Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით შეტევა იყო ენერგოობიექტებზე


გასული ღამის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ენერგოობიექტებზე რუსეთის ორიოლისა და ვლადიმირის ოლქებში. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება და ტელეგრამ-არხები იუწყებიან. ქალაქ ორიოლის ნაწილი ელექტროენერგიის, ცხელი წყლის და გათბობის გარეშე დარჩა.

ორიოლის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი კლიჩკოვმა 31 ოქტომბერს, დაახლოებით 04:00 საათისთვის სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების მიერ მოგერიებული დრონების ნამსხვრევები ჩამოცვივდა ქალაქ ორიოლის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე და დააზიანა ელექტროენერგიით მომარაგების დანადგარი. გუბერნატორის თანახმად, ქალაქისთვის ელექტროენერგიის მისაწოდებლად სარეზერვო ხაზები აამოქმედეს.

დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ კლიჩკოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დრონის ჩამოვარდნის შედეგად თბოელექტროსადგურის მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა, რის გამოც ქალაქ ორიოლის სამ რაიონს შეუწყდა გათბობით და ცხელი წყლით მომარაგება და სარემონტო სამუშაოები დღეს ღამემდე გაგრძელდება. ქალაქ ორიოლში 290 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

ტელეგრამ-არხმა ASTRA-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახავს ორიოლის თბოელექტროსადგურზე დარტყმის მომენტს.

გამთენიისას რუსეთის ქალაქ ვლადიმირის მახლობლად „ინფრასტრუქტურაზე შეტევის“ შესახებ იუწყებოდა ვლადიმირის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ავდეევი. მას კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია.

ტელეგრამ-არხი ASTRA წერს, რომ სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოებისა და ფოტოების ანალიზის მიხედვით, შეტევა იყო ელექტროქვესადგურ „ვლადიმირსკაიაზე“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 30 ოქტომბრის ღამის თერთმეტი საათიდან 31 ოქტომბრის დილის რვა საათამდე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 130 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 9 - ორიოლის ოლქში. რეგიონების ჩამონათვალში არ იყო ვლადიმირის ოლქი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

თავად უკრაინის ენერგოობიექტებს რუსეთის ჯარები პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ. ამ ობიექტების დაზიანების გამო უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი მოქმედებს. ხშირად იზღუდება გათბობით და წყლით მომარაგებაც.






ფორუმი

XS
SM
MD
LG