თორნიკე რიჟვაძე - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალეკო ახვლედიანის სტუმარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკაში მიყვანისას გულმკერდის არეში იყო დაჭრილი. ახვლედიანი დაკავებულია - იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით.
სახელისუფლებო მედიამ გაავრცელა წერილი, რომელზეც თქვეს, რომ თორნიკე რიჟვაძის დაწერილია და ტანსაცმელში მას სამედიცინო პერსონალმა აღმოუჩინა. ეს განცხადებები წერილის ექსპერტიზის ჩატარებამდე გაკეთდა.
ტექსტის ნამდვილობის დადასტურება ასე სწრაფად შეეძლო მხოლოდ დაჭრილს - რომელიც ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია.
რიჟვაძის გარშემო განვითარებული მოვლენები პოლიტიკურ ოპონენტებსა და ექსპერტებს მრავალ შეკითხვას უჩენს და მით უფრო, საერთო სურათის გათვალისწინებით - თორნიკე რიჟვაძე ერთ-ერთი პირველი იყო მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადადგნენ.
როგორ გავრცელდა წერილი
თორნიკე რიჟვაძის დაჭრის ფაქტის გახმაურების შემდეგ, 7 ივლისს, პროსახელისუფლებო მედიამ მალევე გაავრცელა ცნობები მის ტანსაცმელში “სამედიცინო პერსონალის” მიერ აღმოჩენილი წერილის შესახებ, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზად დასახელებულია მის მიმართ ბრალდებები „კორუფციასა და ბარიგების მფარველობაში“ და ხაზგასმულია იმედი, რომ - რიჟვაძის ნათესავებს ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე დაიცავენ.
აქცენტები რიჟვაძის სახელით გამოქვეყნებული წერილიდან:
- „ალეკო [სავარაუდოდ - ახვლედიანი, მასპინძელი - რ.თ. ] არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე [სავარაუდოდ - იარაღი]. ეს კაცი ძმობის მაგალითია”.
- “მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას ( კორუფციას და ბარიგების მფარველობას ) რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე - დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც”;
- “პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს”;
- “მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში”.
- "დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე მაგდას და ელის. დედა მიყვარხარ".
- "მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ".
- "ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს".
“ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები - ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“, - აღნიშნულია ტექსტში, რომლის სრულ ვერსიასაც „იმედი“ ავრცელებს.
წერილის შინაარსიდან გამომდინარე გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლო ზეწოლა უკავშირდება არა მხოლოდ თორნიკე რიჟვაძეს, არამედ მის მეგობრებს, თანამშრომლებსა და ოჯახის წევრებს.
წერილის ნაწყვეტი თავდაპირველად “პრაიმ ტაიმმა” გამოაქვეყნა - რასაც ეყრდნობოდა პროსახელისუფლებო “იმედი” 11:00 საათზე, საინფორმაციო გამოშვების პირველ სიუჟეტში, ხოლო გადაცემის ბოლოს “იმედის” წამყვანმა გამოაცხადა, რომ - “ქრონიკამ მოიპოვა თორნიკე რიჟვაძის სრული წერილის შინაარსი” და ტექსტი სრულად წაიკითხა.
უკვე 14:00 საათიან გამოშვებაში - “იმედმა” აჩვენა ხელნაწერიც - ერთ ფურცელზე დატეული ტექსტი. წამყვანმა გაიმეორა, რომ ეს თორნიკე რიჟვაძის წერილია, ხოლო სიუჟეტებში ახსენებდნენ სიტყვას - “სუიციდი”.
წერილი ნახსენები არ იყო შს სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
- შს სამინისტროს ვკითხეთ: ნამდვილად არის თუ არა აღმოჩენილი წერილი რიჟვაძის ტანსაცმელში და ვინ მიაწოდა ის პროსახელისუფლებო მედიას. შეგვპირდნენ - დაზუსტებას, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.
- მოგვიანებით, ისევ ტელეკომპანია “იმედმა” გამოაცხადა, რომ შს სამინისტროს “საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით ამოღებულია წერილი და დაინიშნება ექსპერტიზა”.
- ამის შემდეგ, შს სამინისტროს ისევ დავუკავშირდით - წერილის შესახებ შეკითხვები კვლავ უპასუხოდ დარჩა. გვითხრეს, რომ - დამატებით ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.
თორნიკე რიჟვაძე, 7 ივლისს, ჯერ საგარეჯოს კლინიკა “ჯეო ჰოსპიტალსში” მოხვდა, სადაც მას - ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო შემდეგ თბილისში გადაიყვანეს - პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ორივე საავადმყოფოში კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ტანსაცმელში ნაპოვნი ნივთები მედიისთვის გადაეცათ.
“პირველ რიგში - გამოძიებამ უნდა დაადგინოს - ავთენტურია თუ არა ეს წერილი, ზუსტად ვინ დაწერა და დაიწერა თუ არა თავისუფალი ნების ქვეშ…
გამოძიების ფარგლებში ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება უნდა ტარდებოდეს მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, რომ საქმეში შესაძლო მნიშვნელობის მტკიცებულება არ განადგურდეს. წარმოვიდგინოთ, ამ მედდას რომ ჩაეთვალა, რომ ეს ინფორმაცია [წერილი - რ.თ.] არ არის რელევანტური და გადაეგდო. ხომ შეიძლებოდა?! გამოძიება არ უნდა იყოს დამოკიდებული მედდის კეთილ ნებაზე ან გონიერებაზე”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი გურო იმნაძე. წერილთან დაკავშირებით მას შეკითხვები აქვს. ეეჭვება, რომ მედიას წერილს მედდა გადასცემდა.
რიჟვაძის მასპინძელი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი - ალექსანდრე ახვლედიანი დაკავებულია - სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე [ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა] მუხლით. ხოლო თავად რიჟვაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით - გამოძიება მიმდინარეობს - 115-ე [თვითმკვლელობამდე მიყვანა] მუხლით.
ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იმდენად ცუდად გრძნობს, რომ მასთან საგნობრივი გასაუბრება ვერ მოახერხა და ვერც შეკითხვები დაუსვა..
გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში დაჭრილი რიჟვაძე თავად ახვლედიანმა მიიყვანა, მანამდე კი მის სახლში სუფრა იყო გაშლილი.
თუკი ეს თვითმკვლელობის მცდელობაა
თორნიკე რიჟვაძის სახელით გამოქვეყნებული წერილის შინაარსის შეფასება შს სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს, იურისტ გოგა ხატიაშვილს ვთხოვეთ - რას ეუბნება მას გამოქვეყნებული ტექსტი, როგორც იურისტს?
“ამ წერილით შეიძლება დავასკვნათ, რომ ზეწოლა შესაძლოა ყოფილიყო არა კერძო პირების, არამედ გავლენიანი ფიგურების მხრიდან, შესაძლოა ყოფილიყვნენ “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულებიც ანდა შესაძლოა - მათი წრიდანაც და ამიტომ იყო ეს ზეწოლა მისთვის საკმაოდ სერიოზული და მძიმე და სწორედ ამიტომ არ ჰქონდა იმედი სამართალდამცველების რეაგირების”, - გოგა ხატიაშვილს რჩება განცდა, რომ “ეს ზეწოლა, რაზეც ის [წერილის ავტორი] საუბრობს - არის არა ერთჯერადი, იზოლირებული ქმედება, არამედ განგრძობადი ქმედება, რომელმაც ის ასეთ გადაწყვეტილებამდე [სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობა] მიიყვანა” და სვამს კიდევ ერთ შეკითხვას - ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ გამოხატულ იმედთან დაკავშირებით:
“ასე დისტანციურად რატომ სთხოვს მათ [ივანიშვილსა და კობახიძეს - რ.თ.] დახმარებას და თუ ასეთი სერიოზული ზეწოლა იყო მასზე, რატომ მანამდე, თუნდაც პირისპირ კომუნიკაციის გზით არ ითხოვა ეს დახმარება?!” - აქვეა ვარაუდი, რომ შესაძლოა შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ.
გოგა ხატიაშვილი ასევე გვეუბნება, რომ ამ საქმის გამომძიებელი რომ იყოს, გაჰყვებოდა ყველა დასახელებულ დეტალს და აუცილებლად განიხილავდა მკვლელობის ვერსიასაც, რადგან პრაქტიკაში არაერთი საქმით დასტურდება, რომ “თვითმკვლელობამდე მიყვანის” მუხლით დაწყებული გამოძიება ბოლოს მკვლელობის დადასტურებით სრულდება.
აზრი ორად იყოფა
თორნიკე რიჟვაძის გარშემო განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ზოგი ფიქრობს, რომ სისტემა მის მოშორებას ცდილობდა; ხოლო ზოგის აზრით, ამავე მოვლენების გამო - თორნიკე რიჟვაძეს საკმაო მიზეზი ჰქონდა - ყოფილიყო მძიმე მდგომარეობაში და თვითმკვლელობაზეც კი ეფიქრა.
“ქვეყანაში სრული განუკითხაობაა! ყველაფრის უფლება საკუთარ ხელში აიღეს იმ ადამიანებმა, ვისაც „მმართველი პარტია“ ჰქვია. დაწერილი სცენარებითა და მოგონილი ზღაპრებით ჰგონიათ, რომ ხალხის მოტყუება შესაძლებელია”, - დაწერა ფეისბუკზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ “ამ ყველაფერში ჩანს რუსული კვალი”, “ევროპულ მომავალზე უარის თქმას ლოგიკურად მოჰყვება ეს მაფიოზური „მმართველობა“” და რომ “დღეს ამ ქვეყანაში ყველა საფრთხეშია! დაცული არავინაა!”.
“შექმნილი ვითარება — ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება, ძალადობის მუქარა ან სავარაუდო მიყვანა თვითმკვლელობამდე, ცნობადი ბიზნესმენების დემონსტრაციული რეკეტი — ნიშნავს ერთს: სახელმწიფო დანგრეულია!” – აღნიშნავს მეხუთე პრეზიდენტი.
რა იყო მანამდე?
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან თორნიკე რიჟვაძე 4 აპრილს გადადგა და ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა. მის ადგილას კი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი დაინიშნა - 7 აპრილს. თამაზაშვილი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული.
ამავე პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია სამსახურიდან თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის გაშვების შესახებ. არცთუ შორეულ წარსულში, აჭარის ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, დავით რიჟვაძეს - ოპოზიცია მათი წარმომადგენლების მუქარასა და მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებდა.
ბოლო პერიოდში სხვადასხვა წყარო ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ყოფილი თანამდებობის პირებისგან და ყოფილი მოკავშირეებისგან ბიძინა ივანიშვილი “მოპარული ფულის” ამოღებას ცდილობს.
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დასახელებული სქემით - თორნიკე რიჟვაძეს მოსთხოვეს 300 მილიონი, რაზეც უარი განაცხადა და სწორედ ამის გამო მოხდა - თანამდებობებიდან მისი გაშვება, თავის გარემოცვიანად;
- თუმცა რიჟვაძე გადახდის გრაფიკზე დათანხმდა და ამიტომ “ჯერჯერობით თავისუფალია”.
ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი გადამოწმება ან დადასტურება ვერ ხერხდება.
რიჟვაძესთან ერთად, ხაბეიშვილის სიაში დასახელებული იყო სუსის ყოფილი უფროსი - გრიგოლ ლილუაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა.
24 ივნისს, სუსის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა, სადავო პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ გაუგებარია - როგორ გამოეპარა მიქაუტაძის დანაშაული სუსს. ეს განცხადება ხაბეიშვილმა სწორედ მის ხელთ არსებული ინფორმაციის დასტურად ჩათვალა.
სუსის უფროსად აპრილში დამტკიცებული ოხანაშვილი გულისხმობდა სამსახურს - მისი წინამორბედის, გრიგოლ ლილუაშვილის ხელმძღვანელობით. ამ დრომდე ბუნდოვანია, წავიდა თუ გაუშვეს ლილუაშვილი.
2 ივლისს, “ქართული ოცნების” პარლამენტში მეორე მოსმენით ერთხმად დაამტკიცეს კანონი, რომელიც “თეთრი საყელოს” [მათ შორის - სამოხელეო] დანაშაულებისთვის, დაზარალებულის სასარგებლოდ ქონების სრულად ჩამორთმევის საშუალებას იძლევა და ეს ქონება შესაძლებელია იყოს როგორც თავად ზარალის მიმყენებლის - ასევე მისი ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ადამიანის.
ასევე - შესაძლოა დაიჭირონ ნებისმიერი [მათ შორის ოჯახის წევრებიც] - თუკი ის დაშვებულზე მეტით დაეხმარებიან ციხიდან გამოსულ ადამიანს.
კონკრეტული დანაშაულების ჩამონათვალმა იურისტებს გაუჩინა მოლოდინი, რომ ისრები ძირითადად "ქართული ოცნების" ყოფილი მოკავშირეებისა და თანაგუნდელებისკენ იქნება მიმართული - რათა მათ "სხვადასხვა გზით წაღებული ფული დააბრუნონ".
დისტანცირება
7 ივლისს, თორნიკე რიჟვაძის ყოფილი გარემოცვის წევრები, რომლებიც მანამდე მას “აღმერთებდნენ” - მედიასთან კომენტარებს არ აკეთებდნენ და მას არც ჯანმრთელობას უსურვებდნენ.
ზოგმა ფეისბუკიდან მასთან გადაღებული ფოტოებიც წაშალა.
თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე - ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც რიჟვაძის მსგავსად - პოსტიდან დეკლარირებულად საკუთარი ნებით გადადგა და მიზეზად ოჯახის მიმართ მეტი მზრუნველობის საჭიროება დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილი საავადმყოფოში მეუღლესთან ერთად მივიდა და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.
თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2018 წელს გახდა და პოსტს ინარჩუნებდა ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერების შემდეგაც. ბევრი ჰყვებოდა მათი განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ.
შემთხვევას მძიმე უწოდა, ხოლო თორნიკე რიჟვაძეს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა სადავო პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტებთან, ბრიფინგზე და თქვა, რომ - “შინაგან საქმეთა მინისტრი იყო შემთხვევის ადგილზე [საგარეჯოში]” და “გამოძიება შეეცდება დაადგინოს ყველა დეტალი”. თავად გელა გელაძის კომენტარი არ გავრცელებულა.
კლინიკაში მივიდა “ქართული ოცნების” ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. მან მომხდარს “ძალიან მძიმე”, “შოკისმომგვრელი”, “თავზარდამცემი” უწოდა; თქვა, რომ საბედნიეროდ - ორგანოებიდან მხოლოდ ფილტვია დაზიანებული და ექიმები აკეთებენ ყველაფერს დაჭრილის გადასარჩენად. ექიმების თქმით - დადებითი დინამიკა შეინიშნება, თუმცა მდგომარეობა კვლავ მძიმეა და თორნიკე რიჟვაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება.
მომხდარს არ გამოხმაურებიან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე, რომელთა მიმართ იმედიც რიჟვაძის სახელით გამოქვეყნებულ წერილშია გამოხატული.
ფორუმი