თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მეგობრობა და პარტნიორობა სურს მათთან, ვისაც დღეს "დიპ სტეიტს" უწოდებს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმაც ილაპარაკა, - პროსახელისუფლებო "რუსთავი 2"-ის ეთერში.
საგარეო უწყებაში უცხოელი დიპლომატების შეკრების დრო და მიზანი - შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გამოცხადდა - „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები“.
უცხოელ დიპლომატებს მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა. თუმცა მალევე, კომენტარი მედიასთან გააკეთა არა მან, არამედ - თავად ბოჭორიშვილმა.
20-წუთიანი შეხვედრა
„ქართული ოცნების“ საგარეო უწყებაში 11:00 საათისთვის დაბარებული ელჩები 20 წუთში უკვე ტოვებდნენ შენობას - უკომენტაროდ, სწრაფი ნაბიჯებით, ბოდიშებით მედიასთან.
მიკროფონებთან მხოლოდ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი გაჩერდა. მან თქვა, რომ უწყებაში მიწვეული იყო, კოლეგა ელჩებთან ერთად; მოისმინეს ოფიციალური შეფასებები - „რაც მოხდა არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში“; ხოლო რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას, ელჩმა თქვა, რომ ყველაფერი უკვე ნათქვამია.
„ევროკავშირის შეფასება არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი სიტუაციის შეფასებები ძალიან ნათლად არის ასახული უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და ევროკომისარ კოსის ოფიციალურ განცხადებაში. ჩემი მხრიდან დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - პაველ ჰერჩინსკის არ უთქვამს, მოსთხოვეს თუ არა პირადად მას - გაემიჯნოს „დამხობის მცდელობას“ - რასაც მისგან “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი 4 ოქტომბერს, საჯაროდ ითხოვდა - “გამოვიდეს [ელჩი ჰერჩინსკი], კეთილი ინებოს, გაემიჯნოს და მკაცრად დაგმოს ის ყველაფერი, რაც ხდება თბილისის ქუჩებში”-ო.
ირაკლი კობახიძემ, 4 ოქტომბერს, ბრიფინგზე ისიც თქვა, ევროკავშირის პრესსპიკერმა მხარი დაუჭირა აქციას, რომელიც “კონსტიტუციური წყობილების დამხობის“ მიზნით დაიგეგმა და ამიტომ “განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოში ევროკავშირის ელჩს”-ო.
გამიჯვნა ელჩებს 7 ოქტომბერს "ოცნების" საგარეო უწყებაშიც მოსთხოვეს.
ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოების ელჩები „ქართულ ოცნებას ძირითადად დემოკრატიული უკუსვლის, ადამიანის უფლებების დარღვევისა თუ ევროინტეგრაციასთან შეუსაბამო კანონების მიღებისთვის აკრიტიკებენ. ამასთან, მუდმივად გამოხატავენ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც თავისი უფლებების დაცვას, მათ შორის - ქუჩაშიც ცდილობს.
საპასუხოდ, “ქართული ოცნება” დასავლელ დიპლომატებს ქვეყნის შიდა ცხოვრებაში ჩარევაში ადანაშაულებს.
„ქართული ოცნება“ განსაკუთრებით ევროკავშირის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს აკრიტიკებს. პაველ ჰერჩინსკისგან განსხვავებით, 7 ოქტომბერს, საგარეო უწყებაში არ მისულან პეტერ ფიშერი და გარეტ უორდი. ისინი მანამდე, სექტემბრის ბოლოს, სამინისტროში საგანგებოდ იყვნენ დაბარებული.
გერმანიისა და ბრიტანეთის საელჩოებში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საგარეო უწყებაში შეხვედრას საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
"გაძევება" და "ცალმხრივი მეგობრობა"
როდესაც „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზურაბაშვილი დიპლომატებს ხვდებოდა, პარალელურად, დასავლელ ელჩებსა და ევრობიუროკრატიას „დიპ სტეიტის“ დირექტივებით მოქმედებაში სდებდა ბრალს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და დეპუტატი - ირაკლი კირცხალია, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
“ვხედავთ, რომ საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის - ევროპული და ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს”, - კირცხალია ცდილობდა განემარტა, თუ რატომ არ აძევებენ ელჩებს საქართველოდან ან არ ატარებენ სხვა „მკვეთრ“ ზომებს , მაშინ, როცა ამას თითქოს - „ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოითხოვს”.
„ოცნების“ წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს შეგნებული გადაწყვეტილებაა და რამდენიმე მიზეზიც დაასახელა:
- “საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას”.
- “კონკრეტული ქვეყნის ელჩის გაძევება გამოიწვევს მთელ რიგ დიპლომატიურ სვლებს, რაც საქართველოსა და კონკრეტული ქვეყნების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება”.
კირცხალიამ თქვა, რომ - “დიპ სტეიტის" მართულ ევრობიუროკრატიას” არ მისცემენ საშუალებას, რომ “ელჩების არადიპლომატიური ქმედებების გამო, მიღწეული შედეგები, სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთობების დონეზე გააფუჭოს” და შესაბამისად - “ქართული ოცნება” “ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში” რჩება.
"ცალმხრივ მეგობრობაზე" ილაპარაკა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმაც, მიუხედავად იმისა, რომ, მისი თქმით - „საერთაშორისო თანამეგობრობისა და აქტორების მხრიდან“ გამოხმაურებები ობიექტურად არ ასახავს 4 ოქტომბრის მოვლენების რეალურ სურათს, „ქმნის არასწორ აღქმებსა და წარმოდგენებს საქართველოსთან დაკავშირებით“ და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეკრება ამიტომაც გახდა საჭირო.
