Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის" ლიკვიდაციით თბილისი ცხინვალზე "ჰიბრიდული ზეგავლენის მექანიზმს" კარგავს?


საქართველოს საილუსტრაციო რუკა. წითლად რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები
საქართველოს საილუსტრაციო რუკა. წითლად რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები

"ეს პოლიტიკური პროექტი ჰიბრიდული ზეგავლენის მექანიზმი იყო" - ამბობენ ცხინვალში "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს შექმნილი "სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის" შესახებ. 2007 წელს დაწყებულ "პოლიტიკურ პროექტს" "ქართული ოცნების" მთავრობა 2026 წლის პირველ იანვარს დაასრულებს.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ტერიტორიული ერთეულისა და დროებით ადმინისტრაციის ლიკვიდაციისთთვის სადავო პარლამენტმა ორი კანონი - “ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ და “ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ უნდა გააუქმოს. შესაბამისი ინიციატივა "ქართული ოცნების" დეპუტატებმა 17 ნოემბერს წარადგინეს.

ლიკვიდაციის გადაწყვეტილებაზე ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს "სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის" ვებსაიტზე. ბოლო სიახლე (რადიო თავისუფლებამ ვებსაიტი სტატიის გამოქვეყნებამდე, 21 ნოემბერს გადაამოწმა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თამაზ ბესტაევის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდში მონაწილეობას ეძღვნება.

"სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის" ჟენევის მოლაპარაკებებზე დასწრება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ყოველთვის აღიზიანებდა - ეუბნება რადიო თავისუფლებას ყოფილი დიპლომატი, რომელიც მრავალჯერ არის ამ გაღიზიანების თვითმხილველი.

„ოცნების“ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრისას, ექსპერტები, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ახსენებენ "ოცნების" სხვა ნაბიჯებსაც, მათ შორის აგვისტოს ომის დაწყებაში არა რუსეთის, არამედ ქართული მხარის დადანაშაულებას, „ჩორჩანის საგუშაგოსთან“ დაკავშირებულ ხმაურს თუ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის ცხინვალისთვის ბოდიშის მოხდის წარუმატებელ ინიციატივას.

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ თავის დროზე, დროებითი ადმინისტრაციის შექმნამ რუსეთის ოკუპაციას შეუწყო ხელი და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების "ღალატის" შედეგების გამოსწორებას ისინი ახლა, 19 წლის შემდეგ ცდილობენ.

ცხინვალშიც ოკუპაციას ახსენებენ, ოღონდ თბილისის მხრიდან და ამბობენ, რომ დროებითი ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია ჯანდაცვის პროექტებით "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზე" "ჰიბრიდულ ზეგავლენას" ახდენდა.

რას აკეთებ(და)ს "სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია"?

"ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ თავიდანვე იყო ჩვენი რესპუბლიკის დაპყრობისა და ოკუპაციის ინსტრუმენტი. 2008 წლის ქართული აგრესიისა და რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ეს პოლიტიკური პროექტი ჰიბრიდული ზეგავლენის მექანიზმად გადააკეთეს. ფსონი კეთდებოდა ყველაზე მთავარზე - ადამიანის ჯანმრთელობაზე“, - წერს სოციალურ ქსელში დავით სანაკოევი, ოკუპირებული რეგიონის ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის დაკავების ორდერიც 2022 წლის ივნისში გამოსცა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ, 2008 წლის აგვისტოს ომში ჩადენილი დანაშაულებების გამო.

თბილისი, „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“ დახმარებით, წლების განმავლობაში ჯანდაცვის პროგრამებით ცდილობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა კეთილგანწყობის მოპოვებას - წერს სანაკოევი და იმედს გამოხატავს, რომ საქართველოს სამედიცინო დახმარებას მალე რუსეთი ჩაანაცვლებს.

სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას და მის კულტურულ, საგანმანათლებლო და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ პროექტებს, საქართველოს ბიუჯეტი აფინანსებს.

2019 წლის ოფიციალური ინფორმაციით სოცუზრუნველყოფის სამსახურის ბიუჯეტი წელიწადში 250 000 ლარს შეადგენდა და არასრულ 5 თვეში თბილისის საავადმყოფოების სტაციონარში სხვადასხვა სამედიცინო დახმარება მიიღო ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 111-მა პაციენტმა.

რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა “სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია” წლების განმავლობაში და რა ბედი ელის ადმინისტრაციის პროექტებს? ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა კომენტარისგან თავი შეიკავა.

