ყველაზე მეტი საქმე - 18 159 - ნაწილის თვითნებურად დატოვების გამო აღიძრა. ეს მუხლი 10 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ყველაზე „მსუბუქი“ მუხლით (სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობა) 1369 საქმე დაგროვდა, კიდევ ათასი დეზერტირობას ეხება, რომელიც 15 წლით პატიმრობას გულისხმობს. 2025 წლის მაისის ბოლოსთვის სამხედრო სასამართლოებში სამხედრო სამსახურზე უარის გამო 20 662 ადამიანის წინააღმდეგ შევიდა საქმე, აქედან 17 721-ს უკვე გამოუტანეს განაჩენი.
უცნობ დეზერტირს მსოფლიოში პირველი ძეგლი 1995 წელს ერფურტის ცენტრში დაუდგეს. მესამე რაიხის დროს ამ სკულპტურასთან ახლოს სამხედრო სასამართლო მდებარეობდა. ის სიკვდილით სჯიდა ყველას, ვისაც არ სურდა ნებით მომკვდარიყო ფრონტზე „სამშობლოსა და ჰიტლერისათვის“. ნაცისტური მართლმსაჯულების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ეს მონუმენტი 21 სექტემბერს გახსნეს. ასე გაერომ გადაწყვიტა, რადგან ეს თარიღი მშვიდობის საერთაშორისო დღედ ითვლება. დეზერტირებზე მშვიდობიანი ხალხი კი სადაა?
უკვე მე-20 საუკუნეში ეს სიტყვა ხშირად სამშობლოს მოღალატეს კი არა, რეჟიმის მოწინააღმდეგეს ნიშნავდა.
ჩემო პრეზიდენტო! მე ომში არ წავალ,
ხალხის მოსაკლავად არ მოვსულვარ ქვეყნად.
ნუ გამიბრაზდებით, მაგრამ უნდა გითხრათ,
ჩემი ბოლო სიტყვა, დეზერტირი ვხდები“. (თარგმანი: ბაჩანა ჩაბრაძისა)
ეს სიმღერა ფრანგმა მწერალმა ბორის ვიანმა შეთხზა, შეასრულა და ფირფიტაზე ჩაწერა მაშინ, როცა მისი ქვეყანა ორ უაზრო კოლონიალურ ომში ჩაერთო - ინდოჩინეთის და შემდეგ ალჟირის წინააღმდეგ. ორივე საფრანგეთის დამარცხებით დასრულდა და ამით მე-19 საუკუნიდან შემორჩენილი საფრანგეთის იმპერიის ნარჩენები საბოლოოდ ჩამოშალა. მაგრამ წაგებულ ომსაც სჭირდება ჯარისკაცები. ვიანის სიმღერა იმათ ხმად იქცა, ვისაც კატეგორიულად არ სურდა საზარბაზნე ხორცი ყოფილიყო.
დეზერტირების ბაზარი
2022 წლის 21 სექტემბერს (დიახ, სწორედ ამ დღეს), მაშინვე, რაც რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის საზღვრებს მშვიდობისმოყვარე კაცების ნაკადი მიაწყდა. განსაკუთრებით ეფექტურ ეს ზემო ლარსზე იყო. ათკილომეტრიანი საცობი კოსმოსიდანაც კი ჩანდა.
ამ საზღვრის გადალახვით დევნილები თბილისი ჩადიოდნენ. ბევრი ბინას სწორედ დეზერტირების ბაზართან ქირაობდა. ამბობენ, რომ ეს სახელწოდება მან რუსეთის სამოქალაქო ომის დროს მიიღო, როდესაც სადგურის წინ იქიდან გამოქცეული ათასობით დეზერტირი იყრიდა თავს. ისინი სხვადასხვა არმიიდან გამორბოდნენ: თეთრიდან, წითლიდან, მწვანიდან და მშვიდობიანად ვაჭრობდნენ მხარდამხარ ტანსაცმლით, ამუნიციით, იარაღით, ყველაფრით, რაც მაროდიორს უშრომლად შეეძლო ეშოვა. საქართველო, სანამ მას ბოლშევიკები დაიპყრობდნენ, ყველა გამოქცეულს იფარებდა, ისინიც უკანასკნელ ნივთებს ჰყიდდნენ, რომ სტუმართმოყვარე თბილისში რამენაირად თავი გაეტანათ.
ჩანს, ვაჭრობა ძალიან გამოაცოცხლეს, ეს სახელწოდება რომ დღემდე შემორჩა. ასი წლის შემდეგ „დეზერტირი“ ტოპონიმთან ერთად სიმბოლოც გახდა, რადგან თბილისი ისევ გაივსო რუსეთიდან ჩამოსული ბიჭებით. ქვეყნის ეკონომიკაში მათაც შეიტანეს წვლილი: ბინები და პროდუქტები გაძვირდა, გაიხსნა ახალი კაფეები, მაღაზიები, ბარები...
რაღაც უარესობისკენ იცვლებოდა, რაღაც უკეთესობისკენ. ქართველების უმეტესობას ამ ხალხის მიმართ კითხვები არ გასჩენია. თუ ადამიანს უსამართლო ომში წასვლა არ უნდა, მას ამის უფლება აქვს. ამ ბიჭებს „დეზერტირს“ არავინ ეძახდა. თუმცა ისტორია აშკარად განმეორდა.
აქ პოლიტკორექტულობა არაფერ შუაშია. უბრალოდ, თბილისელებისთვისაც, ამერიკელებისთვისაც, ევროპელებისთვისაც და კიდევ სხვა ქვეყნებისთვისაც სიტყვა „დეზერტირი“ 21-ე საუკუნეში უკვე არქაიზმად იქცა.
სამხედრო-საბრძოლო ცოდვა
რუსული ტელეარხის „რატნიკის“ [Ратник - სამხედრო მოსამსახურე ძველ რუსეთში.რ.თ] - და ნუ გაგიკვირდებათ, ასეთიც არსებობს - საიტზე წერია: „დეზერტირებს ყველა დროში სასტიკად ეპყრობოდნენ, რადგან არ არსებობს უფრო დიდი ცოდვა მამაკაცისთვის, ვიდრე სამხედრო ვალდებულების თავიდან არიდებაა“.
რთულია გაიგო, რამდენად ერკვევიან სამხედრო არხის ავტორები ცოდვა-მადლში, რადგან არცერთ ბიბლიურ მცნებაში დეზერტირებზე არაფერია ნათქვამი. მაგრამ სამხედრო კომისარიატის თვალსაზრისით, ეს ძალიან დიდი ცოდვა უნდა იყოს. ამ დაწესებულებებში, რომლებსაც ხშირად ღამ-ღამობით ცეცხლს უკიდებენ და ამით სულ უფრო ჰგვანან შეუწველ მაყვალს, სერიოზულ საქმეს აკეთებენ - ხალხს ომში მიერეკებიან. ალბათ სწყინთ, როდესაც კაცებს ვერ გაუგიათ, რომ მხოლოდ ერთადერთი მიზნისთვის გაჩნდნენ - მოკლან და მოკვდნენ.
ამის გამო არქაული სიტყვა „დეზერტირი“ რუსეთში ახლა ყველას ესმის.
კარგი რკინისგან ლურსმნებს არ ჭედავენო
და მაინც როგორ ეპყრობოდნენ დეზერტირებს „ყველა დროში“?
სიმართლე გითხრათ, სხვადასხვანაირად.
მაგალითად, ჩინეთში ოდითგანვე არსებობდა ანდაზა, კარგი რკინისგან ლურსმანს არ გამოჭედავენ და კარგი კაცი ჯარისკაცად არ წავაო. გასაგებია რატომაც, მინის დინასტიის და ნაწილობრივ, ცინის დროსაც ჩინეთის არმია „თვითკმაყოფაზე“ იყო, ანუ „სამუშაოსგან“ თავისუფალ დროს ხნავდნენ და თესავდნენ, რომ ოჯახი გამოეკვებათ. როგორც ჩანს, მთლად კარგად არ გამოსდიოდათ, რადგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუხლი სამხედრო ბიუჯეტის შესავსებად, გლეხების ძარცვა გახლდათ. გლეხები იტანჯებოდნენ (ეს მათთვის სიახლეს არ წარმოადგენდა), მაგრამ არც ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ეს იმპერატორის ჯარი იყო და თან მტრისგან იცავდა. მტერსაც ხომ შეეძლო მათი გაძარცვა, ამიტომ ისევ შინაურები სჯობდნენ.
ასეთი ჯარიდან დეზერტირობა მხოლოდ ერთი გზით შეიძლებოდა, ყაჩაღად გავარდნით. ასეც იქცეოდნენ. ასეთ დროს დანარჩენი ჯარი, სოფლის მეურნეობას შეეშვებოდა და ყაჩაღს დასაჭერად მისდევდა, თან გზადაგზა გლეხებს ძარცვავდნენ.
აი, ეს არის ჩინური დიალექტიკა.
ვერ ვიტყვით, რომ ჩინეთში დეზერტირები გამორჩეულად ეჯავრებოდათ, არა. გლეხებს არ უყვარდათ არავინ, ვისაც იარაღი ჰქონდა. თუ კაცი ხმლითაა, ჯარისკაცი იქნება თუ დევნილი, მაინც გაგძარცვავს.
მიშვილა სიღატაკემ
გასაგებია, რომ რომის იმპერიაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. იქ „კარგ კაცად“ მეომარს მიიჩნევდნენ, თუ ვინმეს მოკლავდა კიდევ უკეთესი, ლეგიონი - საერთოდ მშვენიერი, თან მოგებიანიც იყო. ჯარისკენ ილტვოდნენ და დეზერტირობის მხრივ დიდად პრობლემები არ ჰქონიათ. თუ ვინმე ბრძოლის ველიდან გაიქცეოდა, სიკვდილით დასჯიდნენ და ეგ იყო. ლეგიონში მოსახვედრად მაინც გრძელი რიგი იდგა.
მაგრამ სამოქალაქო ომების დროს ყველაფერი ცოტა შეიცვალა. აქ შეგეძლო ძლიერს მიმხრობოდი. ძალა სიმართლეშია, ასე არ არის? დროულად სიმართლის მხარეს გადასვლა კი თან ბრძნული გადაწყვეტილებაა, თან ღირსეულიც. ამიტომ დამარცხებული ჯარებიდან ბლომად ხალხი გამორბოდა.
ბრუტუსი და მისი ამხანაგები ფილიპის ბრძოლის შემდეგ
მაგალითად, ცეზარის მკვლელობის შემდეგ, ძვ.წ. 44 წელს, ბრძოლის ველიდან მასობრივად გამოიქცნენ ჯარისკაცები. ეს მოხდა ქალაქი ფილიპთან, სადაც ერთმანეთს მარკ ანტონიუსისა და ბრუტუსის მეომრები შეებრძოლნენ. რესპუბლიკელების დამარცხებას ის მოჰყვა, რომ ბრუტუსმაც თავი მოიკლა, მისმა ჯარმაც ჩაისვარა.
სხვათა შორის, ბრუტუსის მებრძოლებს შორის იყო არცთუ უცნობი პოეტი კვინტუს ჰორაციუსი. მან შემდეგ თავის მეგობრის პომპეუსისადმი მიწერილ წერილში აღიარა, რომ გადარჩა, რადგან „ფარი დააგდო და ბრძოლის ველიდან მოკურცხლა“. დეზერტირობა მის ცხოვრებაზე დადებითად აისახა. რომში მშვიდობით დაბრუნდა და თავისი მეცენატიც იპოვა.
