Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეს ევროკავშირის ავტორიტეტს შეეხება - "ოცნების" მთავრობას უვიზო მიმოსვლის საკითხზე 47 დღე მისცეს


ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი

“ქართული ოცნების” მხრიდან დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმდება” და “დემოკრატიის უკუსვლას მაღალი ფასი ექნება”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა 15 ივლისს, წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრის შემდეგ. ეს ფასი შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერება აღმოჩნდეს.

ევროკავშირის სხვა შესაძლო ზომებად კაია კალასმა ასევე დაასახელა ასოცირების შეთანხმების შეჩერება და სანქციები. ევროპელმა მინისტრებმა განიხილეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაც.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე კვლავ ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა ინდივიდუალურ სანქციებზე - საქართველოს დემოკრატიის “სერიოზული უკუსვლის” საპასუხოდ.

მინისტრთა საბჭო საქართველოს საკითხის განხილვას სექტემბერში დაუბრუნდება.

რა ითქვა უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე?

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა დაადასტურა, რომ “საქართველოს ხელისუფლებას” გაეგზავნება წერილი და მიეცემა ვადა - აგვისტოს ბოლომდე. ამ ვადაში მან უნდა შეასრულოს ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში ასახული რეკომენდაციები - გაწერილი 8 პუნქტში.

კალასმა პირველი პუნქტის მოთხოვნები წაიკითხა:

“საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების ჩათვლით. პირადი ცხოვრების უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა”.

ევროკომისიის მე-7 ანგარიში 2024 წლის 6 დეკემბრით არის დათარიღებული. რეკომენდაციების 8-პუნქტიან სიაში ასევე ასახულია შემდეგი საკითხები:

  • ყველა იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგება არადისკრიმინაციის პრინციპს და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს;
  • საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის ნუსხასთან - ვიზის საჭიროების მქონე მესამე ქვეყნების შესახებ; განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომელთაგანაც მომდინარეობს არალეგალური მიგრაცია ან ქმნიან უსაფრთხოების რისკებს ევროკავშირისთვის;
  • ქმედებების გააქტიურება ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნისა და არალეგალურად ყოფნის პრობლემების მოსაგვარებლად - უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიების წარმართვა და სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება;
  • აქტივების აღდგენის ოფისისა და აქტივების მართვის ოფისის შექმნა და ძალისხმევის გაგრძელება აქტივების მოკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ამოღების კუთხით;
  • ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, შესაბამისი რესურსის გამოყოფა; განსაკუთრებული ყურადღების დათმობა მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების, სამართლებრივი დევნისა და განაჩენის გამოტანის პროცესში;
  • ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონის შეცვლა, ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების შესაბამისად - განსაკუთრებით, ბიუროს ეფექტიან დამოუკიდებლობასთან, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან და ფუნქციებთან დაკავშირებით;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

რა მოხდება მას შემდეგ, თუკი “ქართული ოცნების” ხელისუფლება რეკომენდაციებს არ შეასრულებს?

“ამ დრომდე ჩვენი პოზიციაა, რომ არ გვსურს ზიანი მივაყენოთ ქართველ ხალხს და უკან წავიღოთ უვიზო რეჟიმი, რადგან ეს მართლაც მოახდენს ზეგავლენას მათზე. მაგრამ, ამავე დროს, ეს არის ასევე ევროკავშირის ავტორიტეტის საკითხი“, - უმაღლესი წარმომადგენელი განმარტავს, რომ შესაბამისი შედეგები მოჰყვება, როდესაც ქვეყანა ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის პრივილეგიას იღებს, ხოლო ვალდებულებებს არ ასრულებს და მიღებული ზომებით საზოგადოებაც დაინახავს, რომ „მთავრობა არ დგას ევროპულ გზაზე და [ქვეყნის] კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს“.

კაია კალასმა ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე დაადასტურა, რომ უვიზო მიმოსვლის ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეასრულებს თბილისი კონკრეტულ რეკომენდაციებს კონკრეტულ ვადაში.

“საქართველოს გავუგზავნით წერილს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ასე რომ, მათ ექნებათ გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებაც მოუწევთ და თუ ამ ვადაში ეს პირობები არ შესრულდა, უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს", - უთხრა კაია კალასმა ჟურნალისტებს.

