Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაემატებიან თუ არა მოკლული პედაგოგის საქმეს ახალი ბრალდებულები?


გიგა ავალიანს 1 ოქტომბერს სახლთან ახლოს სცემეს. 23 დღის შემდეგ ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
გიგა ავალიანს 1 ოქტომბერს სახლთან ახლოს სცემეს. 23 დღის შემდეგ ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მოკლედ

  • რა მოხდა 1 ოქტომბრის ღამეს?
  • ვინ არიან საქმის ბრალდებულები და რას ედავება მათ გამოძიება?
  • რას ითხოვს ოჯახი და რას ჰყვება მისი ძმა?
  • რა პასუხი აქვს პროკურატურას?
  • დააკავებენ თუ არა ახალ ბრალდებულებს?
  • რა მოხდება დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში?

სასტიკი ცემის შედეგად დაღუპული 28 წლის პედაგოგის, გიგა ავალიანის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ მალე საქმეს კიდევ ორი არასრულწლოვანი ბრალდებული დაემატოს. პროკურატურა ამ საქმეში კვლავ იძიებს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის კვალს.

გამოძიებას ამოღებული აქვს ათზე მეტი ტელეფონი. გაშიფრული აქვს მიმოწერა ხუთ არასრულწლოვანს შორის და როგორც დაღუპული პედაგოგისა და ექიმის ძმა, ნიკა ავალიანი, ეუბნება რადიო თავისუფლებას, არ არის გამორიცხული, რომ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავონ.

რა მოხდა 1 ოქტომბრის ღამეს?

გამოძიების თანახმად, 28 წლის გიგა ავალიანს თემქის დასახლებაში, სახლთან ახლოს, 17 წლის არასრულწლოვანი ფიზიკურად გაუსწორდა.

ძალადობა ტელეფონით გადაიღო მასთან ერთად მყოფმა კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა - 16 წლის მოზარდმა. ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სასტიკად ნაცემი გიგა ავალიანი ღამის 11 საათისთვის იქვე მცხოვრებმა ბავშვებმა უგონოდ იპოვეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

როგორც ნიკა ავალიანი გვიყვება, კლინიკაში მიყვანისას ექიმებს მისი ძმა „მარტივ კითხვებზე“ პასუხობდა. საავადმყოფოში შეყვანიდან 4 საათში, თავზე პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. რამდენიმე დღეში - მეორე. გიგა ავალიანმა 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, მისი სიკვდილის მიზეზი თავის ტვინის დაზიანება გახდა - "ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით".

ვინ არიან დაკავებულები და რას ედავება მათ გამოძიება?

17 და 16 წლის მოზარდები პოლიციამ 26 ოქტომბერს დააკავა.

28 ოქტომბერს 17 წლის მოზარდს ბრალი წარედგინა „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების“ გამო, რამაც „სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“.

მეორე დაკავებულს, 16 წლისას, ბრალი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წაუყენეს.

გამოძიება დანაშაულის მოტივად ასახელებს 17 წლის მოზარდის „მეგობარ გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას და ეჭვიანობას“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 16 წლის გოგო გიგა ავალიანის მოსწავლე იყო და სწორედ მან შეატყობინა შეყვარებულს მასწავლებლის მხრიდან „არასასურველი კომუნიკაციის“ შესახებ.

16 წლის გოგოს სახელითა და გვარით, სოციალურ ქსელში პირველი პოსტი გიგა ავალიანის გარდაცვალებიდან ორ დღეში გამოქვეყნდა: „ხალხო, ძალიან ვწუხვარ, არ მინდოდა, შეყვარებულმა მაიძულა. ვიზიარებ მისი ახლობლების მწუხარებას“.

მეორე პოსტი 18 ნოემბერს, მას შემდეგაა გამოქვეყნებული, რაც გიგა ავალიანის ოჯახის წევრები გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურასთან მივიდნენ და დაკავებული მოზარდებისთვის ბრალის დამძიმება, გამოძიებასთან დაგროვებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვეს.

16 წლის მოზარდის სახელითა და გვარით გამოქვეყნებულია დაკავებულების ფოტოები მინაწერით - „მათ მოკლეს, მე არ მომიკლავს“.

ეკუთვნის თუ არა სოციალურ ქსელში ეს კონკრეტული პროფილი და პოსტები 16 წლის გოგოს, ამის გადამოწმებას რადიო თავისუფლება ვერ ახერხებს. სოციალური ქსელის ამ პროფილზე სხვა პოსტები და ფოტოები არ იძებნება. არ არის გამორიცხული, რომ ეს ე.წ. ყალბი ანგარიში იყოს.

რას ითხოვს გარდაცვლილი პედაგოგის ოჯახი?

გიგა ავალიანის ოჯახი არ ეთანხმება მოზარდებისთვის პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და ამბობს, რომ გამოძიება ამ საქმეზე უფრო მძიმე, ჯგუფური დანაშაულის მუხლით უნდა დაწყებულიყო.

იმ დაზიანებებიდან გამომდინარე, რომლებიც გიგა ავალიანს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში ჰქონდა მიყენებული, ოჯახი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა კაცს ფიზიკურად გაუსწორდა არა ერთი მოზარდი, არამედ მასთან ერთად მყოფი მეორე არასრულწლოვანიც, რომელიც ცემის დროს ვიდეოსაც იღებდა. მას გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, გამოძიება ახლა მოკლებულია შესაძლებლობას, რომ დაკავებულ არასრულწლოვანებს ბრალი დაუმძიმოს, რადგან ეს კოდექსი გამომძიებლებს საქმის გამოსაძიებლად და ბრალის წარსადგენად შემჭიდროებულ ვადებს, 40-დღიან პერიოდს უწესებს. ეს ვადა კი უკვე ამოწურულია.

„ჩემს ძმას არაერთი დაზიანება ჰქონდა და ეს დაზიანებები ვერ იქნებოდა მიყენებული ვერც მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ და ვერც მხოლოდ ხელით. ყბაში ხელის დარტყმით ადამიანს თავის ქალის ძვალს ვერ გაუტეხ“, - ამბობს ნიკა ავალიანი, მოკლული პედაგოგის ძმა, რომლის თქმითაც, საქმეში არ დევს დაზიანებების სრულყოფილი აღწერა.

მისივე თქმით, საქმეში არ დევს დაზიანებების ამსახველი ფოტომასალაც, რომელიც კლინიკაში მისულმა პოლიციის წარმომადგენელმა გადაიღო:

ნიკა ავალიანი ძმასთან, გიგა ავალიანთან ერთად. ფოტოზე მარცხნივ გიგა ავალიანი.
ნიკა ავალიანი ძმასთან, გიგა ავალიანთან ერთად. ფოტოზე მარცხნივ გიგა ავალიანი.

„არც სახის დაზიანებები, არც მარცხენა ხელის, მუხლის დაზიანება. თავის უკანა მხარის მძიმე დაზიანება. მხოლოდ საუბარი იყო შუბლის დაზიანებაზე და სახის ნაკაწრზე. მნიშვნელოვანი დაზიანებები, რომლებიც საქმეში გამოკვეთდა გაცილებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს და რომლებსაც ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა ბრალის კვალიფიკაციის განსაზღვრისას, არ იყო აღწერილი.

მრავლობითი დაზიანება მიანიშნებს, რომ ჩემმა ძმამ არა ერთი, არამედ რამდენიმე დარტყმა მიიღო და მათ შორის, არა ერთი ადამიანისგან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკა ავალიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ მისი ძმა ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი გახდა.

„19-წამიან ვიდეოში, რომელიც საქმეში დევს, ჩანს, რომ ის არასრულწლოვანი, რომელიც დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და რომელიც ცემის დროს ვიდეოს იღებდა, ჩემს ძმას აყენებს როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ისე სახეში ულაწუნებს. როდესაც ვიდეოშიც ჩანს, რომ ეს არასრულწლოვანიც აგრესიულია, როდესაც ჩემს ძმას ასეთი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, ამ არასრულწლოვანზე მხოლოდ შეუტყობინებლობის მუხლით არ უნდა დაწყებულიყო გამოძიება".

საქმეში დევს გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, რომლებშიც, ნიკა ავალიანის თქმით, ჩანს დანაშაულის ადგილისკენ ჯერ მიმავალი და შემდეგ იქიდან მომავალი ორი არასრულწლოვანი:

„ჩანაწერებზე დაფიქსირებული დროის მონაკვეთის მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისინი ჩემს ძმას დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში უსწორდებოდნენ. ის 19-წამიანი ვიდეო კი ცხადია, ვერ ასახავს სრულ სურათს“.

საქმის მასალებზე დაყრდნობითვე, ნიკა ავალიანი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ დანაშაული რამდენიმე დღის განმავლობაში იგეგმებოდა. მისი თქმით, ამას ადასტურებს წაშლილი მიმოწერები, რომლებიც გამოძიებამ არასრულწლოვანების ტელეფონებიდან ამოიღო.

გიგა ავალიანის ძმა ამბობს, რომ მოზარდები ასევე გეგმავდნენ დედის მიმართ ძალადობასაც:

„ხუთი არასრულწლოვნის მიმოწერაზეა ლაპარაკი. სწერდნენ ერთმანეთს, როგორ უნდა მოქცეოდნენ ჩემს ძმას. ამ მიმოწერაში აყენებდნენ მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. გეგმავდნენ, როგორ უნდა მოსულიყვნენ სახლთან, რა ტიპის დაზიანებები უნდა მიეყენებინათ ჩემი ძმისთვის, რომ მას ჩივილი ვერასდროს მოეხერხებინა. რაც დაზუსტებით ვიცით, მათ შორის სამი ბიჭია, აქედან ორი უკვე დაკავებულია.

ეს სამი არასრულწლოვანი წინა დღეებში ჩემს ძმას უთვალთვალებდნენ. რაკი ჩემი ძმა იმ დღეებში დედაჩემთან ერთად დადიოდა, შესაბამისად, გეგმა ჩაუვარდათ. თუმცა 1 ოქტომბრის [დანაშაულის დღეს რ.თ.] ბოლო მიმოწერებში საუბარი აქვთ, რომ თუკი დღესაც იმ ქალთან ერთად იქნება, მაშინ ამ ქალსაც ჩამოვაცვათ თავზე ტომარა და ანალოგიური დავმართოთო. ანუ აპირებდნენ დედაჩემის დაზიანებასაც“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნიკა ავალიანი.

რა პასუხი აქვს პროკურატურას?

გამოძიების მიმდინარეობის, შესაძლო ახალი ბრალდებულების, ოჯახის მოთხოვნების შესახებ კითხვებზე პასუხების მოსაძიებლად პროკურატურას მივმართეთ, თუმცა მათგან უკუკავშირი რადიო თავისუფლებას არ მიუღია.

მოგვიანებით, დღის ბოლოს, უწყებამ სოციალურ ქსელში გიგა ავალიანის საქმეზე "საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე" გაავრცელა განცხადება, რომელშიც 1 ოქტომბერს თემქაზე მომხდარის დეტალებზე წერს.

განცხადებაში არასრულწლოვანების სახელები და გვარები სრულადაა მითითებული.

პროკურატურა ირწმუნება, რომ ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა გიგა ავალიანს მხოლოდ ერთხელ ჩაარტყა მუშტი და შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ; არაფერია ნათქვამი სხვა დაზიანებებზე:

"22:15 საათზე, არასრულწლოვნები (სახელი, გვარი) და (სახელი, გვარი) (ერთ-ერთის) მეგობარ გოგონასთან კომუნიკაციისთვის ეჭვიანობის გამო, უკან გაჰყვნენ ქ.თბილისში, ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მიკრო-რაიონის მე-5 კვარტლის კორპუს N25-ში მდებარე სასწავლო ცენტრიდან გამოსულ გიგა ავალიანს. დაახლოებით 800 მეტრის გავლის შემდეგ 22:20 საათზე, (სახელი, გვარი) მიუახლოვდა გიგა ავალიანს და შემობრუნებისთანავე შუბლის არეში დაარტყა მუშტი, რასაც მისი თანმხლები (სახელი და გვარი) ტელეფონით იღებდა. დარტყმისთანავე გიგა ავალიანი დაეცა და გონება დაკარგა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ".

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ არიან დაკავებული სხვა არასრულწლოვანები, პროკურატურა წერს:

"საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდნენ, რაც უტყუარად დასტურდება არსებული ვიდეოჩანაწერებით.

გამოძიება გრძელდება და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება რომელიმე სხვა პირის პასუხისმგებლობის საფუძველი, იქნება ეს დანაშაულის ორგანიზებისა თუ სხვა ნებისმიერი დანაშაულებრივი მიმართულებით, ბუნებრივია ბრალდების მხარის მიერ მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - წერს პროკურატურა.

გიგა ავალიანი იყო თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის, „ვეკუას სკოლის“ კურსდამთავრებული. მისი გარდაცვალების დღეს სკოლა წერდა:

„უპასუხისმგებლო 16-17 წლის ახალგაზრდების სისასტიკეს შეეწირა კეთილშობილი, მიზანდასახული, განათლებული ექიმის, გიგა ავალიანის, სიცოცხლე. ქვეყანამ დაკარგა ღირსეული მოქალაქე, რომელსაც ბევრი კეთილი სურვილი, ნატვრა თუ ოცნება დარჩა განუხორციელებელი“.

რა მოხდება დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში?

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 24 ნოემბერსაა დანიშნული.

სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილი, ანუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, ბრალის დამტკიცებისა და სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში, 17 წლის არასრულწლოვანს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ერთი მეოთხედით შეუმცირდება სასჯელი 16 წლის მოზარდსაც, რომელსაც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულს, ანუ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ეს კანონდარღვევა სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG