Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქანცგაწყვეტილი ირანი


გოგი გვახარია გვირჩევს ფილმ „ველოსიპედისტს“, 1987, რეჟისორი მოჰსენ მაჰმალბაფი
გოგი გვახარია გვირჩევს ფილმ „ველოსიპედისტს“, 1987, რეჟისორი მოჰსენ მაჰმალბაფი

ირანელ კინორეჟისორებს ისეთი ბიოგრაფია აქვთ, მათ ცხოვრებაზე რომანები დაიწერება. ფაქტობრივად - ყველას. მაგრამ მოჰსენ მაჰმალბაფის ცხოვრება, ვფიქრობ, მაინც განსაკუთრებულია.

„ველოსიპედისტი“ (1987, ირანი, რეჟისორი მოჰსენ მაჰმალბაფი)


თანამედროვე ირანული კინოს კლასიკოსის ბიოგრაფია მოულოდნელობებით აღსავსე სათავგადასავლო კინოს რომ ჰგავს, ამას თავად მაჰმალბაფიც აღიარებს; ავტობიოგრაფიული ფილმიც ხომ გადაიღო, „უმანკოების ხანა“(1996). ოღონდ იმ დროს, როცა უკვე ირანული კინოს ერთ-ერთი ლიდერი და რაც მთავარია, ირანული კინოს სახე გახდა... იმ დროს, როცა ეყო გამბედაობა და თავის თავს, თავის ახალგაზრდობას გაემიჯნა.

მაჰმალბაფი 15 წლის იყო 1972 წელს, როცა სკოლიდან გამოიქცა და შაჰის წინააღმდეგ შექმნილ არალეგალურ ჯგუფში გაერთიანდა. ორი წლის შემდეგ პოლიციელზე თავდასხმისთვის დააპატიმრეს. სასჯელის უმაღლეს ზომას გადაურჩა იმის გამო, რომ არასრულწლოვანი იყო. ხუთი წელი ციხეში გაატარა. ამასობაში ისლამურმა რევოლუციამ გაიმარჯვა, თუმცა ახალი ხელისუფლების სამსახურში არ ჩამდგარა. მან დაიწყო კინოში სიარული (არადა რევოლუციამდე კინო, როგორც „შაჰის გართობა“, ეჯავრებოდა) და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა სინეფილად.

„მე აღარ მჭირდება იარაღი, რადგან უკვე მაქვს. და ეს იარაღია კინემატოგრაფია“ - მაჰმალბაფის ცნობილი სიტყვებია. მისი დებიუტი სულაც არ იყო პაციფისტური - თავიდან შეუერთდა ირანელი რეჟისორების იმ ჯგუფს, რომელიც ირან-ერაყის ომის თემაზე სათავგადასავლო-პატრიოტულ, პროპაგანდისტულ ფილმებს იღებდა. მაგრამ მალევე ჩამოშორდა ამ ჟანრს და უკვე 1989 წელს, „ველოსიპედისტის“ პრემიერის შემდეგ, საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ისლამური რევოლუციის ხელისუფლება ჰოლივუდის ფილმებს თითქმის არ აჩვენებდა. თუმცა საბჭოთა კავშირის მსგავსად, უპრობლემოდ უთმობდა ეკრანს იმ ფილმებს, რომელთა ავტორები დაუფარავად აკრიტიკებდნენ ამერიკულ სინამდვილეს. ასეთი იყო სწორედ სიდნეი პოლაკის „ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხომ ხოცავენ?“ - ერთგვარი მეორე მხარე „ამერიკული ოცნებისა“, კინემატოგრაფიული მეტაფორა დეჰუმანიზაციისა, რომელიც მოაქვს მომხმარებლურ საზოგადოებას. პოლაკის ფილმის პათოსი, შეიძლება ითქვას, დაემთხვა ღირებულებებს, რომლებსაც ამკვიდრებდა პოსტრევოლუციური ირანი. ისლამური ფასეულობების და ზოგადსაკაცობრიო პრობლემების ბალანსი კი მაჰმალბაფმა, ისევე როგორც ირანული კინოს მთელმა ამ ე.წ. „მეორე ტალღამ“, ადვილად გაითავისა... უფრო სწორად, გაათამაშა. მით უმეტეს, რომ „ველოსიპედისტის“ მსოფლიო პრემიერა თითქმის დაემთხვა რუჰოლა ხომეინის გარდაცვალებას და შესაბამისად, ცენზურის შესუსტებას აქაურ ხელოვნებაში.

„ველოსიპედისტი“ სიდნეი პოლაკის ფილმის ირანული ვერსიაა (მაგრამ ჩვენში უფრო ხშირად ვიტორიო დე სიკას „ველოსიპედის გამტაცებლებს“ ადარებენ ხოლმე). ფილმის პროტაგონისტი, ირანის საზღვრისპირა ქალაქში მცხოვრები ავღანელი დევნილი, ნასიმი, სამშობლოში ცნობილი ველომრბოლელი იყო, მაგრამ ირანში მას ცოლის მკურნალობის საშუალებაც კი არა აქვს - დილიდან საღამომდე მუშაობს, თუმცა ეს შემოსავალი მაინც არ ჰყოფნის. ნასიმი გაიცნობს პრომოუტერს, რომელიც შოუს დადგმას აპირებს - ველოსიპედისტმა მთელი კვირის განმავლობაში წრეზე უნდა იაროს, ისე, რომ ერთხელაც არ გაჩერდეს. მშიერ ხალხს გართობა უნდა, ამიტომ დიდია შანსი, შოუმ გაამართლოს და ნასიმის ცხოვრება ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს. ველოსიპედით წრეზე მბრუნავი ადამიანი, რომელიც თანდათან უძლურდება, უკვე აღარ არის ადამიანი — რეჟიმმა ის ინსტინქტურ არსებად აქცია.

ფილმის პრემიერის დროს მაჰმალბაფი ჯერ კიდევ „რევოლუციური ინტელიგენციის“ წარმომადგენლად ითვლებოდა, ამიტომ „ველოსიპედისტის“ კრიტიკულ ტონს და სოციალური უსამართლობის ყველასთვის მოულოდნელ გაშიშვლებას ცენზურამ მაინც და მაინც არ მიაქცია ყურადღება. მით უმეტეს, რომ ერაყთან ომის დასრულების შემდეგ რეჟიმი თავადაც ცდილობდა ეჩვენებინა, როგორ ზრუნავდა ავღანელ დევნილებზე, რომლებმაც ომის დროს ირანს შეაფარეს თავი. „Kayhan Farhangi“, ამ დროისთვის უკვე ნახევრად ოფიციალური გამოცემა წერდა: „ფილმი მიანიშნებს სოციალური პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე, მაგრამ რეჟისორი ვალდებულია, უკეთ წარმოაჩინოს ღვთის ნება ადამიანის ცხოვრებაში.“

ეს, ფაქტობრივად, გაფრთხილება იყო. თუმცა მაჰმალბაფის პოპულარობა ასეთი ხასიათის შენიშვნებმა უფრო გაზარდა. 1990 წელს კიდევ ერთმა ირანელმა კლასიკოსმა აბას ქიაროსთამიმ გადაიღო ფილმი „ახლო ხედი“, რეალურ სასამართლო პროცესზე კაცისა, რომელიც თავის თავს კინორეჟისორ მაჰმალბაფად ასაღებდა. როგორც აღმოჩნდა, „ველოსიპედისტი“ არა მარტო მისი საყვარელი ფილმი იყო. ეს კაცი მთელი არსებით ცხოვრობდა მაჰმალბაფის ფილმით, „ველოსიპედისტი“ მისი ცხოვრების ნაწილი გახდა.

მაგრამ მაჰმალბაფის ემიგრაციის შემდეგ ქიაროსთამის „ახლო ხედიც“ თაროზე მოხვდა. ერთმა ფილმმა „შობა“ მეორე ფილმი და მერე გააქრო კიდეც.

რომანტიკოსი-რევოლუციონერის ურთიერთობა ირანის ხელისუფლებასთან თანდათან იძაბებოდა. მაჰმალბაფი იძულებული გახდა, ხან თურქეთში ემუშავა, ხან ავღანეთში გადაეღო ფილმი, ხანაც - ტაჯიკეთში და ხანაც - საქართველოში (“პრეზიდენტი”). მაჰმალბაფი გახდა სიმბოლური ფიგურა ირანული კინოსთვის, კაცი, რომელმაც კარიერა პროპაგანდისტული ფილმებით დაიწყო, მერე ალეგორიული ენით შეუტია ზუსტად იმ ფასეულობებს, რომლებიც თავად დაამკვიდრა, 2001 წელს კი, როცა ფაქტობრივად საბოლოოდ გადაიხვეწა დასავლეთში, კანის კინოფესტივალზე აღიარა: “ჩემი კამერა აღარ იბრძვის. ის დუმილით აკვირდება სისტემას”.

მისი კინო სისტემას აკვირდება, თუმცა თავად მაჰმალბაფს სამოქალაქო პოზიციის გამოხატვაზე უარი არასდროს უთქვამს. 2015 წელს ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც გადაეცა რობერ ბრესონის სახელობის პრიზი კინოში გაწეული ღვაწლისათვის, თავის სამადლობელო სიტყვაში მაჰმალბაფმა აღნიშნა, რომ პრიზს უძღვნის უკრაინელ რეჟისორს, ოგენ სენცოვს, რომელიც იმხანად რუსეთის ხელისუფლებამ ტერორიზმისთვის გაასამართლა.

2023 წელს მაჰმალბაფმა ხელი მოაწერა ფრანგულ გაზეთ „ლიბერასიონში“ გამოქვეყნებულ 50 კინემატოგრაფისტის წერილს, რომელშიც გმობდა ისრაელის შეჭრას ღაზის სექტორში და მოითხოვდა ჰუმანიტარული დერეფნის შექმნას მძევალთა გასათავისუფლებლად.

რაც შეეხება მის მთავარ იარაღს, კინოს, ფაქტია, მაჰმალბაფის იარაღი თავისუფალ სამყაროში ისე ძლიერად, ისე ხმამაღლა არ ისვრის, როგორც ირანში, ემიგრაციამდე. ამ თვალსაზრისით, იგი ერთგვარი სახე ხდება ირანული კინოს „მეორე ტალღისა“ - წარმოადგენს იმ რეჟისორებს, რომლებმაც ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმები სამშობლოში ყოფნისას, ფაქტობრივად ტყვეობაში გადაიღეს. როგორც კი თავისუფალ გარემოში მოხვდნენ, იქ, სადაც „გადაკრულად ნათქვამი“ დიდად არ ფასობდა, მათი კინო უბრალოდ სენტიმენტალურ, ადამიანურ, მაგრამ ძალიან მოძველებულ და ზედმეტად გულუბრყვილო სანახაობას დაემსგავსა.

ფილმის სრული ვერსია ინგლისური სუბტიტრებით ნახეთ აქ:


  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG