Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დათმობებს ითხოვს აშშ-ის სამშვიდობო გეგმა უკრაინისგან? - მედიაში პროექტის დეტალებმა გაჟონა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში. 2025 წლის 19 ნოემბერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში. 2025 წლის 19 ნოემბერი

მოკლედ

  • 20 ნოემბერს კიევში დაგეგმილია ზელენსკისა და პენტაგონის მაღალჩინოსნების შეხვედრა, რომელზეც აშშ-ის სამხედრო დახმარების შემცირების საკითხს განიხილავენ.
  • უკრაინა არ მონაწილეობდა აშშ-ის მიერ რუსეთთან შეთავაზებული სამშვიდობო წინადადებების შემუშავებაში, რაც ქვეყნისთვის რთულ პოზიციას ქმნის.
  • ზელენსკის ადმინისტრაცია კორუფციულ სკანდალშია გახვეული, რაც მის პოლიტიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ასუსტებს.

უკრაინაში ომის შესაჩერებლად აშშ-ში შემუშავებული ახალი წინადადების პროექტი კიევს მოუწოდებს გარკვეული ტერიტორიების და ასევე გარკვეული შეიარაღების დათმობისკენ. ოფიციალურად გამოუქვეყნებელი გეგმის დეტალები მედიისთვის უკრაინის პრეზიდენტისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის ფონზე გახდა ცნობილი.

ხუთშაბათს, 20 ნოემბერს, კიევში ზელენსკისა და პენტაგონის მაღალჩინოსნების შეხვედრაა დაგეგმილი.

გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის პროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინის შეიარაღებული ძალების შემცირებას და დათანხმებას აშშ-ის სამხედრო დახმარების შეკვეცაზე - ამ დახმარებას უკრაინისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ძალებთან ბრძოლაში.

ამასთან, პროექტის თანახმად, უცხოეთის სამხედრო ძალები უკრაინის მიწაზე არ დაიშვებიან და კიევი აღარ მიიღებს გრძელი რადიუსის შეიარაღებას.

ეს წინადადებები, რომლებიც დეტალურად The Financial Times-მა და Reuters-მა გააშუქეს, დიდწილად შეესაბამება მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც რუსეთმა მიმდინარე წელს გამოთქვა - როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებების შუამავლობას ცდილობდა.

უკრაინის მხარის რეაქცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის. უკრაინის ოფიციალურმა პირმა, რომელსაც ნანახი აქვს წინადადებათა პროექტი, მედიაში გავრცელებული დეტალები დაადასტურა, თუმცა კომენტარისგან თავი შეიკავა.

როგორც "როიტერსი" წერს, უკრაინის მაღალჩინოსანმა სააგენტოს უთხრა, რომ კიევს მიღებული ჰქონდა "სიგნალები" ომის დასრულების შესახებ აშშ-ის წინადადებების თაობაზე - რომლებიც ვაშინგტონმა რუსეთთან განიხილა. ამ წყაროს თქმით, უკრაინა არ მონაწილეობდა წინადადებების შემუშავებაში.

"იმედი მაქვს, ეს გავრცელებული ცნობები არაზუსტია, რადგან აქ რაზეცაა საუბარი, ეს ძალიან ცუდი ამბავია უკრაინის, ევროპისა და ამერიკის სახელმწიფო ინტერესებისთვის", - ამბობს მაიკლ მაკფოლი, სტენფორდის უნივერსიტეტში პოლიტიკური კვლევების პროფესორი და 2012-2014 წლებში რუსეთში აშშ-ის ელჩი. "გულწრფელად რომ ვთქვა, შოკში ვარ", - დასძენს ის.

ამ ცნობების გავრცელებიდან მალევე, ზელენსკიმ ტელეგრამით გაავრცელა მესიჯი, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მოლაპარაკების ბოლო რაუნდის მასპინძლობისთვის. ზელენსკი წერს, რომ ერდოანი გამოვიდა მოლაპარაკების ახალი ფორმატის წინადადებით - "და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი მზადაა საჭირო პლატფორმის გამოყოფისთვის".

უკრაინის პრეზიდენტს არ უხსენებია ვაშინგტონის წინადადებების ჩარჩო, თუმცა შეაქო "პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადამწყვეტი ნაბიჯები და ხელმძღვანელობა".

"მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპსა და შეერთებულ შტატებს შესწევთ საკმარისი ძალა საიმისოდ, რომ ეს ომი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს", - წერს ის.

"მალე მეტი გვეცოდინება"

აშშ-ის ახალი წინადადებების თაობაზე მედიით გავრცელებული ცნობები ზელენსკის პოტენციურად რთულ პოზიციაში აყენებს.

ბრძოლის ველზე უკრაინის ძალებს უჭირთ უკან დაახევინონ რუსეთის უფრო დიდ და უკეთესად შეიარაღებულ არმიას, იმ ფონზეც, როცა მოსკოვის ძალები დიდ დანაკარგებს განიცდიან.

რუსეთი სულ უფრო ახლოსაა მნიშვნელოვანი ქალაქის, პოკროვსკის დაკავებასთან - ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გეგმის ნაწილია, სრულად გააკონტროლოს უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე დონბასის რეგიონი.

ამასთან, რუსეთი ამ ზამთარსაც განაგრძობს დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე, რითაც ცდილობს, დემორალიზაცია გამოიწვიოს ომით დაღლილ უკრაინელებში.

"ეს 'გეგმა' საშინელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მედიაში გავრცელებული მოკლე ცნობები ზუსტია", - ამბობს დენ ფრიდი, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი და რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების ერთ-ერთი შემოქმედი, მას მერე, რაც მოსკოვმა 2014 წელს ყირიმის ანექსირება მოახდინა.

"წარსულის მაგალითების გათვალისწინებით, ეს შესაძლოა მკვდრადშობილი ტაქტიკა იყოს. მალე მეტი გვეცოდინება. ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინასთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები იშვიათადაა ისეთი ცუდი, როგორსაც შიშობენ - მაგრამ არც ისეთი კარგია ხოლმე, როგორსაც იმედოვნებენ", - დასძენს ის.

კორუფციული სკანდალი ფონად

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საკრუიზო რაკეტები მოხვდა ორ საცხოვრებელ კორპუსს დასავლეთის ქალაქ ტერნოპოლში, რასაც, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა ათობით პირი.

ამ დრომდე ზელენსკი უარით პასუხობდა მოსკოვის მოთხოვნებს უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობაზე ან შეიარაღებული ძალების შემცირებაზე - ზელენსკი ამბობდა, რომ ეს უკრაინას მხოლოდ დაასუსტებს სამომავლო, კიდევ სხვა სამხედრო შეჭრის საფრთხის პირობებში.

საკუთრივ უკრაინაში ზელენსკი პოლიტიკურად დაასუსტა მასშტაბური კორუფციის სკანდალმა, რომელიც მისი კაბინეტის გარკვეულ წევრებს და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბიზნესპარტნიორებს შეეხო.

უკრაინის კანონმდებლები ზელენსკის მოუწოდებენ, დაითხოვოს თავისი ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი.

ერმაკი ზელენსკისთან ერთად მოგზაურობს. იგი სოციალური მედიით წერს, რომ ყველა შეხვედრა გეგმის თანახმად ხორციელდება და დასძენს, რომ "მუდმივი კონტაქტი" აქვს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

კორუფციის თაობაზე გამოძიების თანახმად, თანხები, რომლებიც უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რუსეთის საჰაერო დარტყმებისგან დაცვას უნდა მოხმარებოდა, უკანონოდ, ე.წ. ოტკატების ფორმით მიედინებოდა პოლიტიკურ ინსაიდერებთან.

ზელენსკის უახლოესი მოკავშირე

ერმაკს მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული უწინ გამართულ დიპლომატიურ შეხვედრებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმებისთვის გზების გამონახვას, რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე.

ერმაკი არჩეული პოლიტიკოსი არ არის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტისთვის იგი, შესაძლოა, იყოს ყველაზე ახლო და ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილი პოლიტიკური მოკავშირე. ერთმანეთი მათ დაახლოებით 2010 წელს გაიცნეს და შემდეგ ახლო ბიზნესურთიერთობა ჰქონდათ, სანამ ზელენსკი პოლიტიკაში წავიდოდა. ბოლო წლებში ერმაკმა მნიშვნელოვანი კულუარული პოლიტიკური გავლენა მოიპოვა.

"ერმაკი მისი მთავარი თანაშემწეა, მთავარი ადმინისტრატორი, მთავარი ღილაკი ზელენსკის საკონტროლო დაფაზე. ისინი ერთმანეთს სიამის ტყუპებივით არიან შეზრდილნი", - უთხრა რადიო თავისუფლებას 19 ნოემბერს ვოლოდიმირ ფესენკომ, რომელიც ხელმძღვანელობს კიევში განთავსებულ პოლიტიკის კვლევით ცენტრს, Penta-ს.

"თუ ერმაკს უახლოეს დღეებში არ დაითხოვენ, ვშიშობ, რომ შეიძლება სრულმასშტაბიანი შიდაპოლიტიკური კრიზისი დადგეს", - უთხრა რადიო თავისუფლებას "მარშალის ფონდის" წამყვანმა მკვლევარმა ოლენა პროკოპენკომ.

"პარლამენტი დისფუნქციური გახდება; კაბინეტის მინისტრები ვერ იმუშავებენ. ეს ისეთი კრიზისია, რომლის უფლებასაც უკრაინა საკუთარ თავს ვერ მისცემს, სრულმასშტაბიანი ომისა და ფრონტის ხაზზე რუსეთის წინსვლის პირობებში", - დასძინა მან.

ვითარებას კიდევ უფრო პრობლემურს ის გარემოება ხდის, რომ ზელენსკი ზაფხულში შეეცადა ორი ანტიკორუფციული სააგენტოსთვის, რომლებმაც კორუფციული სქემების შესახებ გაასაჯაროვეს ინფორმაცია, ავტონომია მოეხსნა - რასაც მაშინ მასშტაბური პროტესტი მოჰყვა და პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება აღარ აღასრულა.

კორუფციულ სკანდალს უკვე მოჰყვა ენერგეტიკის მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის გადადგომა, ზელენსკის ახლო მოკავშირემ, ტიმურ მინდიჩმა, რომელიც კორუფციული სქემის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად სახელდება, ქვეყანა დატოვა.

"ალი ბაბა"

გამომძიებელთა მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს, რომ ეჭვმიტანილები კოდური სახელებით მოქმედებდნენ. 18 ნოემბერს უკრაინის ერთ-ერთმა კანონმდებელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ერთ-ერთი, "ალი ბაბა", თავად ერმაკია.

დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკის თქმით, მასალები აჩვენებს, რომ ერმაკი ანონიმურად დატოვებულ ოფიციალურ პირებს ავალებს, გამოძიება ჩაატარონ უკრაინის სახელმწიფო ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) გარშემო.

კომენტარის შესახებ რადიო თავისუფლების თხოვნას ერმაკი არ გამოხმაურებია.

20 ნოემბერს ზელენსკი შეხვედრას მართავს თავისი პარტიის კანონმდებლებთანაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG