Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: ე.წ. დიპ სტეიტს გეგმა ჩაუვარდა, "ლელო" და "გახარია" ჩამოსაწერია


ირაკლი კობახიძის თქმით, “დიპ სტეიტს” ჩაუვარდა „ნაცმოძრაობის“ „ლელოთი“ და „გახარიათი“ ჩანაცვლების გეგმა, “პრაქტიკულად, უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია”, რადგან 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მათ დაბალი მაჩვენებლები აქვთ, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა.

„ლელომ“ მიიღო წინა არჩევნებში, შარშან, 180 ათასზე მეტი ხმა და ახლა მიიღო ამის ნახევარი, იმ პირობებში, როცა პრაქტიკულად არ იყო კონკურენცია, მათთვის ოპოზიციურ ფლანგზე. რაც შეეხება, გახარიას პარტიას, წინა არჩევნებში ჰქონდა 160 ათასზე მეტი ხმა მიღებული, ახლა მიიღო, დაახლოებით 50 ათასი ხმა ანუ ჩავარდა ჩანაცვლების პროექტი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე პირობას დებს, რომ ყველაფერი გაკეთდება “ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალის” – “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ბოლომდე გასანეიტრალებლად.

“ოცნების” წარმომადგენლებმა ახლო წარსულში არაერთხელ განმარტეს, რომ “კოლექტიურ ნაცმოძრაობად”, უშუალოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა”, თვლიან სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც: “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ლელო - ძლიერ საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის”.

5 ოქტომბერს კობახიძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ "კოლექტიურ ნაცმოძრაობაში" ასევე გულისხმობენ და შესაბამისად - "განეიტრალებას" უპირებენ:

  • "ყველა უცხოელი აგენტს" - "რომელიც არ ასვენებს ამ ქვეყანას";
  • "ექსტრემისტულ დაჯგუფებებს" - "რომლებიც მოქმედებენ უცხოური სპეცსამსახურების ინსტრუქციებით და დაფინანსებით. მათ შორის - ამისთვის გამოიყენება სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული ერთ-ერთი უნივერსიტეტი" [მანამდე გავრცელებული ცნობების გათვალისწინებით - ის გულისხმობს "საქართველოს უნივერსიტეტს", რომელსაც "ქართული ოცნება" რადიკალიზმის ხელშეწყობაში სდებდა ბრალს];
  • ორგანიზაციები - ""ფარი" და "ერთობა"და ასე შემდეგ" - რომლებსაც კობახიძე ასევე "ექსტრემისტულ დაჯგუფებებს" უწოდებს.


"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ ექსტრემისტული დაჯგუფებების ჩართულობით იკეტებოდა ქუჩა 50, 100 თუ 150 ადამიანის მიერ "გასული ერთი წლის განმავლობაში" და, მისი თქმით, ეს დაუშვებელია.

"რა თქმა უნდა, ეს არასწორია - არ შეიძლება, რომ 110-მა კაცმა მილიონ ასიათას კაცს გადაუკეტოს ქუჩა", - ამბობს კობახიძე. "ექსტრემისტული დაჯგუფებების" მიზანი, მისი განმარტებით, იყო "სახელმწიფოს დაზიანება, ქვეყნის დაზიანება, ეკონომიკის დაზიანება".


თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობდა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი. “ლელო - ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” მონაწილეობას სხვა ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება პროევროპული პროტესტის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებდნენ.

კობახიძის თქმით, 4 ოქტომბერს ასევე ჩავარდა საქართველოში “ნაცმაიდნის მოწყობის მეხუთე მცდელობაც” და რომ "ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოსა და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ".

"როდესაც 4 საათზე აქცია დაანონსდა, ყველამ იცოდა, რომ ეს დამხობის აქცია იყო. აქცია ასე იყო დაანონსებული. ვინც 4 საათზე აქციაზე მივიდა, ყველა დამხობის აქციაზე მივიდა, რომელიც დაანონსებული იყო ბურჭულაძის და მისი პარტნიორების მიერ", - კობახიძის თქმით, სამარცხვინოა იმ ადამიანების საქციელი, რომლებიც "დამხობის" აქციაზე მივიდნენ, ხოლო შემდეგ გაემიჯნნენ მას.

4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობამ "რუსთაველის" გამზირი დაგეგმა "სახალხო კრება", რომლის მიზანსაც - "მშვიდობიანი რევოლუცია", "მშვიდობიანი დამხობა" წარმოადგენდა. ეს ღონისძიება ხალხმრავალი იყო.

მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, ნაწილმა, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა და რამდენიმე ადამიანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია. ორგანიზატორები დააკავეს, მათ შორის - ოპერის მომღერალი, პაატა ბურჭულაძე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG