Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასწავლებელ მანანა ჯავაშვილს ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს


ფოტო არქივიდან: მანანა ჯავაშვილი
ფოტო არქივიდან: მანანა ჯავაშვილი

მასწავლებელს, ვალდორფის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთ დამფუძნებელს მანანა ჯავაშვილს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებოდა.

შსს-ს იურისტმა ბუბა ნაჭყებიამ სასამართლოს სხდომაზე თქვა, რომ „აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იყო იმდენი, რომ ბუნებრივად მოეხდინა გზის გადაკეტვა“, და ამას „ხელოვნური ქმედება“ უწოდა. ის მანანა ჯავაშვილის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას მოითხოვდა.

ადვოკატი თათია კონიაშვილი მიუთითებდა, რომ მანანა ჯავაშვილი იმყოფებოდა აქციაზე და იყენებდა კონსტიტუციურ უფლებას - "მონაწილეობას იღებს პროტესტში, რომელიც 300-ზე მეტი დღეა გრძელდება".

ადვოკატის თქმით, "არ შეიძლება შეკრების უფლების კრიმინალიზება მოხდეს, ამას ექნება მსუსხავი ეფექტი... ადამიანს უნდა შეეზღუდოს თავისუფლება იმის გამო, რომ 15-20 წუთის განმავლობაში გადავიდა ქუჩაზე, ეს არაკონსტიტუციურია, არაკონსტიტუციურია, რადგან უმკაცრეს სანქციას ითვალისწინებს და ეს არის თავისუფლების აღკვეთა“.

ადვოკატი მოსამართლეს მიმართავდა მანანა ჯავაშვილისთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადებით შემოფარგლულიყო, თუმცა მან ერთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მანანა ჯავაშვილი დღეს 3 ნოემბერს თავის სახლთან დააკავეს, გუშინ ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდა დასთან ეკა ჯავაშვილთან და ორ ვაჟთან - ლადო და გიგა წიბახაშვილებთან, ყველა მათგანი პოლიციამ დღეს დააკავა.


წინა ხუთი დღის განმავლობაში - 27-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით - რუსთაველზე საპროტესტო დემონსტრაციების 29 მონაწილე დააკავეს. 28 მათგანი - ადმინისტრაციული წესით.

მათ შსს ედავება რუსთაველის გამზირის „უკანონოდ გადაკეტვას“, რაც ორ კვირაზე მეტია, გამკაცრებულად ისჯება, პირდაპირ ადმინისტრაციული პატიმრობით, ჯარიმის გარეშე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 16 ოქტომბერს გაამკაცრა, ერთი წლის განმავლობაში გზის განმეორებით გადაკეტვა სისხლის სამართლის წესით ისჯება - ერთ წლამდე ვადით პატიმრობით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG