საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს 15 ივლისს დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ, წერილს უგზავნის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ევროკავშირის ვიცეპრეზიდენტსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს.
წერილში ზურაბიშვილი ყურადღებას ამახვილებს შექმნილ "უკიდურესად შემაშფოთებელ შიდაპოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც ვდგავართ იმ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს და შესაბამისად, თქვენს სერიოზულ ყურადღებასა და რეაგირებას იმსახურებს".
სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ "დემოკრატიის დაჩქარებულ უკუსვლასთან" ერთად "ქვეყანა სწრაფად გარდაიქმნება კვაზი ტოტალიტარულ (თითქმის ავტორიტარულ) სისტემად" და რომ "რუსეთი ცდილობს ამ ქვეყნის დაქვემდებარებას ახალი ჰიბრიდული სტრატეგიით, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს, მასშტაბურ პროპაგანდასა და არაპირდაპირ ჩარევებს ეფუძნება".
მისი სიტყვებით "მსგავსი, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებელი, მცდელობები რუსეთს უკვე ჰქონდა მოლდოვაში, რუმინეთში, სერბეთსა და სხვა ქვეყნებში, რაც ნათლად მიუთითებს როგორც რეგიონის მიმართ დამოკიდებულების სტრატეგიული გადახედვის საჭიროებაზე, ასევე, როგორ უნდა აღვუდგეთ და ვუპასუხოთ რუსეთის ახალ სტრატეგიებს"
წერილში ის საუბრობს "პოზიტიურ დინამიკაზე" "სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის" ურთიერთობებში "რომელსაც რუსეთი პირდაპირი ზეგავლენით ვეღარ აჩერებს", და "ცდილობს ამ პროცესებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლის გზით შეეწინააღმდეგოს".
"ქვეყნის მმართველი რეჟიმი, რომელიც პოლიტიკურად რუსეთის დიქტატსაა დაქვემდებარებული, ჩინური ინვესტიციებისთვის ეკონომიკურ გზებს ხსნის შავი ზღვისპირეთში, მათ შორის, ანაკლიის პორტში, რითაც იქმნება კონკურენცია ევროპული და დასავლური ინვესტიციებისთვის, ეს კი ასევე რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამება", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ის აღნიშნავს, რომ "ვითარება კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. თუ ევროკავშირი ვერ მოახდენს რეაგირებას მკაფიოდ, ერთიანად და კონკრეტული შედეგებით, იგი არა მხოლოდ დაკარგავს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ შექმნის სახიფათო პრეცედენტს, როცა ევროპის მეზობლად დემოკრატიის უკუსვლასა და რუსეთის ჩარევას არავინ დაუპირისპირდება".
შესაბამისად, 2025 წლის 15 ივლისს დაგეგმილი საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის წინ, გადაუდებლად მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს:
- "შეაფასეთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, როგორც ავტორიტარული გზით ძალაუფლების მიტაცება და რუსეთის მოკავშირეობისკენ მკაფიო სტრატეგიული გადასვლა.
- მკაფიოდ და უპირობოდ დაუჭირეთ მხარი ქართველ ხალხს, რომელიც ევროპული დროშებით ხელში უპირისპირდება სისასტიკესა და შიშს. ნაკლები რეაგირება ნიშნავს იმ ერის მიტოვებას, რომელმაც არასდროს დაკარგა საკუთარი მიზანი გახდეს ევროპული ოჯახის წევრი;
- იმოქმედეთ კოორდინირებული პოლიტიკური ნაბიჯებით: მკაფიოდ, ერთსულოვნად და ქმედითად, როგორც ამას ევროპარლამენტის რეზოლუციები მოითხოვს. ამ ეტაპზე ყოველგვარი დაგვიანება ნიშნავს ავტორიტარიზმისა და რუსეთის ზეგავლენის წინაშე დანებებას.
სტრატეგიული მოთმინების დრო ამოიწურა! ახლა აუცილებელია მორალური სიმტკიცე და პოლიტიკური სიცხადე. საქართველოს დემოკრატიული მომავალი, ევროპის სანდოობა და გეოპოლიტიკური მთლიანობა ბეწვის ხიდზეა."
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა 15 ივლისს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე დაადასტურა, რომ განიხილება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული “სერიოზული უკუსვლის” გამო.
15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ - მათ შორის, „მნიშვნელოვნად გაუარესებულ“ მდგომარეობასა და "ქართული ოცნების" პოლიტიკის საპასუხო ზომებზე.
"ქართული ოცნების" ლიდერები ევროკავშირისა და მისი ლიდერების კრიტიკას ე.წ. დიპ სტეიტს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ “როგორც საქართველოს სჭირდება ევროპა, ისე, არანაკლებ, ევროკავშირსაც სჭირდება საქართველო”.
"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, კი ქართველი ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ მან არ დააბრუნა ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა, არის „აბსოლუტურად სამარცხვინო ქმედება“.
ფორუმი