Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლში დაადასტურეს, რომ აქვთ ამერიკული გეგმის ჟენევაში შეთანხმებული ვარიანტი


ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პრესმდივან დმიტრი პესკოვთან(მარცხნივ) ერთად
ფოტო არქივიდან. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პრესმდივან დმიტრი პესკოვთან(მარცხნივ) ერთად

შეერთებულმა შტატებმა რუსეთს გადასცა „სამშვიდობო გეგმის“ ის ვარიანტი, რომელიც ჟენევაში ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკებების შედეგად მომზადდა.

„ძირითადი პარამეტრები გადმოცემულია და მომავალ კვირაში მოსკოვში საუბარი იქნება“, - განაცხადა დღეს, 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. მისი სიტყვები რუსულ სააგენტოებს, „ტასს“ და „ინტერფაქსს“ მოჰყავთ.

მომავალ კვირაში მოსკოვში დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის ვიზიტი. ის რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უნდა შეხვდეს.

დღეს პესკოვმა ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაასახელა და მედიას მხოლოდ ის უთხრა, რომ ინფორმაციას თავის დროზე გაავრცელებენ.

„ინტერფაქსის“ ცნობით, დღევანდელ ბრიფინგზე პესკოვს სთხოვეს დაეზუსტებინა, პუტინის გუშინდელი განცხადება, რომ საბრძოლო მოქმედებები შეწყდება მაშინ, როცა „უკრაინის ჯარები მათ მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან წავლენ“. კერძოდ, დაეზუსტებინა, საუბარია დონბასზე თუ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზეც.

„ყველა დეტალს ახლა არ დავასახელებთ... ეს ყველაფერი განხილული იქნება“, - იყო პესკოვის პასუხი.

განცხადება, რომლის შესახებაც პესკოვს ჰკითხეს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 27 ნოემბერს გააკეთა ბიშკეკში ორდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ისევ მოითხოვს თუ არა „ტერიტორიული საკითხის, პირველ ყოვლისა, დონბასის ნაწილში, ახლა და სამუდამოდ გადაწყვეტას, თუ ამ თემის გადადებას დასთანხმდებოდა უკეთეს დრომდე".

რუსეთის ჯარებს დონბასის გარდა, ნაწილობრივ ოკუპირებული აქვთ ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებიც და უკრაინის ეს რეგიონები კრემლს რუსეთის ტერიტორიებად აქვს გამოცხადებული.

უკრაინაში ომის დასასრულებლად ამერიკული სამშვიდობო გეგმის თავდაპირველი ვარიანტი, რომელმაც მედიაში გაჟონა, ძირითადად, რუსეთის მოთხოვნებს ასახავდა. მათ შორის დონეცკის და ლუგანსკის ოლქების და ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას, უკრაინის არმიის რიცხოვნობის შემცირებას და უკრაინის უარს, გახდეს ნატოს წევრი.

შეერთებული შტატებისგან ამ გეგმის მიღება უკრაინამ 20 ნოემბერს დაადასტურა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლოა, აღმოჩნდეს ძალიან რთული არჩევანის წინაშე - ან ღირსების, ან მთავარი პარტნიორის დაკარგვა.

23 ნოემბერს, ჟენევაში ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მოამზადეს სამშვიდობო დოკუმენტის განახლებული და დაზუსტებული ჩარჩო.

სამშვიდობო გეგმის საკუთარი, კიევისთვის მომგებიანი ვარიანტი შეიმუშავეს უკრაინის მოკავშირე ევროპის სახელმწიფოებმა. კრემლში განაცხადეს, რომ ევროპულ „არაკონსტრუქციულ" გეგმას ვერ მიიღებენ.








ფორუმი

XS
SM
MD
LG