადოების შიში, შესაძლო კომპრომისთან დაკავშირებით. ფაშინიანს დათმობის შესახებ არაფერი უთქვამს - თურქეთის პრეზიდეტმა კი, გავრცელებული ინფორმაციით, განაცხადა, რომ ერევანი ამჯერად „უფრო ღიაა“ აზერბაიჯანის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
„ომი არ იქნება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის”, “იქნება მშვიდობა”, - იმეორებდა უკვე 14 ივნისს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი GLOBSEC-ის 2025 წლის ფორუმზე, ინტერვიუში, პანელზე სახელწოდებით: “სომხეთი ცვალებად მსოფლიოში”. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას ძალისხმევას არ დააკლებენ და თითქმის დარწმუნებულია, რომ 2025 წლის ბოლომდე ეს ამოცანა შესრულებული იქნება.
რუსეთი მიესალმება - რას?
მთიანი ყარაბაღის გარშემო, სომხეთსა ადა აზერბაიჯანს შორის 1990-იან წლებში დაწყებული სისხლიანი კონფლიქტისთვის საბოლოო წერტილის დასმა, ექსპერტების შეფასებით, აუცილებელი პირობაა რუსეთის ზეგავლენების საბოლოოდ ამოსაძირკვად სამხრეთ კავკასიაში. სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა მათთვის სწორედ ამ ეპოქის დასაწყისის მანიშნებელი იქნება.
„ახლა ყველაზე უფრო ახლოს ვდგავართ ამ ნაბიჯთან, ვიდრე ოდესმე სხვა დროს. ფაქტია, რუსეთი სუსტდება და უკვე აღარ შეუძლია, რომ ყველა ფლანგზე გაუმწაროს ცხოვრება რეგიონის ქვეყნებს. ფაქტია, აღარ გამოსდის და პირველ რიგში, მადლობა ეკუთვნით უკრაინელებს ამისთვის. რუსეთის მოკავშირე ირანის ბოროტების ღერძი დასუსტებულია, ისრაელის ძალისხმევით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ქამრან მამედოვი.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დმიტრი პესკოვს, ჟურნალისტებმა სთხოვეს შეეფასებინა ფაქტი, რომ ბაქოსა და ერევნის მოლაპარაკებების პროცესი „მაქსიმალურად მიუახლოვდა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას“.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ასეთი პირისპირი დიალოგის ფაქტს“, - იყო პესკოვის პასუხი.
- რუსეთი სამშვიდობო პროცესის შუამავლობას 2023 წლიდან გამოეთიშა - ორი ქვეყანის წარმომადგენლებთან შეხვედრები, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმატში, ევროპელი და ამერიკელი ლიდერების ორგანიზებით მიმდინარეობდა. თუმცა რუსეთი კვლავ ცდილობდა როლის დაბრუნებას.
- რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაიხსენა, რომ კვლავ ძალაშია პუტინის დაპირება - „როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ რუსეთის მხარის დახმარების იმედი“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრეზიდენტსაც უთხრა - მარტში გამართული სატელეფონო საუბრის დროს. რუსეთი შუამავლის ფუნქციას 2023 წლის შემდეგ ვეღარ ასრულებს.
ყველასათვის ცხადია, რომ ბაქოსა და ერევნის პირდაპირი დიალოგი კრემლის ინტერესებში არ შედის, რადგან ის მუდამ ცდილობდა სათავისო მანიპულაციებით შეესრულებინა შუამავლის როლი და პროვოკაციებით გაეღვივებინა დაპირისპირება. ექსპერტები ხშირად იხსენებენ, რომ მოსკოვმა ერევანს მისთვის ყველაზე საჭირო დროს შეაქცია ზურგი.
4 ივლისს, როდესაც ტრამპსა და ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი აფასებს აშშ-ის ხანგრძლივვადიან მხარდაჭერას რეგიონში მედეგობის, ეკონომიკური განვითარებისა და მშვიდობის წინ წასაწევად. „სომხეთი აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და საერთო ერთგულებას თავისუფლების, სამართლისა და მშვიდობის მიმართ“, - წერია ფაშინიანის მიერ 4 ილისს სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
2025 წლის 14 იანვარს, როდესაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას, ანალიტიკოსებისთვის ნათელი იყო რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლის პერსპექტივა.
რაც შეეხება ილჰამ ალიევს, მისი მმართველობა ძირითადად დაპირისპირებულია დასავლეთის ფასეულობებთან და ბევრ კრიტიკასაც იმსახურებს, მათ შორის - განსაკუთრებით ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, მაგრამ ილჰამ ალიევი თავიდანვე მტკიცე მზაობას გამოხატავდა, ეთანამშრომლა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.
ფორუმი