მედიასთან არ ლაპარაკობს არც დიმიტრი სანაკოევი - ბესტაევის წინამორბედი, რომელმაც თანამდებობა 2022 წლის 14 ოქტომბერს დატოვა. ბესტაევმა ის 2022 წლის ნოემბრიდან შეცვალა.

ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელები „წულუკიანის კომისიის“ სხდომაზე

თამაზ ბესტაევი, რომელიც აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა, „წულუკიანის კომისიამ“ მარტში გამოკითხა.

ბესტაევმა სხდომაზე თქვა, რომ - ომის მსვლელობისას თბილისიდან არანაირი ინსტრუქცია არ მიუღია და დღემდე რჩება შთაბეჭდილება, რომ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა „გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და მთლიანად ის რეგიონი”.

“წულუკიანის კომისიამ”, მაისში, დიმიტრი სანაკოევიც გამოკითხა.

მან თქვა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს მაშინდელი პრეზიდენტისგან მოისმინა სიტყვები, რომ თუკი მოწინააღმდეგე თავდასხმას არ შეწყვეტდა - ცხინვალში შესვლა მოუწევთ და რომ “ყველაფერი შეთანხმებული" იყო. სანაკოევს არ ჰქონდა პასუხი შეკითხვაზე - ვისთან იყო ეს “შეთანხმებული”.

სანაკოევმა სხდომაზე ისიც თქვა, რომ ცხინვალს, მოსკოვთან შეთანხმებით, მანამდეც, კარგა ხნით ადრე, უკვე ჩაფიქრებული ჰქონდა შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება.

დიმიტრი სანაკოევი თბილისის კონტროლირებულ ტერიტორიაზე საცხოვრებლად 2006 წლის ოქტომბერში გადმოვიდა. “წულუკიანის კომისიის” სხდომაზე მან თქვა, რომ დროებითი ადმინისტრაციის შექმნა, ნდობის აღდგენისა და მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, სხვადასხვა პროექტის განხორციელებას ისახავდა მიზნად.

“არ შეიძლება, ძალაში დარჩეს არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური წარმონაქმნი, რომელიც მოაზრებული იყო, როგორც ალტერნატიული სეპარატისტული ერთეული, შექმნილი საქართველოს ტერიტორიაზე, რაც იყო ჩვეულებრივი, გააზრებული ღალატი, ჩადენილი მაშინდელი ხელისუფლების მიერ”, - განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 19 ნოემბერს, პროსახელისუფლებო „იმედის“ ეთერში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესახებ, რომელსაც ახლა “ქართული ოცნება” აუქმებს.

კობახიძემ თქვა, რომ წინა ხელისუფლების მიერ “ეს იყო საფუძვლების მომზადება ოკუპაციის შემდგომი გამართლებისთვის“, ხოლო მათი ეს გადაწყვეტილება დეოკუპაციის მიზნისკენ “უკეთესი პერსპექტივებით სვლას“ ისახავს მიზნად.

„ჩვენ სხვებს ვედავებით, სხვებს ვეუბნებით, რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ არ უნდა გამოიყენონ და ამ დროს როგორ შეიძლება, ჩვენს კანონმდებლობაში იყოს მოხსენიებული ეს ტერმინი და როგორ შეიძლება, საქართველოში შექმნილ ადმინისტრაციულ ერთეულს ერქვას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ღალატის ეს ქრონიკა გაგრძელდეს დღემდე. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს“, – ესეც ირაკლი კობახიძის სიტყვებია.

  • სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, თავდაპირველად, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1922 წლის 20 აპრილს შეიქმნა. მასში შევიდა 40 ქართული სოფელი და ქალაქი - ცხინვალი.
  • 1990 წლის 20 სექტემბერს ცხინვალის ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად სსრკ-ს შემადგენლობაში.
  • 1990 წლის 11 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის ავტონომიური სტატუსი.
  • 2007 წლის 8 მაისს საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მიიღო დადგენილება, რომელიც [„ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 13 აპრილის კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად] ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა.
  • 2007 წლის 10 მაისს სანაკოევი საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. ცხინვალს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა - ქართულ სოფლებში სატრანსპორტო გზები დაბლოკეს.


მაშინ პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებდა, რომ ეს იყო გარდამავალი ადმინისტრაციული ერთეული, რომლის საბოლოო მიზანი - “თუ ყველაფერი სწორად წავა - სრულფასოვანი ავტონომიის ჩამოყალიბება” და კონფლიქტის საბოლოო დარეგულირებააო.

საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ?

ისინიც კი, ვინც წინა ხელისუფლების დროს „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის“ შექმნას მწვავედ აკრიტიკებდა, ახლა მის გაუქმებას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ სვლად აფასებენ.

„ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი მიღებულ გადაწყვეტილებას სადავო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის [„წულუკიანის კომისიის“] დასკვნის სამართლებრივად გამყარების მცდელობად მიიჩნევს და ამავე კონტექსტში განიხილავს - „ქართული ოცნების“ მიერ აგვისტოს ომის დაწყების ქართული მხარისთვის დაბრალებასა თუ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას - ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ, რამაც საზოგადოების მღელვარება გამოიწვია.

„თუ „ქართული ოცნების“ ამოცანაა შემოგვთავაზოს გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება ან გამაუქმებელი ან დამგმობი იმ აქტებისა, რომლებიც აგვისტოს ომამდე გამოიცემოდა, რასაც მე ვვარაუდობ, მაშინ ეს არის „[ომი] ჩვენი ბრალია“-ს აღიარების სამართლებრივ ჭრილში გადაყვანა, რადგან კომისიის დასკვნა მაინც ერთგვარად პოლიტიკური განაცხადია... ეს კატასტროფაა უბრალოდ, ეს არის პირდაპირი კაპიტულაცია... ბოდიშიც არის ზუსტად იმ პოლიტიკური კონტექსტის ნაწილი, რომელი სულისკვეთებითაც მიდიოდა მთელი ეს კომისიის სხდომები“, - ეუბნება თინა ხიდაშელი რადიო თავისუფლებას.

2024 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, 14 სექტემბერს, გორში სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები “ომის გამჩაღებლებად” მოიხსენია, ხოლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის ღალატი უწოდა. “ეს ადამიანები უმკაცრესად უნდა გასამართლდნენ”, - თქვა ივანიშვილმა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის იდეაც იქვე გაახმოვანა.

თუკი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული გაუქმდება, მისი ხელმძღვანელი ვეღარ დაესწრება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა და რომლის თანათავმჯდომარეებიც - ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები არიან.

„ციფრული დიპლომატიის ინსტიტუტის“ დამაარსებელი, ყოფილი დიპლომატი, ელჩი მალხაზ მიქელაძე, რომელიც 2022 წლამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დროებითი ადმინისტრაციის - "როგორც არასასურველი აქტორის ჩართულობის" მიმართ უკმაყოფილება შეინიშნებოდა როგორც ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის, ასევე რუსეთის მხრიდან.

„ადგილობრივ ადმინისტრაციას შეეძლო, და ჟენევის ფორმატი ამის საშუალებას აძლევდა, რომ წამოეყენებინა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რაც ხდება კონფლიქტის ზონაში - იგივე გადაადგილების შეზღუდვაზე, სხვა პრობლემებზე. ახლა ეს ვინმე სხვამ უნდა გააკეთოს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ეს გააკეთოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაგრამ ადგილობრივი კომპონენტის მოშორება, ვფიქრობ, მაინცდამაინც სახარბიელო არ უნდა იყოს ამ საკითხების წამოსაწევად“, - გვეუბნება მიქელაძე; ფიქრობს, რომ „ოცნების“ ახალი გადაწყვეტილება არ არის „ამოგლეჯილი საერთო კონტექსტიდან“.

მალხაზ მიქელაძე ასევე ვარაუდობს, რომ „შემზადება მიდის რაღაცისთვის“, "გეგმაზომიერად რაღაც წერტილამდე - კულმინაციამდე მიდის" პროცესი, თუმცა ამ ეტაპზე მას უჭირს თქმა - რა შეიძლება იყოს ჩაფიქრებული და შესაძლოა თუ არა ეს იყოს ისევ "ბოდიშის მოხდა".

მიქელაძეც, როგორც ხიდაშელი, ეჭვობს, რომ მიმდინარე პროცესები „წულუკიანის კომისიის" დასკვნას უკავშირდება. ყოფილი დიპლომატი ერთიანი სურათის ნაწილად განიხილავს - „ჩორჩანის საგუშაგოს“ საკითხის წამოწევასაც, რომლის „თვითნებური“ აშენების გამოც „ქართული ოცნება“ ახლა თავისივე პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ასამართლებს.

საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე საპოლიციო საგუშაგოს აღება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა არაერთხელ მოითხოვა, მათ შორის - 18 ნოემბერსაც, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრის ფარგლებში.

„ოცნება“ გახარიას აბრალებს, რომ ქვეყანა ახალი კონფლიქტის საფრთხის წინაშე დააყენა და დამატებითი ტერიტორიები დააკარგვინა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG