საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობა სწრაფად იზრდება. 2025 წლის აგვისტოში 1 432-ით მეტი კაცი პატიმარი და 100-ით მეტი ქალი პატიმარია ციხეებში, ვიდრე ეს ამავე წლის იანვარში იყო.
რადიო თავისუფლებამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჰკითხა, რომელი დანაშაულებისთვის ხვდებიან ქალები ციხეში. უწყებისგან მივიღეთ ზოგადი პასუხი და ნაკლებად დეტალური სტატისტიკა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ყველაზე მეტი ქალი საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ზის ციხეში. მათი რაოდენობა, ვინც ამ ბრალდებით მოხვდა საპატიმროში, უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური დანაშაულისა და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ჩამდენებისა, ჯამში.
საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში შედის, მაგალითად, ქურდული სამყაროს წევრობა, სტრატეგიული შენობების ხელში ჩაგდება, ბლოკირება, იარაღის უკანონო შეძენა/ტარება, ხულიგნობა.
პენიტენციური უწყებისვე მონაცემებით, დღეს ციხეებში ქალი პატიმრების 25% სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია და ჯერ მსჯავრდადებული არ არის.
ქალი პატიმრებიდან 150, ანუ საერთო რაოდენობის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა. რა დანაშაულებში არიან ისინი ბრალდებული, ეს მონაცემები რადიო თავისუფლებამ ვერ მოიპოვა.
თუმცა, ზოგადად, პატიმართა რაოდენობის ზრდის ფონზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაპატიმრების მაჩვენებელიც იზრდება.
თუკი 2025 წლის იანვარში ქართულ ციხეებში უცხო ქვეყნის 1 022 მოქალაქე იჯდა 54 ქვეყნიდან, 2025 წლის აგვისტოში უცხოელი პატიმრების რიცხვი 61 ქვეყნიდან 1 347-მდე გაიზარდა. უცხოელ პატიმრებს შორის ყველაზე დიდ წილს შეადგენენ თურქეთის მოქალაქეები (34% აგვისტოს მდგომარეობით), შემდეგ მოდიან რუსეთი (11,95%), აზერბაიჯანი (8,83%), უკრაინა (7,8%) და ირანი (5,42%).
ფორუმი