სულ მცირე 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დღეს, 31 ოქტომბერს დილით გავრცელებული ინფორმაციით, 11 დაშავებულიდან 4 ბავშვია.
შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო. საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანახმად, ერთ-ერთი დრონი მოხვდა 9-სართულიან სახლს, რომლის ზედა სართულებზე ხანძარმა მოიცვა ხუთი ბინა. მაშველებმა 12 მობინადრე გადაარჩინეს. აფეთქების ტალღამ დააზიანა სხვა სახლებიც და სამეურნეო დანიშნულების შენობები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობითვე, ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა და ერთი კერძო სახლი დაიწვა დნეპროპეტროვსკის ოლქში.
უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს სარკინიგზო ინფრასტრუქტურას სუმის და ხარკოვის ოლქებში. მატარებლების მიმოსვლა ნაწილობრივ შეჩერდა. სუმიში დარტყმა იყო დეპოზე. რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, თანამშრომლები არ დაშავებულან, რადგან საჰაერო განგაშის გამოცხადების შემდეგ თავშესაფრებში დროულად გადავიდნენ.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს „ისკანდერის“ ტიპის ერთი ბალისტიკური რაკეტით და 145 უპილოტო საფრენი აპარატით.
საჰაერო ძალების თანახმად, რაკეტა და ასზე მეტი დრონი მოიგერიეს ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში. 36 უპილოტო საფრენი აპარატით პირდაპირი დარტყმა დაფიქსირებულია 20 ადგილზე.
ფორუმი