რადიო თავისუფლებამ მალევე დააზუსტა, რომ წერილში მითითებული ვადა 31 აგვისტომდე განისაზღვრა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილის შესახებ - რომელიც მათ ევროკავშირის ლიდერებს 14 ივლისს გაუგზავნეს.

წერილის ავტორების - ჩეხეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების - შეთავაზებაა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეეხოს “უპირატესად შერჩეულ ჯგუფებს საქართველოს თანამდებობის პირებს”, “ამას [ჯგუფებს] განსაზღვრავს ევროკომისია” და “ზიანი არ მიადგეს საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთბაშად”.

ამავე წერილში ხაზგასმულია აუცილებლობა - კარგად განიმარტოს როგორც თავად “ქართული ოცნებისთვის”, ასევე ქართველი ხალხისთვის, რომ ევროკომისიის მიერ განახლებული რეკომენდაციების შეუსრულებლობა გამოიწვევს უვიზო რეჟიმის შეწყვეტას და მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართული ოცნების” ხელისუფლებას.

წერილის ავტორები არიან ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავეცკი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადერფული, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბურდისი.

ევროკავშირის შიდა დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მინისტრების შეხვედრამდე მოიპოვა, მოცემულია “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გადასადგმელი 5 მთავარი ნაბიჯი, რასაც ვითარების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება შეუძლია:

1. რეპრესიების შეწყვეტა მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ;

2. რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება;

3. უსამართლოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლება და პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა;

4. ევროკავშირზე თავდასხმების შეწყვეტა;

5. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისა და დემოკრატიული პრინციპების მიმართ ერთგულების დადასტურება, არჩევნების შესახებ OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების საჩქაროდ შესრულების ჩათვლით.

“ქართული ოცნება” წინასწარ რეაგირებს

მთელ ამ პროცესს ისევ შანტაჟს უწოდებს მმართველი პარტია. სადავო პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ “ვიზალიბერალიზაციის შესრულების ფუნდამენტი მყარია”, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას “არანაირი საფრთხე არ ემუქრება” და რომ ამ საკითხს ცალკეული ქვეყნები მხოლოდ “პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად” იყენებენ. მანვე ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუკი ბრიუსელიდან წერილს მიიღებენ, ყურადღებით გაეცნობიან.

“დიალოგისთვის მზად ვართ, თუმცა საუბარი უნდა იყოს არა ხელის გადაგრეხით, კონკრეტული არგუმენტებით უნდა ვისაუბროთ, სად არის პრობლემა და რა შეიძლება ხელისუფლებამ გააკეთოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ საკითხს რაიმე რეალური საფრთხე არ შეექმნას. ყოველთვის იქნებიან სახელმწიფოები, რომლებიც ამ საკითხს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, საკითხს საფრთხე არ შეექმნას“, - ასე ციტირებს მახაშვილს პროსახელისუფლებო “იმედი”.

სადავო პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ამ ყველაფრის უკან ისევ ე.წ. დიპ სტეიტს ხედავს.

„ეს არის ის უსამართლო ინსტრუმენტი მათ ხელში, იმ არარჩეული ბიუროკრატების, იმ ე.წ. დიფ სთეითის მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსების, რომელი ინსტრუმენტის გამოყენებაც ვნახეთ - ყველას კარგად გვახსოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაგვიანება, შემდეგ მოლაპარაკებების არგახსნა, ეს ყველაფერი ხომ არის ამ არარჩეული ბიუროკრატების ხელში ბოროტი ინსტრუმენტი”, - კვარაცხელიამ დასძინა, რომ ვიზალიბერალიზაცია “ტექნიკური, სამართლებრივი ნაწილია” და საქართველო აქ მოწინავეა.

ევროკავშირში კი თვლიან, რომ საქართველომ დემოკრატიის გზიდან მკვეთრად გადაუხვია. “ჩვენ ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში”, “საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნიან ევროკავშირის გზას”, “ამ გზის გაგრძელება ნიშნავს ისტორიული შესაძლებლობის დაკარგვას, [საქართველო] გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი”, „პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას“ და დამატებითი ზომების მიღება აუცილებელია საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად.