ბოჭორიშვილი ამბობს, მეგობრობის ცალმხრივ რეჟიმს იმ ქვეყნებთანაც შეინარჩუნებენ, რომლებიც „უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში“ და, მისი აზრით, არღვევენ ვენის კონვენციის კრიტერიუმებს.
„ჩვენც გვყავს დიპლომატები, მაგრამ ისინი არ ერევიან სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში. თუ ისინი ამას გააკეთებენ, ზუსტად ვიცით, რომ იმ ქვეყნებიდან იქნება შესაბამისი რეაგირება“ - ესეც ბოჭორიშვილის სიტყვებია.
“ქართული ოცნების” ლექსიკონში სიტყვა "გაძევების" გაჩენა ბევრმა მუქარად აღიქვა.
საერთაშორისო საკითხების სპეციალისტს, ყოფილ ელჩს დანიაში, გიგი გიგიაძეს კი ეეჭვება, რომ დასავლეთში ვინმე შეაშინოს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებმა და მათ შორის - “გაძევების” ხსენებამ.
“ევროკავშირში მათ განცხადებებს სერიოზულად არავინ აღიქვამს. [“ქართული ოცნების”] ეს გაუგებარი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მათი დარჩენილი მხარდამჭერების გულის მოგებას. მეტს მე ამის უკან ვერაფერს ვხედავ. უცხო ქვეყნის დიპლომატებს სასაცილოდაც არ ეყოფათ მსგავსი აბსურდული, შინაარსს მოკლებული, გაუაზრებელი განცხადებები”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიგი გიგიაძე, რომელსაც საერთოდ არ ესმის - რას ნიშნავს “ცალმხრივი მეგობრობა” ქვეყნებს შორის.
მეგობრობა “დიპ სტეიტთან”?
ელჩების მიმართ ხისტი მიდგომებით გამორჩეულმა ირაკლი კობახიძემ, 6 ოქტომბერს, პროსახელისუფლებო „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღესვე არიან მზად - ხელი ჩამოართვან, ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომლებსაც - „ქართული ოცნება“ და მათ შორის - ირაკლი კირცხალია - „დიპ სტეიტის“ მიერ მართულებად და საქართველოსთვის ავის მსურველებად, „მეორე ფრონტის“ გახსნის ლობისტებად მოიხსენიებენ.
„დიპ სტეიტს“ აქვს ერთი მარტივი მოდელი და მიდგომა - ან ხარ აგენტი, ან ხარ მტერი. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. ერთადერთი, რასაც ვითხოვთ, არის ეს - ვერ გავხდებით აგენტები, მაგრამ ნუ გვიყურებთ, როგორც მტრებს, გვიყურეთ როგორც პარტნიორებს. თუ ასე შემოგვხედავენ - და ამის პერსპექტივა, იმედი მაქვს, რომ არსებობს, მიუხედავად მძიმე ფონისა - მაშინ ყველაფერი შეიცვლება...
ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ მომენტში გადავტვირთოთ ურთიერთობები. არ არსებობს პოლიტიკაში წყენა... ხვალვე ჩამოვართმევთ ჰერჩინსკის ხელს, ხვალვე ჩამოვართმევთ იმ პრესსპიკერს, კალასს და კოსს, რომლებმაც, თავის მოჭრაა, ისეთი განცხადება გააკეთეს, დამხობის მცდელობის შემდეგ... მაგრამ მზად ვართ, რომ ყველას ჩამოვართვათ ხელი, იმიტომ, რომ პოლიტიკაა, ქვეყნის ინტერესებია...“, - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გადატვირთვა აუცილებელია როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის მიმართულებით და მზად არიან დაივიწყონ ყველაფერი, მათ შორის - „რევოლუციის 5 მცდელობაც“ .
"გლობალური ომის პარტიასთან" შესაძლო სამომავლო კარგ ურთიერთობებზე - "დალაგებაზე" - ირაკლი კობახიძე შარშანაც ლაპარაკობდა.
„იქნებ გააცნობიერონ [დასავლელმა პარტნიორებმა - რ.თ.], რომ ახლა ჩვენ უნდა დაგველაპარაკონ და არა ისევ სცადონ ნაცების დაბრუნება ხელისუფლებაში... დავიტოვოთ იმედი, რომ გააცნობიერებენ - 3 წელი [მომავალ არჩევნებამდე] არაფრის შანსი აღარ აქვთ და უნდა დაელაპარაკონ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას“ - იმედოვნებს კობახიძე.
„ერთი მხრივ, "დიპ სტეიტს" უწოდებენ დასავლეთს და რაღაც სისულელეებს იგონებენ და მეორე მხრივ, მეგობრობას სთხოვენ იმავე დიპ სტეიტს?!“ - გიგი გიგიაძე რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ გაეროს გენასამბლეის ტრიბუნაზე გამოსვლისას, 25 სექტემბერს, - „მათ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საერთოდ არ უხსენებია ე.წ. გლობალური ომის პარტია, იგივე „დიპ სტეიტი“, იმიტომ, რომ ეს აბსურდი გათვლილია მხოლოდ მათ ["ქართული ოცნების"] ამომრჩეველზე, რომლებსაც ატყუებენ უკვე მე-13 წელია".
უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს შიგნით ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე/დიპ სტეიტზე ლაპარაკი წლების წინ დაიწყო, ჯერ კიდევ “ხალხის ძალის” შემადგენლობაში ყოფნისას და სწორედ ამის საფუძველზე აკრიტიკებდა დასავლეთს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს ჩათრევის მოსურნეს.
„საქართველოს ომში ჩათრევის“ მცდელობები და შეთქმულების თეორიები „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ - წინა წლებში, გაეროს ტრიბუნიდან, არც კობახიძეს და ღარიბაშვილს უხსენებიათ.
ფორუმი