Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იზაბელ აჯანი ურჩხულებთან ბრძოლაში


ვერნერ ჰერცოგის ფილმი „ნოსფერატუ. ღამის მოჩვენება“
ვერნერ ჰერცოგის ფილმი „ნოსფერატუ. ღამის მოჩვენება“

„ნოსფერატუ. ღამის მოჩვენება“ (გფრ, რეჟისორი ვერნერ ჰერცოგი)

27 ივნისს იზაბელ აჯანი 70 წლის გახდა. „სეზარის“ (ფრანგული კინოს მთავარი ჯილდოს) ხუთგზის ლაურეატის იუბილე საფრანგეთის კინემატოგრაფიულ წრეებში საკმაოდ მოკრძალებით აღნიშნეს. ცუდი დროა აჯანისთვის - ჯერ იყო და პანდემიის წლებში ანტივაქსერული განცხადებები გაახსენეს (2017 წელს აღიარა შვილები არასდროს ამიცრიაო), მერე ფინანსურ თაღლითობაში ბრალდება და ის 250 000 ევრო, რომელიც სასამართლომ ჯარიმის სახით დაუწესა გადასახადების დამალვის გამო. მაგრამ უარესი დროც ახსოვს, განსაკუთრებით 90-იანი წლების მეორე ნახევარი, როცა თავისი შვილის მამასთან, დენიელ დეი-ლუისთან განშორების შემდეგ დეპრესიამ სრულიად დააუძლურა. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როცა იზაბელ აჯანი ახალშობილთან ერთად მარტო დარჩა. პირველად ფეხმძიმე აჯანი ოპერატორმა ბრუნო ნიუტენმა მიატოვა - მისი პირველი შვილის მამამ, რომელსაც იზაბელმა ფაქტობრივად დააძალა, შეეცვალა პროფესია, რეჟისორობა დაეწყო და გადაეღო „კამილ კლოდელი“. ამ ფილმში აჯანი სიყვარულისგან შეშლილი მოქანდაკის როლს განასახიერებდა. სწორედ „კამილ კლოდელის“ ბრიტანული პრემიერის შემდეგ გაიცნო დენიელ დეი-ლუისი.

„კამილ კლოდელი“, ალბათ, ახალგაზრდული წარმატების, ბედნიერების განმეორების ცდა იყო, გაუცნობიერებელი სურვილი, დაბრუნებოდა იმ დროს, როცა ალჟირული წარმოშობის 17 წლის გოგონა, იზაბელ აჯანი, „კომედი ფრანსეზმა“ თავის დასში მიიწვია. მაგრამ ახალგაზრდა მსახიობმა დაარღვია კონტრაქტი და დასთანხმდა ფრანსუა ტრიუფოს, ეთამაშა ფილმში „ადელ ჰ-ს ისტორია“ - გაეცოცხლებინა ვიქტორ ჰიუგოს ქალიშვილი, რომელსაც, კამილ კლოდელისა არ იყოს, ცალმხრივმა სიყვარულმა გონება დაუკარგა. სიგიჟე, ფსიქიკური კოლაფსი იზაბელ აჯანის ცხოვრების და შემოქმედების „მთავარი თემა“ გახდა. შეშლილი ქალების ამ სახეებმა ფრანგული კინო გაამდიდრეს, მაგრამ ნერვიულმა კრიზისებმა, ისტერიკამ და სასოწარკვეთამ არაერთხელ დაანგრია კინოვარსკვლავის ცხოვრება. შეიძლება ამიტომაცაა, რომ იზაბელ აჯანი არასდროს გამხდარა ფრანგული კინოს დედოფალი. თუნდაც ისეთი, როგორიც კატრინ დენევია. მიუხედავად პოპულარობისა, ის ოდნავ გამიჯნული იყო კინემატოგრაფიული ელიტისგან... გამიჯნული რეალობისგან, თავისი პერსონაჟებივით, რომელთაგანაც ლუსი, ვერნერ ჰერცოგის ფილმში „ნოსფერატუ. ღამის მოჩვენება“, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი, ყველაზე მომნუსხველია. დღევანდელი საქართველოსთვის კი ყველაზე აქტუალური.

კი, ბრემ სტოკერის წიგნის ეკრანიზაციასა და ფრიდრიხ მურნაუს ექსპრესიონისტური ფილმის რიმეიკში გერმანელმა რეჟისორმა ვერნერ ჰერცოგმა ნინას სახელი შეუცვალა და ლუსი დაარქვა. გრაფი დრაკულას ვნების ობიექტი კიდევ უფრო იმქვეყნიური გახდა, ვიდრე მურნაუსთან. მაგრამ მთავარი ისაა, რომ იდეალურად შეერწყა იზაბელ აჯანის იმიჯს, ყველაფერს, რაც მსახიობს მანამდე გაუკეთებია თეატრსა და კინოში და რასაც მომავალში გააკეთებს. აჯანის გმირები ხომ თითქმის ყოველთვის უკიდურესობებში მერყეობენ. ფრანგულ კინოში იშვიათი მსახიობი ქალი, რომელიც ერთდროულად გამოხატავს სისუსტეს და შეუპოვრობას, დაუცველობას და ფატალურობას.

„ნოსფერატუ. ღამის მოჩვენებაში“ კინოხელოვნება თითქოს შუა საუკუნეების მისტერიებს უბრუნდება. ესაა ფილმი, გადაღებული ფლამანდური სკოლის მხატვრების სტილში - ცივი და იდუმალი. იზაბელ აჯანი თავისი ფერმკრთალი სახით, მკვეთრად გამოხატული თვალის კონტურით და შავი თმებით, მოჩვენებას რომ ჰგავს გრძელ, თეთრ ღამის პერანგში, იდეალურად მოერგო ჰერცოგის ექსპრესიონიზმს. ლუსი აქ ხშირად დგას ფანჯარასთან, თითქოს რაღაც სხვა სამყაროს ნაწილია. თითქმის არ ეკონტაქტება ადამიანებს. მისი სილამაზე გამიჯნულია იმ რეალობისგან, რომელსაც ჰერცოგი გვიხატავს - როგორც ჰორორი, როგორც კატასტროფა. სამყაროს დასასრულის ამ სურათებში წვეთ სისხლს ვერ ნახავთ. ჰერცოგის კამერა აღბეჭდავს მხოლოდ მიცვალებულებს და აგონიაში მყოფ მომაკვდავ სხეულებს. სრულ სიბნელესა და უიმედობაში ადამიანები უსუსურები აღმოჩნდნენ განსაცდელის წინაშე. ამიტომ სიგიჟე აქ სიკვდილზე უფრო სწრაფად ვრცელდება. ჰერცოგი გაშინებს, გაჯადოებს ძალადობის სცენების გარეშე... და ლუსი ამ მხრივაც მთავარი ფიგურა ხდება „ნოსფერატუში“. იგი ფაქტობრივად ერთადერთია, ვინც გახრწნილ სინამდვილეში სიცოცხლეს განასახიერებს.

თავიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ვერნერ ჰერცოგის „ნოსფერატუ“ მხოლოდ და მხოლოდ სტილიზაციაა უხმო კინოს ეპოქის მურნაუს ფილმისა. კლაუს კინსკი (გრაფი დრაკულა), ბრუნო განცი (ჯონათან ჰარკერი) და რა თქმა უნდა, აჯანი თავიანთი ნელი მოძრაობებით, ხაზგასმული ჟესტებით თითქოს მხოლოდ ბაძავენ ექსპრესიონისტურ ფილმში გადაღებულ მსახიობებს. მაგრამ ჰერცოგთან პლასტიკა და ქორეოგრაფია უფრო ეფექტურია, უფრო შთამბეჭდავი ალბათ იმიტომაც, რომ „ნოსფერატუ. ღამის მოჩვენებას“ იდეალური საუნდტრეკი აქვს - გერმანული ავანგარდული ჯგუფის, Popol Vuh-ის აბსოლუტურად კინემატოგრაფიული მუსიკა, ვაგნერის „რაინის ოქრო“ და ჩვენი “წინწყარო“, ანსამბლ „გორდელას“ შესრულებით. ქართული მუსიკა ფილმში ჟღერს სწორედ ჭირის დროს გამართული ლხინის ეპიზოდში - იზაბელ აჯანის დღეს უკვე ლეგენდარულ „გავლაში“. სწორედ აქ მიიღებს მისი პერსონაჟი გადაწყვეტილებას - ვიღაცამ უნდა შეძლოს, ვიღაცამ უნდა მოუღოს ბოლო ამ ბოროტებას.

„დღეს ჩვენ შევძლებთ ურჩხულის მოშორებას. ახლა ვხვდები, რომ მისი განადგურება მარტო მომიწევს“, - იტყვის ლუსი და მართლაც მარტო, დაუხმარებლად გადადგამს ამ ნაბიჯს მსხვერპლშეწირვისკენ. დაე, ქალაქმა გააგრძელოს ეს ნადიმი შავი ჭირის დროს, ნადიმი ვირთხებში და მიცვალებულებში. სიცოცხლე ვერ შეწყდება. ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ბოროტების ეპიდემიას სინათლეს დაუბრუნებს. კი, ვამპირებსაც ეყოლებათ მემკვიდრეები, მაგრამ ვერც ისინი ვერ იარსებებენ მარადიულად, რადგან მსხვერპშეწირვის ეს აქტი გადამდები აღმოჩნდება. ლუსის აუცილებლად მიბაძავენ სხვები - მასავით მშვენიერი ქალები!

ფილმის სრული ვარიანტი არის აქ:

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ფორუმი

XS
SM
MD
LG