დაახლოებით ამ ადგილებში, 12 ასეული წლის შემდეგ დეზერტირობა მეტ-ნაკლებად მყარად დაფასდა. შუა საუკუნეების იტალიაში ამისთვის მხოლოდ ჯარიმას იხდიდნენ. ამიტომ დანტეს სიყმაწვილის მეგობარი, პოეტი ჩეკო ანჯოლიერი ხალისით მიდიოდა ომში და კიდევ უფრო მეტი ხალისით მოდიოდა.
1281 წლიდან ის შეუერთდა სიენას გველფებს და მათთან ერთად გიბელინების წინააღმდეგ იბრძოდა ტოსკანაში, როკკასტრადას მახლობლად, ტორი დი მარემას ციხესიმაგრესთან. ის არაერთხელ დაჯარიმდა ბრძოლის ველიდან გაქცევისა და სამხედრო ბანაკის დატოვების გამო. შემდეგ ფლორენციელების მხარესაც იბრძოდა, ქალაქ არეცოს წინააღმდეგ. დანტეს სწორედ აქ დაუმეგობრდა. მათი მეგობრობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ქარაფშუტობისა და მისი ლექსების კრიტიკის გამო დანტემ ჩიკოს ეპისტოლარულად პარაზიტი უწოდა, მანაც იმავეთი უპასუხა. ანჯოლიერისგან ასამდე საკმაოდ თავისუფალი (იმ დროისთვის თითქმის პორნოგრაფიული) სონეტი და ხუთი ბავშვი დარჩა, რომლებიც ბოლო ცოლისგან ეყოლა. ცოლს თავის მხრივ, მხოლოდ ვალები ერგო. ისტორიკოსები მას დაივიწყებდნენ კიდეც, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ თითქმის პროფესიონალი დეზერტირის სამი სონეტი მის ახლო მეგობარს დანტე ალიგიერს ეძღვნებოდა.
მიშვილა სიღატაკემ, მეც დედა ვეძახე,
ტკივილმა გამაჩინა, გამზარდა სევდამ,
ქვეშაგად ჩვრები მეგო, თხემიდან ტერფამდე
ხეირს ვერაფერს იპოვი ჩემთან.
პარიზში გაქცევა
მაგრამ ომები სულ უფრო მასშტაბური და გრძელვადიანი ხდებოდა. მათთვის უკვე არა ათასობით, არამედ ასიათასობით ჯარისკაცი იყო საჭირო. რა თქმა უნდა, დეზერტირების რაოდენობამაც პროცენტულად იმატა. ამ მხრივ ძალიან თვალსაჩინოა 1812 წლის ომი, რომელსაც რაღაც გაგებით შესაძლოა „დეზერტირების ომი“ დაერქვას.
ყველაზე მეტად დეზერტირობისგან ნაპოლეონის მრავალეროვანი „დიადი არმია“ იტანჯებოდა, თავის გრძელ და მძიმე ლაშქრობებში. სანამ რუსეთამდე ჩამოაღწევდა, გზად ჯარისკაცების არცთუ უმნიშვნელო ნაწილი დაკარგა. გარბოდნენ პორტუგალიელები და ესპანელები, რომლებიც საფრანგეთის იმპერატორის სამსახურში ძალით ჩააყენეს. ასობით გარბოდნენ. დევნილების იჭერდნენ და საჯაროდ სჯიდნენ, მაგრამ ამ პროცეს ფრანგებმა მაინც ვერაფერი მოუხერხეს. დეზერტირების რიცხვმა მხოლოდ მაშინ იკლო, როდესაც ნაპოლეონის არმია რუსეთში შევიდა. დეზერტირებს აშინებდათ ცუდი კლიმატი, უგზოობა და რუსი კაზაკები, რომლებიც ყველგან იყვნენ და მოჩვენებებივით არსაიდან გამოტყვრებოდნენ ხოლმე. არმიასთან დარჩენა უფრო უსაფრთხო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის მათ მშობლიურ მიწებს უფრო და უფრო შორდებოდა. მოსკოვის აღებისა და გაძარცვის შემდეგ, დეზერტირობის მეორე ტალღა დაიწყო. ამჯერად „მთავარი გმირები“ უკვე არა ესპანელები, არამედ ფრანგები იყვნენ, სიცივითა და განსაცდელით გაწამებულები სახლში დაბრუნებას ჩქარობდნენ.
ეს ყველაფერი რუსებისთვის ძალზე დროულად მოხდა, რადგან დეზერტირობა რუსულ ჯარშიც იკიდებდა ფეხს, განსაკუთრებით მოსკოვის ჩაბარების შემდეგ. როსტოპჩინი ამბობდა, რომ ბოროდინოს ბრძოლის მერე უკან დახევისას რუსული არმია დროდადრო ურდოს ემსგავსებოდა, რომლის ნაწილებიც პერიოდულად ტყეებში გაუჩინარდებოდნენ. ჯარისკაცებად წაყვანილი გლეხები ისე პანტაპუნტით გარბოდნენ, რომ კუტუზოვი შემოგარენის გუბერნიების ხელმძღვანელებს საგანგებოდ სწერდა, დეზერტირები მოდიან და შესაძლოა იქაურობა გაძარცვონო.
ამ ომში დეზერტირობის კიდევ ერთ ტალღა იყო, თითქმის ყველაზე ძლიერი. ეს მაშინ მოხდა, როცა რუსული ჯარი პარიზში გამარჯვებული შევიდა. რომ ნახეს, როგორ ცხოვრობდნენ ადგილობრივები, ჯარისკაცებად გაწვეულმა ათასობით გლეხმა ჯარი დატოვა და გაიქცა, იმედი ჰქონდათ, ევროპაში თავისუფლებას იპოვიდნენ. თავის ჩანაწერებში არტილერიის ოფიცერი მ.ა. აბრამოვიჩი წერს, რომ უკანა გზაზე რუსულმა ჯარმა 20 ათასი ადამიანი მოისაკლისა. მეფე ალექსანდრე ლუდოვიკო მეთვრამეტეს სთხოვდა ისინი დაებრუნებინა, მას კი იმპერატორის თხოვნის შესრულება არ შეეძლო, „რადგან ფრანგები გაქცეულებს მალავდნენ და ამრიგად არცერთი არ დაბრუნებულა“.
როსტოპჩინი შემდეგ აღშფოთებული წერდა:
„თავად განსაჯეთ, სადამდე დაეცა ჩვენი არმია, რომ მოხუცი უნტერ-ოფიცერი და უბრალო ჯარისკაცი საფრანგეთში რჩებიან. ცხენოსანი გვარდიის პოლკიდან ერთ ღამეში 60 კაცი გაიქცა ხელში იარაღითა და ცხენებით. ისინი ფერმერებთან მიდიან, რომლებიც ურიგოდ როდი უხდიან მათ და თან თავიანთ ქალიშვილებსაც აძლევენ ცოლებად“.
მოკლედ, ისე გამოვიდა, რომ თავად გრაფი როსტოპჩინი, ზომიერად აღშფოთების შემდეგ (და მცირე ხნით იმპერატორის სანახავად რუსეთში ჩასვლის შემდეგ) პარიზში დარჩა და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა.
„დიადი ომის“ ფინალი
ყველასთვის ცნობილია, თუ რა როლი შეასრულეს დეზერტირებმა პირველ და მეორე მსოფლიო ომებში. მაგრამ რამდენიმე რიცხვს მაინც მოვიტანთ:
პირველ მსოფლიო ომში რუსეთში, მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, დეზერტირობის ბრალდებით ბრძოლის ველსა და ზურგში 420 ათასი ადამიანი დააკავეს. ამავე პერიოდში გერმანელების მხარეს დეზერტირების რიცხვი 45-40 ათასი იყო, ბრიტანელების - 35 ათასი.
გლეხებს ამ ომის მიზანი ვერ გაეგოთ, ამიტომ დეზერტირობა ჯერ კიდევ 1915 წელს დაიწყო. განსაკუთრებული სკეპტიკურებით მობილიზებული ციმბირელები გამოირჩეოდნენ. ფილოსოფოსი ფიოდორ სტეპუნი იხსენებდა, როგორ ეკითხებოდნენ კარპატებში ჯარისკაცები: „თქვენო კეთილშობილებავ, რაში გვჭირდება ამ გალიციის დაპყრობა?“ 1915 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთის არმია მასობრივად იხევდა უკან, პირველები სწორედ ციმბირელების პოლკები ამბობდნენ უარს ოფიცრების ბრძანებები შეესრულებინათ და შეტევაზე გადასულიყვნენ. ოფიცრებს ზურგში ესროდნენ და გარბოდნენ. ამის გამო მათ სახალხოდ სჯიდნენ სიკვდილით.
რადგან კონკრეტული დამნაშავეების მოძებნა რთული იყო, ჯარისკაცებს, რომლებიც ციმბირის პოლკებში ირიცხებოდნენ, დახვრეტას შერჩევით უსჯიდნენ, სამხედრო პროკურატურის გადაწყვეტილებით. დივიზიის მეთაურის ბრძანებით, ყოველ ციმბირულ პოლკს „წარმომადგენლები“ უნდა გამოეგზავნა, რომლებიც სასჯელის აღსრულებას დაესწრებოდნენ. ეს ერთგვარი „გაკვეთილი“ იყო ციმბირელებისთვის, აი, რა დაგემართებათ, თუ ბრძანებას არ დაემორჩილებით.
მაგრამ ეს ნაკლებად შველოდა, მით უფრო, რომ ყველას ვერ იჭერდნენ და ვერ სჯიდნენ. ფრონტისპირა გუბერნიებში დეზერტირობასთან ბრძოლას ძალიან ართულებდა ის, რომ არა მხოლოდ დეზერტირები, არამედ ბრძოლის ველზე მეომარი ჯარისკაცებიც აქტიურად ვაჭრობდნენ სახელმწიფო აღჭურვილობით. ამის გამო ძალიან ბევრი გლეხი ჯარისკაცის ფორმით დასეირნობდა. იმის გარჩევა ვინ დეზერტირი იყო და ვინ არა თითქმის შეუძლებელი გახდა. დეზერტირობა სულ უფრო ყოვლისმომცველი ხდებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 1917 წლიდან რუსეთის არმიას ხალხი მასობრივად ტოვებდა, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „დიადი ომის“ დასრულებაში, სავარაუდო რიცხვი 1,5-2 მილიონი დეზერტირი იქნება.
შემდეგ ბევრი მათგანი, ცდილობდა აღარც თეთრ არმიაში ებრძოლა, აღარც წითელში. ამიტომ 1919 წელს კავკასიაში აღმოჩნდა. სწორედ მაშინ დააარსეს მათ თბილისში ცნობილი დეზერტირების ბაზარი, ვაგზლის მოედანთან.
რეკორდი დეზერტირობაში
მეორე მსოფლიო ომის დროს, მართალია, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი სასტიკი მეთოდებით ებრძოდა დეზერტირებს, მაგრამ სსრკ-მ ამ მიმართულებით მაინც ყველა სხვა ქვეყანას გადაუსწრო. ინგლისში დეზერტირების რაოდენობა მხოლოდ რამდენიმე ასეული ადამიანი იყო. ისინი სიკვდილით არ დასჯილან. გერმანიაში 1945 წლის გაზაფხულამდე, ომის მთელი პერიოდის დროს ბრძოლის ველიდან 400 ათასი ადამიანი გაიქცა. აქედან 20 ათასზე მეტი დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს. ამერიკულ ჯარშიც 20 ათასზე მეტი ადამიანი დაისაჯა დეზერტირობისთვის, თუმცა დახვრეტით მხოლოდ ერთი დახვრიტეს - ედვარდ სლოვიკი. მის ბედზე შემდეგ წიგნებიც დაიწერა და ფილმებიც გადაიღეს.
ამ ყველაფრის ფონზე, სსრკ-ის ოფიციალური რიცხვები ნამდვილად შთამბეჭდავია. ომის პერიოდში წითელი არმიის რიგებიდან გაიქცა (მტრის მხარეს გადასულების ჩათვლით) 1,7-2,5 მილიონი ადამიანი. 375 ათასი დაიჭირეს და დასაჯეს: დახვრიტეს 150 ათასი, დანარჩენები კი ბანაკებსა და სასჯელაღსრულების ბატალიონებში განაწესეს. რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკა ბოლომდე სარწმუნო არაა. მაშინ დეზერტირობა იმათაც კი ჰბრალდებოდათ, ვინც ალყის დროს ჩაბარდა ან უბრალოდ თავისი ნაწილის ძებნაში დაიკარგა.
ისინი, ვინც ცდილობდნენ ფრონტზე არ მოხვედრილიყვნენ სამხედრო კომისარიატებს ხანდახან საკმაოდ უჩვეულო გზით დაუძვრებოდნენ ხოლმე. მიდიოდნენ ტაიგაში და იქ სილოსის ორმოში თავშესაფარს თხრიდნენ, რომ ძაღლებს კვალი არ აეღოთ. წეროების ბუდეშიც კი დამალულან. ამ მეთოდით ზოგმა არათუ დროის გაყვანა მოახერხა, შემდეგ წლებშიც კარგა ხანს ემალებოდა ხელისუფლებას.
ამ მხრივ რეკორდი დაამყარა ლატვიელმა იანის პინუპსმა. ის ფრონტიდან 1944 წელს გამოიქცა და ნათესავების სახურავში ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იმალებოდა. ხელისუფლებას ჩაბარდა მხოლოდ 1995 წლის 9 მაისს, მას შემდეგ, რაც ნამდვილად დარწმუნდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა და ლატვიიდან რუსული ჯარი გაიყვანეს.
რაც უნდა თქვა, ის დეზერტირული ომების ნამდვილი ვეტერანია, გამძლეობისა და მოთმინების მაგალითი. დღევანდელებს მისგან შეუძლიათ ისწავლონ, რადგან დეზერტირი ოპტიმისტი უნდა იყოს.
დეზერტირული მოძრაობის ვეტერანები
ციმბირელმა მწერალმა ანდრეი ფილიმონოვმა (რაღაც დროის განმავლობაში თბილისში, დეზერტირების ბაზართან ცხოვრობდა) თავის რომანში „თავკომბალა და წმინდანები“ აღწერა პროფესიონალი დეზერტირი, სახელად „ძია გმირი“. ის მიყრუებულ სოფელში ბეზდოროჟნაიაში ცხოვრობს:
„წინა საუკუნეებში, როცა ჯეელი იყო, ვიწროთვალებიანებთან საბრძოლველად წაიყვანეს, იაპონელებთან თუ თურქებთან - არ ახსოვს, რადგან სცენამდე, სადაც საბრძოლო მოქმედები თამაშდებოდა არ მიუღწევია. სადგურზე მდუღარე წყლისთვის ჩავიდა და დაიკარგა, თითქოს წყალში ჩაყვინთაო. წლინახევრის შემდეგ მშობლიურ მხარეში გამოჩნდა. კიკიკას, ჩვენი ტაიგური მდინარის ნაპირას, ლერწმებში ზის, სოფელს გაჰყურებს და ფიქრობს, რა იღონოს. საბრძოლო მიღწევებზე შეთხზას ზღაპარი, თუ მომხდარი აღიაროს ალალად. დეზერტირი თავიდან ქალწულივით მორცხვია.
ზის, ოხრავს, ამ დროს თვალი მზის ანარეკლმა მოჭრა. ნაპირზე რაღაც ბრწყინავდა. დაიხარა, ხელით გაქექა შლამი და ამოაძრო. თავიდან ოქროს ფული ეგონა, მერე მიხვდა, მედალი იყო. ზედ მეფის გვირგვინია ამოტვიფრული თავზე ორი ასოთო ნ და ა. ერთად ისე იკითხება, თითქოსდა ა, აიღეო!
პირველად ასე იპოვა ჯილდომ გმირი. ეჭვები უკუაგდო, ჩამოიკიდა ჯინჯილა პერანგზე და ბეზდოროჟნიაში ამაყად შეაბიჯა. მერე რა, რომ მანჯურიიდან, სევასტოპოლის მედლით ჩამოვიდა! ხალხს ეგ კიდია, მთავარია, ყირიმი ჩვენია.
შემდეგ ისტორიული მოვლენების შესაბამისად, გმირი მკაფიოდ მოქმედებდა. გამწვევი პუნქტიდან კიკიკასთან მოკურცხლავდა, იქ კი მდინარე ჩუმი ოხვრით ნაპირზე მედალს გამოურიყავდა ხოლმე, ან ორდენს. როგორც ჩანს, ძალიან უყვარდა მდინარეს“. (ანდრეი ფილიმონოვი, „თავკომბალა და წმინდანები“).
რა თქმა უნდა, რეალურად დეზერტირობისთვის მედლებსა და ორდენებს არ იძლეოდნენ, არც მდინარეები, არც ადამიანები, არც ხელისუფლება. აი, ძეგლებს კი უდგამდნენ და ახლაც უდგამენ.
2001 წელს ინგლისელებმა სტაფორდშირში 300 დეზერტირს დაუდგეს ძეგლი („ალიონზე დაცემულების სახსოვრად“). ისინი პირველი მსოფლიო ომის დროს დახვრიტეს. ეს ამ ტიპის ერთ-ერთი პირველი მემორიალი იყო და დიდხანს დაობდნენ (პარლამენტარებიც კი), ხომ არ იყო ეს სილის გაწვნა მათთვის, ვინც ფიცის ერთგული დარჩა.
ბევრისთვის ევროპაში სიტყვა „დეზერტირი“ სამარცხვინო იარლიყად რჩებოდა. იმდენად, რომ ჯარისკაცები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული ნაწილებიდან გაიქცნენ, გერმანიაში ფორმალურად სისხლის სამართლის დამნაშავეებად მიიჩნეოდნენ. ბუნდესტაგმა მათი რეაბილიტაცია მხოლოდ 2002 წელს მოახდინა. ამ დროისთვის „დეზერტირული მოძრაობის“ ვეტერანებიდან, რომლებმაც უარი თქვეს ფაშისტური ხელისუფლების მხარეს ებრძოლათ, ცოცხალი მხოლოდ 40 კაციღა იყო დარჩენილი.
ათასწლეულის ბოლოსკენ დეზერტირების სახსოვრად მონუმენტები ბევრგან გამოჩნდა. ჯერ ერფურტში, შემდეგ ჰამბურგში, ვენაში და სხვა ქალაქებში. როგორც გერმანელი ისტორიკოსი შტეფან ტრაიბერი ამბობს „...დეზერტირებისადმი საზოგადოების მიდგომა პოზიტიური ხდება, ნაწილობრივ წინააღმდეგობის გამო, ნაწილობრივ კი იმიტომაც, რომ ამ ჯარისკაცებმა ბრძოლაზე უარის თქმით ომის მალე დასრულებას შეუწყვეს ხელი“.
სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას უფრო მეტი სიმამაცე სჭირდება, ვიდრე იმას, რომ ბედისწერას დანებდე და გაწვევის ბარათი მიღებისას ფრონტზე წახვიდე. თომას მანმა (ისიც ცნობილი დეზერტირი იყო მესამე რაიხიდან) კარგად თქვა ერთხელ მათზე, ვინც ომს, ომში მიღებულ ღირსებასა და პატივს ელის: „ომი მხოლოდ გაქცევაა იმ პრობლემებისგან, რომელიც მშვიდობისას გაქვს“.
ფორუმი