  • უვიზო მიმოსვლის შეჩერებას კვალიფიციური უმრავლესობა [15 წევრი] სჭირდება. წინასწარი ცნობებით, საკითხის გასატანად საჭირო ხმების მოგროვება ძნელი არ იქნება.


რადიო თავისუფლების წყაროების ინფორმაციით, 9 ივლისს ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერების ინიციატივა შვედეთმა წამოაყენა და კიდევ ხუთმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, ამ საკითხის სერიოზულად განხილვის შესახებ. ესენი არიან: დანია, პოლონეთი, ლიეტუვა, საფრანგეთი და ესტონეთი. წინააღმდეგ წავიდნენ სლოვენია და საბერძნეთი. მათ მიუთითეს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება ტურისტული ვიზიტებისთვის მხოლოდ „უკიდურეს შემთხვევაში“ უნდა გამოიყენონ „საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეებზე მისი სავარაუდო უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით“.

19 ივნისს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ცდილობს, თავის აზრზე მოკავშირეებიც გადაიყვანოს, რათა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.

ტუსკმა მაშინ ორ ძირითად პრობლემაზე მიუთითა:

  • საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა - ვარშავას არ სურს, უვიზოდ უმასპინძლოს იმ ქვეყნების მოქალაქეებს, სადაც აუცილებელ სტანდარტებს არ იცავენ.
  • ორგანიზებული დანაშაულის რისკები "საქართველოს მსგავსი" ქვეყნებიდან. ვარშავა, უკვე თვეებია, მიუთითებს “იმპორტირებული კრიმინალის" კავშირზე საქართველოდან ჩასულ მიგრანტებთან.



სანქციები - კონსენსუსი ისევ არ არის

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 15 ივლისის შეხვედრაზე კონსენსუსი კვლავ ვერ შედგა ინდივიდუალურ სანქციებთან დაკავშირებით. კაია კალასმა შეხვედრის წინ განაცხადა, რომ დასასანქცირებელთა სიას ორი მოსამართლის გვარიც დაემატა, თუმცა მას დიდი იმედი არ გამოუხატავს, რომ მანამდე უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ არაერთხელ დაბლოკილი ამ საკითხის გატანა 15 ივლისის სხდომაზე მოხერხდებოდა.

  • პერსონალური [ფინანსური] სანქციების დაწესებას 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა [სრული კონსენსუსი] ესაჭიროება. რასაც ხელს უშლიან ძირითადად უნგრეთი და სლოვაკეთი.


სანქციების საკითხზე კონსენსუსს ევროკავშირის წარმომადგენლებმა ვერც 23 ივნისს, წინა შეხვედრაზე, მიაღწიეს, თუმცა, პრაქტიკის თანახმად, ევროკავშირი საკითხს კვლავ უბრუნდება და გამოცდილება იმასაც ცხადყოფს, რომ წარსულში ევროკავშირს არაერთხელ მოუხერხებია, მაგალითად, უნგრეთის დაყოლიება, მათ შორის - უკრაინის დახმარების საკითხზეც.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას ძირითადად ხელს უშლიან უნგრეთი და სლოვაკეთი.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მინისტრების საბჭოს სხდომამდე წერილი გაუგზავნა ევროკავშირის ლიდერებს - რომელშიც აღნიშნავს, რომ დრო აღარ ითმენს, რადგან “ვითარება კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა”; მკაფიო ნაბიჯების გადადგმა სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოსთვის, რომელიც “სწრაფად გარდაიქმნება კვაზი ტოტალიტარულ (თითქმის ავტორიტარულ) სისტემად”, ხოლო “რუსეთი ცდილობს ამ ქვეყნის დაქვემდებარებას ახალი ჰიბრიდული სტრატეგიით, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს, მასშტაბურ პროპაგანდასა და არაპირდაპირ ჩარევებს ეფუძნება”.

“სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა! ახლა აუცილებელია მორალური სიმტკიცე და პოლიტიკური სიცხადე. საქართველოს დემოკრატიული მომავალი, ევროპის სანდოობა და გეოპოლიტიკური მთლიანობა ბეწვის ხიდზეა”, - წერს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ახლო წარსულში სხვადასხვა სახით აკრიტიკებდა კიდეც ევროკავშირს - არასაკმარისი რეაგირების გამო.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG