Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 21 იანვარი


„იზვესტია“ ეხმაურება მიკაილ კადიევის სასამართლო პროცესს თბილისში და საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მისცეს კადიევს პოლიტიკური თავშესაფარი. ამ თემაზე „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიას ორი ავტორი ჰყავს: გიორგი დვალი თბილისიდან და იულია რიბინა მახაჩკალადან. სტატია ასახავს მიმდინარე სასამართლო პროცესს და შეეხება ასევე იმ დანაშაულებრივ ქმედებებს საქართველოსა და რუსეთში, რომელთა მომზადებასა და განხორციელებაში მონაწილეობის გამო კადიევი ორივე ქვეყნისთვის საინტერესო ფიგურად იქცა.

მიკაილ კადიევი თბილისში 2013 წლის იანვარში დააკავეს და დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვისთვის ბრალი წარუდგინეს. დაკავებული საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვდა იმ მოტივით, რომ რუსეთში ცხოვრება მისთვის უსაფრთხო არ იქნებოდა, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ კადიევს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან რეკომენდაცია არ გაუწია. „კადიევმა ვერ შეძლო დაემტკიცებინა რელიგიური დევნისა და მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების შესაძლებლობა რუსეთში“, - ნათქვამია ლტოლვითა და განსახლების სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც კადიევის ადვოკატები არ ეთანხმებიან. როგორც გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, „ვიღაცას სურს მოსკოვს თავი მოაწონოს“.

კადიევი რუსეთში 2009 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის იძებნება. მას ბრალი ედება ხასავიურტის რაიონის გამგებლის, ალიმსოლტან ახმატოვის, მკვლელობაში. სტატიაში ნათქვამია, მართალია, თავშესაფარზე უარის თქმა ავტომატურად ექსტრადაციის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას არ ნიშნავს, მაგრამ, როგორც ჟურნალისტები წერენ, მამუკა არეშიძის კომენტარებზე დაყრდნობით, ყველაფერი მოვლენების ასეთი განვითარებისკენ მიდისო.

სტატიის ბოლოს ვკითხულობთ კადიევის საქმის დეტალებისა და ასევე იმ დანაშაულებების შესახებ, რომლებში მონაწილეობაც ედება მას ბრალად ქართული და რუსული საგამოძიებო უწყებების მიერ.

წინა კვირაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია განსაკუთრებით საინტერესო იყო რუსული პრესისათვის.
„იზვესტია“ აქვეყნებს მიხაილ ვიგნანსკის სტატიას, სათაურით „სააკაშვილი სამშობლოში უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში არ დაბრუნდება“. სტატია შეეხება მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას ამერიკის შეერთებულ შტატებში და სალექციო კურსს, რომელსაც სააკაშვილი ტაფტსის უნივერსიტეტში წაიკითხავს. ჟურნალისტი ყოფილი პრეზიდენტის შესახებ მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა, რომელმაც „იზვესტიას“ განუცხადა, რომ სააკაშვილი, მართალია, ინარჩუნებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოზიციას, მაგრამ კონტაქტზე მხოლოდ კვირაში ერთხელ გამოდის და თვლის, რომ პარტია უკვე მის გარეშე უნდა განვითარდეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე თავს იკავებს ჟურნალისტებთან კონტაქტისგან და საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ ფეისბუკის საშუალებით ეკონტაქტება.
სტატიაში ასევე საუბარია დავით კეზერაშვილის დაკავებისა და იმ წერილის შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მისწერა ფრანგულ მხარეს და სთხოვა, რომ კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიცია არ დაეშვათ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ინიციატივით აშენებულ სასახლეში აღმოჩენილი არალეგალური გაზსადენის შესახებ „ტრუდი“ წერს. სტატიაში ნათქვამია, რომ სასახლეს წლების განმავლობაში გაზი მრიცხველის გვერდის ავლით მიეწოდებოდა. ეს კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა შენიშნეს სასახლის შემოწმების დროს და გაზსადენი დალუქეს.
XS
SM
MD
LG