Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიტერ ბრეიგელის ცირკი


გოგი გვახარია გვირჩევს ფილმს „ილუზიონისტი“
გოგი გვახარია გვირჩევს ფილმს „ილუზიონისტი“

კინოს მოყვარულებმა ამ კვირაში იოს სტელინგის ფილმებს უნდა უყურონ - დიდ ნიდერლანდელ რეჟისორს 80 წელი შეუსრულდა.

“ილუზიონისტი“(1983, ნიდერლანდი, რეჟისორი იოს სტელინგი)

იუბილეს რომ ყურადღება არ მივაქციოთ, ისედაც, სტელინგის კინოს ყველაზე მეტად სწორედ ზაფხული და სიცხე უხდება - შვებულება, არდადეგები, თავგადასავლები, შეხვედრები და იმის გაცნობიერება, რომ ზეიმი სულ მალე დასრულდება. მაგრამ საქართველოში, ვფიქრობ, წლევანდელი ზაფხული მაინც განსხვავებულია, ვიდრე იოს სტელინგის სამშობლოში, სადაც ნიდერლანდური კინოს კლასიკოსის დაბადების დღეს აღნიშნავენ. წლევანდელი ზაფხული უამრავი ადამიანისთვის არა იმდენად თავისუფლების, რამდენადაც თავისუფლებისთვის ბრძოლის დროა. სტელინგის კინოს კი ეს უცნაურობა გამოარჩევს - ვიღაცისთვის სიხარული და სიხალისეა, ვიღაცისთვის კი წუხილი და გაბრაზება. ამიტომ სწორედ დღეს, აუცილებლად უნდა ვუყუროთ „ნიდერლანდელი ფელინის“ ფილმებს, პირველ რიგში კი მის საუკეთესო ნამუშევარს, მის „ილუზიონისტს“.

ფელინის ხშირად ადარებენ, თუმცა ჩემთვის იოს სტელინგი უფრო ბრეიგელის სამშობლოში დაბადებული რენე კლერი, ჟაკ ტატი, ანდა, თუნდაც მიხეილ კობახიძეა. სხვათა შორის, 2004 წელს, მაშინდელი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის ხელშეწყობით, საქართველოში მოეწყო იოს სტელინგისა და მიხეილ კობახიძის ფილმების ერთობლივი რეტროსპექტივა, რომლის დღეებშიც ორმა დიდმა ხელოვანმა ერთმანეთი გაიცნო...“ქოლგა“ და „ილუზიონისტი“ ერთად უჩვენეს. ორივე ფილმში მოქმედება დიალოგების გარეშე ვითარდება. თუმცა ეს ერთადერთია, რაც ამ ფილმებს უხმო კინოს ეპოქასთან აკავშირებს. „ქოლგაშიც“ და „ილუზიონისტშიც“ მთავარ მხატვრულ ეფექტს ხმის და გამოსახულების, მუსიკის და გამოსახულების „შეხება“ ქმნის.

იოს სტელინგის ფილმისთვის მუსიკა ვილემ ბროიკერმა დაწერა, ევროპული ავანგარდული ჯაზის ვარსკვლავმა. დაწერა მელოდიები, რომლებიც დიდხანს გაგყვებათ ფილმის დასრულების შემდეგ - მუსიკა, რომელიც არც ერთ ეპიზოდში არ აღიქმება როგორც ილუსტრაცია. საგულისხმოა, რომ „ილუზიონისტში“ მთავარი როლის შემსრულებელი და არსებითად მთელი ფილმის იდეის ავტორი, ფრეკ დე იონგე (სხვათა შორის, მის პიესას, რომელიც საფუძვლად დაედო სტელინგის ფილმს „ტრაგედია“ ჰქვია) იმხანად ცნობილი იყო როგორც „სტენდაპისტი“, მსახიობი, რომელიც მონოლოგებს კითხულობს სცენაზე. „ილუზიონისტში“ ის არ ლაპარაკობს. სტელინგი ამბობდა, რომ დიალოგების უარყოფა მისთვის პრინციპული საკითხი იყო. „მინდოდა ჰოლანდიელი პროტესტანტების გამოწვევა - აღნიშნა რეჟისორმა - იმ ხალხის, ვისთვისაც სიტყვა სიცოცხლის საფუძველი, ღვთაებრივი ძალაა. არადა, კინო ხომ კათოლიკური ხელოვნებაა - მთლიანად აწყობილი იერსახეებზე“. სტელინგი გვახსენებს, რომ კათოლიციზმი და ხელოვნება განუყოფელია, რადგანაც კათოლიკური ეკლესიისთვის ღმერთი, როგორც შემოქმედი, ერთგვარი ღვთაებრივი მხატვარია, შემოქმედება კი სიცოცხლის და განვითარების საშუალება. არსებითად შემოქმედება „ილუზიონისტის“ მთავარი თემაცაა.

არტისტის, ილუზიონისტის ხილვა აურევს ტვინს ნიდერლანდის სოფელში მცხოვრებ ძმებს და დაშლის ოჯახს იოს სტელინგის ფილმში. ცირკით აღფრთოვანება აქ სრულიად ბუნებრივია - დაახლოებით 30 წლის ძმები ბავშვებს ჰგვანან და ბავშვებივით იქცევიან. ერთი ძმა ბუზებზე ნადირობს და ძმის დახრჩობას ცდილობს. მეორე რომანტიკოსია, რომელიც ცირკში მუშაობაზე ოცნებობს და შეყვარებულია ილუზიონისტის ასისტენტ ქალზე. რეალურად ის, რაც ხდება ეკრანზე, ბავშვობის მოგონებაა. უბრალოდ, ბავშვებს აქ უკვე მოზრდილი ძმები ასახიერებენ. ეს პირობითი ხერხი მთელი ფილმის სიურრეალისტური ენის ნაწილია - „ილუზიონისტში“ ზღვარი მოგონებასა და რეალობას, ფანტაზიასა და სინამდვილეს შორის სრულიად წაშლილია. ასეთი ფორმა ოდნავ ართულებს იოს სტელინგის ფილმის გაგებას. მაყურებელს ფილმის ბოლომდე თავსატეხების, ვიზუალური ნიშნების, ატრაქციონების ახსნა უწევს. გასაგებია რატომ - სტელინგის მიზანია ჩვენც ჩაგვრთოს „შემოქმედებაში“, ჩვენშიც გააღვიძოს არტისტი.

დაკვირვებული მაყურებელი, რომელიც გრძნობს, რომ „ილუზიონისტში“ წარმოდგენილი ყველა თავსატეხი ერთნაირად მნიშვნელოვანია, ყურადღებას აქცევს იმ ავტობუსის ნომერს, რომლითაც ცირკით შთაგონებული ძმა მშობლების სახლს დატოვებს. ეს ძველი აღთქმის თავი ყოფილა, რომელშიც აბელის და კაენის შესახებ ვკითხულობთ - მინიშნება ოჯახის, როგორც „პირველადი მთლიანობის“ დაშლაზე... მეორე მხრივ, კი ძმების დაპირისპირება „ილუზიონისტში“ არტისტის გაორების მაჩვენებელია, ანუ კაენის და აბელის ამბავი წარმოდგენილია, როგორც დაპირისპირება ერთი ადამიანის შიგნით.

გაორება აქ შემოქმედების მუხრუჭია. შემოქმედებითი ენერგიის „ხორცშესხმისთვის“, იმისათვის რომ შემოქმედება იქცეს „პროდუქტად“, რაციონალურმა საწყისმა უნდა მოკლას სიგიჟე, დაახრჩოს იგი, ანუ გაითვალისწინოს სოციუმის მოთხოვნები, გაითვალისწინოს დაკვეთა, რომელსაც ქმნის მაყურებელი, მსმენელი. გარკვეული თვალსაზრისით ესაა ვარიაცია ცნობილი დებულებისა „სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს“.

იმისათვის, რომ არტისტს გაუგონ და დააფასონ, არტისტი უნდა გადაიქცეს ილუზიონისტად (ილუზიები უნდა შექმნას) და რაც მთავარია, მან აუცილებლად უნდა დაძლიოს სიგიჟე და არანორმალურობა საკუთარ თავში.

ცხადია, ეს სევდიანი დასკვნაა. ამიტომაცაა გაქილიკებული „ილუზიონისტში“ ფსიქოთერაპია, როგორც „განორმალურება“, ანუ შემოქმედებითი საწყისის, სიგიჟის ძალადობრივი განადგურება. აქ ფსიქიატრები, იარებით შუბლზე, წარმოდგენილები არიან, როგორც შეშლილები, რომლებიც სხვის განკურნებას ცდილობენ და ავიწყდებათ, რომ ამ სამყაროში აბსოლუტურად ყველა ცოცხალ არსებას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი.

იარებს შუბლზე ფსიქიატრებსაც შეამჩნევთ, ისინიც კი მანიპულაციის, ძალადობის, ტყუილის მსხვერპლნი არიან. მაგრამ ჩვენ ირგვლივ, საბედნიეროდ, ვხედავთ გამბედავ ადამიანებს, რომლებმაც ეს ნაწიბურები პლასტირივით მოიხსნეს, როგორც იოს სტელინგის ფილმში. ზოგიერთი მათგანი სწორედ ამის გამო ზის ციხეში.

სილამაზესთან ერთად თავისუფლებაც მსხვერპლს მოითხოვს. ზეიმი შეიძლება დასრულდეს. მაგრამ ოდესმე დასრულდება უსამართლობაც.

ფილმი სრული სახით შეგიძლიათ იხილოთ აქ - ფილმში არ არის დიალოგები.


  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG