უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა მანამდე სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის სარატოვის ოლქზე უკრაინული დრონებით დღეს, 28 ნოემბერს გამთენიისას განხორციელებული შეტევის სამიზნე იყო ქალაქ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
უკრაინის გენშტაბის მიერ შუადღის შემდეგ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდაცვის ძალების შეტევის შედეგად „დაფიქსირებულია აფეთქებების სერია“ და ხანძარი.
ქარხანას, რომლის მფლობელიც კომპანია „როსნეფტია“, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მხოლოდ ამ თვეში უკვე ოთხჯერ დაარტყეს - 3, 11, 14 და 28 ნოემბერს. სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ 11 ნოემბრის დარტყმის შემდეგ ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა.
„როსნეფტის“ამ ქარხანაზე დრონებით შეტევა ადრეც არაერთხელ იყო, მათ შორის 2025 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში.
სარატოვის ოლქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რეგიონზე დრონებით შეტევა დილით დაადასტურეს, თუმცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე არაფერი უთქვამთ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ზოგადი ინფორმაციით, სარატოვის ოლქში 30 უკრაინული დრონი გაანადგურეს. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ღამის განმავლობაში 29 დრონი გაანადგურეს ყირიმშიც.
დღისით უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმში დაარტყეს აეროდრომ „საკის“, სადაც წინასწარი მონაცემებით, განადგურებულია რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ობიექტები (Панцирь-С1 და ТОР-М2) და ანგარი, სადაც რუსები დრონებს ინახავდნენ.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს" უწოდებს, უკრაინა კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი