„პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ მინდა. ამაზე ლაპარაკი არ მინდა“,- ამბობს კომპანია „კოლორპაკის“ დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი პასუხად შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა პროკურატურის დაინტერესება „პალიტრამედიის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიის სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღებით კავშირში იყოს მედიაგარემოზე ზემოქმედების ინტერესთან.
ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე მედიასთან საუბარში სწორედ ამგვარი კავშირის ალბათობას აღნიშნავს:
„ტელეკომპანია „პალიტრა“ არის საკმაოდ დაბალანსებული მედიასაშუალება, სადაც ოპოზიციას ხშირად ეთმობა ეთერი. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ პალიტრაჰოლდინგში შემავალი კომპანიის მიმართ დაწყებული გამოძიება დაკავშირებული იყოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობასთან. ჩვენ დავაკვირდებით ამ პროცესს და გამოვიყენებთ პარლამენტის ფარგლებში არსებულ ყველა ბერკეტს, რათა არ დავუშვათ ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლა“.
პროკურატურას აინტერესებდა ჩვენი კომპანიის [„კოლორპაკი“] მონაწილეობა „აწარმოე საქართველოს“ პროექტში, მაგრამ ეს ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს 2014-დან 2016 წლამდე პერიოდს და დოკუმენტაცია 2018 წლის სექტემბრამდეა მოთხოვნილი.გიორგი ჟორჟოლიანი
პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „კოლორპაკის“ ფინანსური დოკუმენტაციით დაინტერესება „კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის“ საქმეს უკავშირდება, კერძოდ, „გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „კოლორპაკმა“, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო 1 600 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი. კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან“.
„პროკურატურას აინტერესებდა ჩვენი კომპანიის [„კოლორპაკი“] მონაწილეობა „აწარმოე საქართველოს“ პროექტში, მაგრამ ეს ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს 2014-დან 2016 წლამდე პერიოდს და დოკუმენტაცია 2018 წლის სექტემბრამდეა მოთხოვნილი. ჩვენი მხრიდან ნებისმიერი დარღვევა გამორიცხულია“, ამბობს კომპანია „კოლორპაკის“ დირექტორი.
გიორგი ჟორჟოლიანის თქმით, „აწარმოე საქართველოს“ პროექტში კომპანიამ კრედიტი თიბისი ბანკიდან აიღო, შემდეგ კი პროკრედიტ ბანკში თანხის რესტრუქტურიზაცია მოახდინა უფრო შეღავათიანი პირობებით. კრედიტის თანხა ჯერაც არ დაფარულა. მის დაფარვას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება.
„თემა ისაა, რომ კრედიტის პროცენტი, 240 ათასი ლარის ეკვივალენტი, დაგვიფინანსა სახელმწიფომ. ამ წლების განმავლობაში მხოლოდ გადასახადების და დღგ-ს სახით ბიუჯეტში გადავიხადეთ, დაახლოებით, 800 ათასი ლარი. მე ასე ვთვლი, რომ სახელმწიფომ გააკეთა ძალიან სწორი ინვესტიცია, რადგან სახელმწიფომ მიიღო გაზრდილი გადასახადები ბიუჯეტში და კომპანიაც განვითარდა“.
კითხვაზე, იყო თუ არა კომპანია „აწარმოე საქართველოს“ პროგრამაში მონაწილეობისთვის შეღავათიან პირობებში ჩაყენებული, გიორგი ჟორჟოლიანი ასეთ განცხადებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
კომპანია „კოლორპაკის“ მფლობელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, ცოლის ბიძაშვილია. დიმიტრი ქუმსიშვილის სახელს ნათესავთა კომპანიების შეღავათიან პირობებში ჩაყენება მიმდინარე წლის 17 ივნისს დაუკავშირდა, როდესაც ყოფილი მინისტრი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
ის, რომ მე მაქვს მედია, ეს არ უნდა იყოს ფარი და იმუნიტეტი სხვა დანაშაულებთან მიმართებით, მაგრამ სამწუხაროა, რომ თავად ხელისუფლებას, საგამოძიებო ორგანიზაციებს იმდენად დაბალი ნდობა აქვთ, რომ ჩნდება კითხვის ნიშნები მედიაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობასთან დაკავშირებით.მამუკა ანდღულაძე
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უკანასკნელ ხანებში ხელისუფლების კორუფციული გარიგებების თემას საეჭვოდ ებმის მედიაზე შესაძლო ზემოქმედების თემა. მათ შორის საუბარია ტელეკომპანია „იბერიაზეც“. თვის დასაწყისში ტელეკომპანიებმა "იბერიამ" და "რუსთავი 2"-მა გაავრცელეს, სავარაუდოდ, სპორტის და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანისა, და „იბერიის“ მფლობელი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილის საუბრის ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ყიფიანი ლაპარაკობს ტელეკომპანიის დათმობაზე და იმაზე, რომ „ომეგა ჯგუფის“ პრობლემებს ორ მილიონად მოაგვარებს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი.
“ომეგა ჯგუფის” გარშემო გავრცელებულმა სხვა ფარულმა ჩანაწერებმა კითხვები წარმოშვა საქართველოში თამბაქოს ბიზნესში წამყვანი კომპანიების ქმედებებისა და მასში მთავრობის მაღალჩინოსნების ჩართულობასთან დაკავშირებით.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედია პროგრამების მენეჯერი მამუკა ანდღულაძე ამბობს, მთავარია მედიას არ შეექმნას რაიმე სახის პრობლემა და ის არ იქცეს ზეწოლის მექანიზმად. თავის მხრივ, პრობლემებია მედიაში, მედიაგარემო ჯანსაღი არ არის სხვადასხვა გამოვლინებების გამო, პრობლემებია ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან აფილაციის გამო და პოლარიზებულია გარემო. „ის, რომ მე მაქვს მედია, ეს არ უნდა იყოს ფარი და იმუნიტეტი სხვა დანაშაულებთან მიმართებით, მაგრამ სამწუხაროა, რომ თავად ხელისუფლებას, საგამოძიებო ორგანიზაციებს იმდენად დაბალი ნდობა აქვთ, რომ ჩნდება კითხვის ნიშნები მედიაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობასთან დაკავშირებით“.