Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალდება ბუნდოვანი მოტივით: ხასაიას საქმის მთავარი კითხვა


გელა ხასაია, აქტივისტი, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“
გელა ხასაია, აქტივისტი, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლება“

მოკლედ

  • გელა ხასაიას და ვასილ ქერდიყოშვილს ჯგუფურ დანაშაულში ადანაშაულებენ, რაც ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  • ხასაიას ადვოკატი პროკურატურას ბრალის დამძიმებასა და სამედიცინო დასკვნის არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს.
  • ხასაია მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

გელა ხასაიას და ვასილ ქერდიყოშვილს ჯგუფურ თავდასხმაში ადანაშაულებენ. სასამართლო პროცესზე, ხასაიას ადვოკატმა, ბრალდება „მიზანმიმართულად დამძიმებულად“ შეაფასა, თუმცა საქმის არსებითი განხილვამდე კითხვა - რა იყო დანაშაულის მოტივი - პასუხგაუცემელი რჩება.

„12 პოლიციელისა და ორი ავტომობილის მონაწილეობით პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეთ, მუქარის ფონზე აიძულეთ ტანზე ორჯერ გაეხადა... თქვენ ჩაიდინეთ სისხლის სამართლის დანაშაული“, - მიმართა აქტივისტ გელა ხასაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ საქმის პროკურორს, მარიამ წულაიას წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც დღეს, 20 ნოემბერს გაიმართა.

პროცესზე დასასწრებად ოკუპირებული გალიდან ჩამოვიდა გელა ხასაიას მამიდა. ის დარბაზში პირველი შეიყვანეს. ბრალდებული აქტივისტი მის ნახვას არ ელოდა:„აღარ იტირო“, - მიმართა მან მამიდას.

გელა ხასაია აფხაზეთიდან დევნილია. ფეისბუკზე ის მართავს აფხაზური ამბების გვერდს, სადაც წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ისტორიებს აქვეყნებდა და პრობლემების შესახებ წერდა. გარდა აქტივიზმისა, ხასაია პოლიტიკური პარტიის „გირჩი -მეტი თავისუფლების“ წევრია, რომელიც გაერთიანებულია კოალიციასთან „ცვლილებისთვის“.

გელა ხასაიასთან ერთად სხდომათა დარბაზში შემოიყვანეს მეორე ბრალდებული, ვასილ ქერდიყოშვილიც. ის გორში ცხოვრობს, 30 წლისაა. ჰყავს ოჯახი და დაინტერესებულია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს.

„მაჯა მომტეხეს“

ბრალდებულები ამტკიცებენ, რომ ერთმანეთს არ იცნობენ, თუმცა პროკურატურა მათ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას ედავება. ბრალდებით, მათ ჯგუფირად, განზრახ, ნაკლებად მძიმედ დააზიანეს ადმიანის ჯანმრთელობა და ამიტომ მათი სასამართლო სხდომებიც ერთად გაიმართება ხოლმე.

წარდგენილი მუხლი ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება. ამ საქმეში დაზარალებული რამაზ ჩადუნელია.

პროკურატურის ცნობით, 1975 წელს დაბადებულ რამაზ ჩადუნელს გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა შელაპარაკების შემდეგ, ჯანმრთელობა დაუზიანეს და მიიმალნენ.

ბრალში წერია, რომ ბრალდებულებმა რამაზ ჩადუნელს წიხლები ურტყეს, მას მაჯა მოტყდა და საავადმყოფოში აღმოჩნდა.

ეს მოხდა 2025 წლის პირველ სექტემბერს თბილისში, თამარ მეფის გამზირის სიახლოვეს.

ომარ ფურცელაძე, ადვოკატი
ომარ ფურცელაძე, ადვოკატი

ადვოკატი ომარ ფურცელაძე საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმება. ის ფიქრობს, რომ დაზიანების ხარისხი პროკურატურამ „ტრიუკად გამოიყენა“, ბრალი „მიზანმიმართულად დაუმძიმა“, რათა სასამართლოს მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება „არ გასჭირვებოდა“.

რატომ?

„ბრალდებამ ისე დაწერა დაზიანების სიმძიმეზე, რომ არ დაყრდნობია სამედიცინო ჩვენებას“, - ამბობს ადვოკატი.

მისი განმარტებით, საქმეში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წერილია, სადაც ნათქვამია, რომ „პროკურატურა მოტეხილობას უწოდებს დაზიანებას, მაგრამ წარმოდგენილი დოკუმენტაციით მოტეხილობა არ ფიქსირდებაო.“

„ექსპერტის შუალედური დასკვნაა, სადაც სპეციალისტი ეკითხება გამომძიებელს, რატომ გადაწყვიტეთ, რომ მოტეხილობააო და თუ დამატებითი დოკუმენტაცია გაქვთ, წარმოგვიდგინეთო...“, - ამბობს ფურცელაძე.

შსს-მ გამოძიება გელა ხასაიას წინააღმდეგ, მართლაც, უფრო მსუბუქი მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებით დაიწყო გამოძიება. ეს მუხლი სამ წლამდე პატიმრობით ისჯება. თუმცა მოგვიანებით კვალიფიკაცია შეუცვალეს - დაამძიმეს.

პროკურორმა მარიამ წულაიამ არ დააზუსტა ექსპერტიზის დასკვნის დეტალები და მხოლოდ წინასასამართლო სხდომის ფორმალური ნაწილის შეფასებით შემოიფარგლა.

„ყველა კითხვას საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ვუპასუხებ“, - თქვა მან.

მარიამ წულაია, პროკურორი
მარიამ წულაია, პროკურორი

„20 წუთში ორჯერ გამაშიშვლეს“

გელა ხასაია მომხდარიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, 2025 წლის 29 სექტემბერს დააკავეს, თავად ამბობს, რომ აქციიდან სახლში მიმავალი „გაიტაცეს“. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ის დააკავეს საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოწმის სტატუსით, ჩვენების მისაცემად იყო მისული.

„არავის უთქვამს ჩემთვის ვინ იყვნენ, სანამ ძალის გამოყენებით მანქანაში არ ჩამტენეს და შემდევ მითხრეს, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ... ყველა მეუბნებოდა, კარგად იცი რატომ მიგვყავხარო...

გამომძიებელმა და პოლიციელმა რეზი ჯინჭარაძემ, რომელსაც წლებია ვიცნობ აქციებიდან, მითხრა მივყავდი, როგორც მოწმე და თუ ხელს არ მოვაწერდი დამაკავებდნენ ადმინისტრაციულად პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო...მთელი გზა მიმეორებდა, ვიცი რაც დააშავეო, დაგპირდი და დაგიჭირეო...

ორჯერ გამჩხრიკეს. გაჩხრეკაში ვგულისხმობდი მთლიანად გაშიშვლებას. პირველად მეგონა, რომ დასრულდა, თუმცა 20 წუთში კვლავ გამაშიშვლეს“, - ამბობს ხასაია.

ლევან ხასაიას ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა, თუმცა არ აქვს მოლოდინი, რომ უწყება საქმეს ეფექტურად გამოიძიებს.

მისი შეფასებით, პროკურატურა თავად არის დანაშაულის მონაწილე, როცა ამტკიცებს, თითქოს გელა ხასაია საგამოძიებო სტრუქტურაში დაიბარეს და ისიც მივიდა.

პროკურორი მარიამ წულაია ამბობს, რომ დაკავებულს „არაადამიანურად არ მოპყრობიან“ და მისი „განმარტებები ემსახურება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას“.

რა მოხდა პირველ სექტემბერს ღამით - პროკურატურის ვერსია

საქმეში პროკურატურის ვიდეომტკიცებულებები, გელა ხასაიას ადვოკატის თქმით, ბრალდებას ვერ ადასტურებს. მეორე დაკავებულის ადვოკატი კომენტარს არ აკეთებს.

„ვიდეოში ჩხუბის მომენტი არ არის, გელა ხასაია ჩანს შემთხვევამდე ნახევარი საათით ადრე და გელა ხასაია ჩანს შემთხვევიდან 20 წუთის შემდეგ“, - ამბობს ის.

ომარ ფურცელაძეს ვთხოვეთ, ეჩვენებინა პროკურატურის ვიდეომტკიცებულებები. ის გვიხსნის, რომ დაცვის მხარის სტრატეგიაა, არ გააჯაროვონ მტკიცებულებები, რომლებიც ჯერ სასამართლოზე არ გამოუკვლევიათ, მათ შორისაა დაზარალებულის და მისი თანხმლები პირის ჩვენება.

პირველ სექტემბერს თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ გელა ხასაიას გარდა, კიდევ სამი ადამიანი იყო. მათგან ერთი - ქერდიყოშვილი დაკავებულია, ჩადუნელი - დაზარალებული, მესამე - ჩადუნელთან ერთად იყო და საქმის მასალებში თვითმხილველის სტატუსითაა.

ომარ ფურცელაძის თქმით, „გელა ხასაიას პოზიციაა, რომ ტერიტორიაზე სადაც სავარაუდოდ დანაშაული მოხდა, იმ ღამით ნამდვილად იყო, თუმცა არა - კონფლიქტის მომენტში“.

რადიო თავისუფლება: და კონფლიქტამდე მათთან რაიმე კონტაქტი ჰქონდა?
ომარ ფურცელაძე: რაიმე ნაცნობობა არ აკავშირებს. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს იმ დღეს, როცა შემთხვევა უნდა იყოს მომხდარი... თუმცა, მაშინ როცა ეს ადამიანი ვინმეს შეიძლება ეცემა, გელა ხასაია იქ არ იყო...
რადიო თავისუფლება: რაიმე შელაპარაკება ჰქონდათ?
ომარ ფურცელაძე: ქუჩაში გამვლელები არიან, ისევე როგორც გელა ხასაია იყო გამვლელი. მათ შორის კომუნიკაცია საყოფაცხოვრებო ნიადაგზე შედგა...ამ ადამიანებმა იცნეს გელა ხასაია, უთხრეს, რომ მოსწონდათ დისტანციურად, იცოდნენ, ვინ იყო, გამოუცხადეს მხარდაჭერა, სთხოვეს ფინანსური დახმარება, გელა ხასაია დაეხმარა მათ და უყიდა თამბაქო....მათ შორის შედგა მინიმალისტური საყოფაცხოვრებო დონეზე კომუნიკაცია.

თუ დავუშვებთ, რომ ბრალდების ვერსია სიმართლეა, უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ანუ რა იყო დანაშაულის ჩადენის მოტივი?

ის ბუნდოვანია ბრალდებისა და დაცვის ვერსიებში.

გელა ხასაია - ფოტო გადაღებულია 2024 წლის 2 დეკემბერს მას შემდეგ, რაც აქტივისტის ცემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
გელა ხასაია - ფოტო გადაღებულია 2024 წლის 2 დეკემბერს მას შემდეგ, რაც აქტივისტის ცემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

თავად ხასაია მის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. ის აქციებში მონაწილეობისას ადმინისტაციული წესით რამდენჯერმე უკვე იყო დაკავებული. გასული წლის დეკემბერში კი პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ხასაიას სახლთან უცნობი პირები დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-ს საქმე არ გამოუძიებია.

ადვოკატ ომარ ფურცელაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს იღებდა მუქარებს, მათ შორის სამართალდამცველების მხრიდანაც.

პროკურორი საქმეში პოლიტიკურ ინტერესს გამორიცხავს და ირწმუნება, რომ ყველა უპასუხო კითხვას პასუხი საქმის განხილვის ეტაპზე გაეცემა.

იქამდე გელა ხასაია და მასთან ერთად ჯგუფურ დანაშაულში ბრალდებული ვასილ ქერდიყოშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ყველაზე მკაცრი აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა, მათ უფრო მსუბუქით - გირაოთი არ შეუცვალა.

ამ საქმის არსებითი განხილვა 3 დეკემბერს დაიწყება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG