Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

RSF „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“: „ჟურნალისტიკისადმი სიძულვილი დემოკრატიას საფრთხეს უქმნის“


გამოქვეყნდა ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ 2018 წლის ანგარიში, რომელიც მსოფლიოს 180 ქვეყანაში პრესის თავისუფლების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შეფასებას იძლევა. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის ზრდის ტენდენცია იკვეთება. ერთი მხრივ, მედიისადმი სიძულვილს პოლიტიკური ლიდერები ახალისებენ, მეორე მხრივ, ავტორიტარული რეჟიმები მედიის მეშვეობით ავრცელებენ თავიანთ იდეებს, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

საგულისხმოა, რომ, ანგარიშის თანახმად, მედიის მიმართ სიძულვილით გამოირჩევიან არამხოლოდ ავტორიტარული რეჟიმები, როგორიცაა, მაგალითად, თურქეთი და ეგვიპტე, სადაც მედიაფობია ისეთ ფორმებს იძენს, რომ ჟურნალისტებს მუდმივად ტერორიზმში ადანაშაულებენ და აპატიმრებენ. დემოკრატიული გზით არჩეული ლიდერებიც არ მიიჩნევენ მედიას დემოკრატიის განუყოფელ ნაწილად და მასში მოწინააღმდეგეს ხედავენ, რომლის მიმართაც ღიად გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას. აშშ-მა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ორი პუნქტით (45 პუნქტამდე) გაიუარესა პრესის თავისუფლების ინდექსი. ტრამპმა რეპორტიორებს „ხალხის მტერი“ უწოდაო, წერია ანგარიშში, რომლის ავტორებიც იხსენებენ, რომ ამ ტერმინს იოსებ სტალინი იყენებდა.

მედიის სიტყვიერი შევიწროება მატულობს ევროპის ქვეყნებშიც, თუმცა ეს რეგიონი მაინც რჩება პრესის თავისუფლებისადმი პატივისცემით გამსჭვალულ რეგიონად. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ იხსენებს, რომ ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი პრესკონფერენციაზე კალაშნიკოვის ყალბი ავტომატით მივიდა, რომელსაც ეწერა „ჟურნალისტებისთვის“.

ორგანიზაცია წერს, რომ გასული წლის თებერვალში სლოვაკ ჟურნალისტს, იან კუჩაკს, საკუთარ ბინაში ესროლეს, როცა სულ რაღაც 4 თვე იყო გასული მალტაში კიდევ ერთი ევროპელი ჟურნალისტის, დაფნა კარუანა გლიციას, მოკვლიდან.

„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ წერს, რომ პრესის თავისუფლების ინდექსით პირველ ადგილს, მეორე წელია, ნორვეგია ინარჩუნებს. წელსაც, გასული წლის მსგავსად, მეორე ადგილზეა შვედეთი. თუმცა, პრესის თავისუფლების პატივისცემის მიუხედავად, ვერც სკანდინავიის ქვეყნები აღმოჩნდნენ გამონაკლისი. წელსაც ბოლო ადგილზეა ჩრდილოეთ კორეა.

რაც შეეხება რუსეთს (148-ე ადგილი), ანგარიშის ავტორები წერენ, რომ „შინ თავისუფალი ხმების ჩახშობის შემდეგ“ პრეზიდენტი პუტინი სულ უფრო აფართოებს პროპაგანდისტულ ქსელს, RT-სა და „სპუტნიკის“ მეშვეობით.

პრესის თავისუფლების ისტორიულ დეგრადაციას განიცდის ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმეტესობა და თურქეთიო, წერია ანგარიშში. რუსეთსა და თურქეთში კი პრესის თავისუფლების ინდექსი 30 წლისწინანდელ მაჩვენებლამდე ჩამოვიდა. ყველაზე საგანგაშოდ ანგარიშის ავტორებს ამ ქვეყნების რეგიონალური გავლენა მიაჩნიათ.

თურქეთი (157-ე ადგილი ) ჟურნალისტებისთვის ყველაზე დიდ ციხედ იქცაო, ნათქვამია ანგარიშში. ქვეყანაში პრესის თავისუფლების ინდექსი, შარშანდელთან შედარებითაც კი, 2 პუნქტით გაუარესდა. „თითქმის ორწლიანი საგანგებო მდგომარეობის გამო ხელისუფლებამ შეძლო მედიაპლურალიზმის ნაშთების განადგურებაც“, - წერს „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“.

აზერბაიჯანის (163-ე ადგილი) პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა¸წერს „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“, არ იკმარა ჟურნალისტების დაპატიმრება, დაბლოკა ძირითადი დამოუკიდებელი საინფორმაციო საიტები და გააძლიერა ზეწოლა მათზე, ვინც ჯერ კიდევ წინააღმდეგობას განაგრძობს.

რეგიონში ზემოთ დასახელებულ ქვეყნებს შორის მხოლოდ უკრაინა (მე-100 ადგილი +1) და საქართველო (61-ე დგილი +3) მიიწევენ წინ. მიუხედავად მცირე წინსვლისა, უკრაინა, ფაქტობრივად, 2014 წლის რევოლუციის შემდგომ მაჩვენებელს სჯერდება. ოლიგარქების გავლენა და რუსეთთან „საინფორმაციო ომი“ უკრაინაში პრესის თავისუფლებისთვის მთავარ გამოწვევად იქცა. სომხეთი მე-80 ადგილზეა, მთავარი პრობლემა აქ საჯარო ინფორმაციისადმი წვდომაა.

რაც შეეხება საქართველოს, მან, 2017 წელთან შედარებით, პოზიცია გაიუმჯობესა და 180 ქვეყანას შორის 61-ე ადგილზეა. 2017 წლის რეიტინგში საქართველო 64-ე იყო. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღნიშნავს, რომ ქართული მედია პლურალისტურია, თუმცა კვლავ საკმაოდაა პოლარიზებული. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლების რეფორმებმა გააუმჯობესა მედიასაშუალებათა მფლობელობის გამჭვირვალობა და თანამგზავრული ტელევიზიის პლურალიზმი, თუმცა მფლობელები კვლავაც ხშირად ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ ხაზს უსვამს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეს და აღნიშნავს, რომ ეროვნული მასშტაბით მთავარი ოპოზიციური ტელეარხის მფლობელობასთან დაკავშირებულ დავას დიდი გავლენა ექნება. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში იშვიათია ჟურნალისტების მიმართ ძალადობა, თუმცა ხშირია ცნობები მუქარის შესახებ. ანგარიშის თანახმად, საქართველო, ტრადიციულად, თავშესაფარს აძლევდა დისიდენტებს მეზობელი ქვეყნებიდან, ამიტომ დიდი დარტყმა იყო 2017 წელს თბილისიდან აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცება. საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ აფგან მუხთარლი გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა აზერბაიჯანში, სადაც ყალბი ბრალდებით ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ აღნიშნავს, რომ მომხდარის გამო თანამდებობებიდან დაითხოვეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ორი მაღალჩინოსანი, თუმცა საქართველოში მიმდინარე გამოძიებას დღემდე არ აქვს დამაჯერებელი განმარტება, თუ როგორ მოხდა აფგან მუხთარლის გატაცება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG