ზუგდიდში მოქმედი ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია თვითმმართველი ქალაქ ზუგდიდისა და თემის საკრებულოებს მოუწოდებს მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები გამართონ და მხოლოდ მათი აზრის გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ. მიმართვის ტექსტი მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს გააცნეს დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რეგიონალური განვითარების კომისიამ გამართა სხდომა, სადაც განიხილეს 2014 წელს გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანების საკითხი. არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, სამთავრობო კომისიის წევრებს შენიშვნა არ გამოუთქვამთ და მუნიციპალიტეტის საკრებულოებს კონსულტაციებისა და გაერთიანების შესახებ თანხმობის მისაღებად წინადადება გაუგზავნეს.
„დისკუსიების გარეშე არ მიიღონ ეს გადაწყვეტილება და მოქალაქეები უნდა იყონ ჩართული ამაში. გადაწყვეტილება არ უნდა ხდებოდეს პარტიული დირექტივების მიხედვით, არამედ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მოქალაქეთა ინტერესების დაცვას“, - განაცხადა „საუნჯის“ ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორ არჩილ თოდუას განცხადებით, 2013 წელს ზუგდიდში გაიმართა სხვადასხვა აქტივობა და შეგროვდა ხელმოწერები, რითაც გამოვლინდა, რომ ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ამავე ტერიტრიაზე მცხოვრები იმ 50 000 მოქალაქის ნებაა, რომლებმაც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს ქალაქის მერი და საკრებულო. როგორც არჩილ თოდუამ განმარტა, ხელმომწერთა შორის ის პირებიც არიან, ვინც დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებშია წარმოდგენილი, მათ შორის, მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეულნი. ამიტომ, მისი სიტყვებით, საკრებულოს წევრებს მართებთ მეტი პასუხისმგებლობა და თავიანთი ამომრჩველების ინტერესების შესაბამისად გადაწყვეტილების მიღება.
„ჩვენ ხშირად ვხვდებით მოსახლეობას და ვიცით, რომ მათი უმრავლესობა ეწინააღმდეგება ამ იდეას. ისინი ამბობენ, რომ ქალაქ ზუგდიდს უნდა შეუნარჩუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ხოლო თემ ზუგდიდს კი შეუნარჩუნდეს თვითმმართველი თემის სტატუსი. ჩვენ ვითხოვთ, რომ იმ ადამიანებმა, ვინც მართავს ქართულ სახელმწიფოს, უარი თქვან ამ გადაწყვეტილებაზე და თუკი მაინც აპირებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას, მინიმუმ გამართონ კონსულტაცია ხალხთან და ჰკითხონ მათ აზრი“, - განაცხადა არჩილ თოდუამ.
ასოციაცია „დეას“ აღმასრულებელი დირექტორი მადონა ხარებავა დარწმუნებულია, რომ თავის დროზე მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ ზუგდიდში ხმა მისცა სწორედ დაანონსებული თვითმმართველობის რეფორმის მიზეზით. გარდა მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილისა, მადონა ხარებავას თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტების გაერთიანება, არის ის, რომ დაირღვევა დეცენტრალიზაციის მთავარი პრინციპი - მოსახლეობის აქტიური ჩართულობა თვითმმართველობის საქმიანობაში.
„ჩვენ სოფლის კრებებმა, რომელიც ჩატარდა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ, კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რაც უფრო ახლოს არის ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობასთან, მით მეტია სურვილი ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთოს თვითმმართველობის საქმიანობაში. ჩვენ ვთვლით, როცა მოხდება მუნიციპალიტეტების გამსხვილება, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში კიდევ უფრო ნაკლები იქნება მოსახლეობის ჩართულობა“, - განაცხადა მადონა ხარებავამ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებით ქალაქი ზუგდიდი დაკარგავს საკუთარ დამოუკიდებელ ბიუჯეტს და ადგილობრივი ხელისუფლების არჩევის შესაძლებლობას, რაც შეანელებს ქალაქის განვითარების ტემპებს და შეამცირებს მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებს.
თავის მხრივ, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების წინადადება ეკუთვნის მთავრობას და, შესაბამისად, ამ საკითხზე საჯარო შეხვედრების გამართვა მისი კომპეტენციაა. იურიდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ნუგზარ სარიას, განცხადებით, ისინი მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებენ.
ქალაქის საკრებულო აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას მომდევნო კვირაში გეგმავს.