Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიგანი: შემიძლია ვივარაუდო, რომ ივანიშვილი პირად ინტერესებს აყენებს ქვეყანაზე მაღლა


ფოტოკოლაჟი: ბიძინა ივანიშვილი (მარცხნივ) და აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი
ფოტოკოლაჟი: ბიძინა ივანიშვილი (მარცხნივ) და აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, მაშინ, როცა აშშ საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერია, იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯებით შესაძლებელია იმის ვარაუდი, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი „ბიძინა ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა“.

ამის შესახებ ელჩმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„მთავრობა ბევრს ლაპარაკობს, მაგალითად, სუვერენიტეტზე. ჩვენ ვართ საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერები... ჩვენ ხელი შევუწყვეთ სანდო შეკავების ძალის შექმნას საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სანაპირო დაცვაში...

და მაინც, „ქართული ოცნება“ ყოველდღე საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენი პარტნიორობა არაფერს ნიშნავს და ელოდება, თუ რას გავაკეთებთ ჩვენი პარტნიორობის სწორ გზაზე დასაყენებლად. და აგრძელებს უარყოფითი რაღაცების თქმას შეერთებულ შტატებსა და ზოგადად დასავლეთზე, რითაც კიდევ უფრო მეტად ახდენს აშშ-სგან იზოლაციას.

რატომ? - ნამდვილად რთულია ეს გაიგო. მე არ უნდა მივმართავდე სპეკულაციას, მაგრამ, ვინაიდან მან ეს თავად თქვა, მეც შემიძლია ვივარაუდო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის პირად ინტერესებს აყენებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა“, - ამბობს ელჩი.

რობინ დანიგანი ამავე ინტერვიუში ასახელებს მიზეზს, რის გამოც ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესთან დაკავშირებით გაუჩნდა ეჭვი.

„მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, რომ გვემსჯელა, როგორ დაგვებრუნებინა ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზე და მან უარი განაცხადა. ამ უარის მის მიერ გამოცხადებული მიზეზი იყო ის, რომ ის სანქცირებულია. მე მგონია, რომ თუკი ქვეყნის დე ფაქტო ლიდერს არ სურს შეხვდეს აშშ-ის ხელმძღვანელობას ან მიიღოს გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისგან, ის ფაქტობრივად თავის პირად ინტერესებს აყენებს ქართველი ხალხის ინტერესებზე მაღლა“.

ელჩ დანიგანთან სრული ინტერვიუ შეგიძლიათ ნახოთ რადიო თავისუფლების პლატფორმებზე.

საქართველო-აშშ-ის ბოლოდროინდელი ურთიერთობა - მოკლედ

  • 2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა;
  • მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების" წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
  • სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
  • 28 მაისს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, უპასუხა და „გაუგებარი“ უწოდა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა უარი თქვა ელჩთან შეხვედრაზე, - „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“;
  • ამავე დღეს, ივანიშვილის წერილამდე მცირე ხნით ადრე, შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. საელჩოს განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა ირაკლი კობახიძე;
  • ირაკლი კობახიძემ 13 მაისს ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს;
  • კობახიძის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას არ უპასუხია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე მიწერილ წერილზე, რომელშიც „გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე“;
  • 21 მაისს კობახიძემ თქვა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“;
  • 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act);
  • 10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ექვსთვიანი წყვეტის შემდეგ აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილი დაინიშნებოდა.
  • 16 ივნისს „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი უაიატ ტოლკი შეხვდა - ელჩ დანიგანის თანდასწრებით;
  • „შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“, - კიდევ ერთხელ განაცხადა საელჩომ ამ შეხვედრის შემდეგ.


ასევე ნახეთ:

ფორუმი

XS
SM
MD
LG