მელიას 20 ივნისს წარუდგინეს ახალი ბრალი და 20 ივნისსვე მეორედ შეუფარდეს პატიმრობა. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
მელია სხდომას არ დასწრებია.
„სასამართლოს უპატივცემულობა“, - რა მუხლითაც მას ბრალი წარედგინა, - ორ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება წინა ბრალდებას, - კომისიაზე გამოუცხადებლობას, - პატიმრობის მაქსიმალური ვადა ერთი წელია.
ნიკა მელია ერთ-ერთია იმ ოთხ პოლიტიკოსს შორის, (ირაკლი ოქრუაშვილი, ზურა გირჩი ჯაფარიძე და ნიკა გვარამია), რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ იმ საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
ამ კომისიის მიზანი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების შესწავლაა - ნიკა მელია, ისევე როგორც ზურა ჯაფარიძე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლის შემდეგ შეუერთდნენ, როცა პარტია უკვე ოპოზიციაში იყო. 2012 წლამდე მათ პოლიტიკური თანამდებობები არ ჰქონიათ.
29 მაისს, სასამართლო სხდომის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე, მელია თბილისში, ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს - მიზეზად დასახელდა პოლიციელის შეურაცხყოფა.
30 მაისს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკოსმა მოსამართლეს ჰკითხა, რატომ არ ინტერესდებოდა მისი დაკავების დეტალებით.
„ადამიანს არ აინტერესებს, გატაცებული ვიყავი თუ არა, შუშის თვალებით იყურება. თანამონაწილე ხართ, დანაშაულებრივი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელსაც კითხვა არ უჩნდება, ვინ გამიტაცა“, - თქვა მელიამ სასამართლო დარბაზში და მოსამართლეს ბოთლით წყალი შეასხა.
ფორუმი