ჩეხეთში 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს მილიარდერ ანდრეი ბაბიშის პოპულისტური პარტია ANO (Akce nespokojených občanů - უკმაყოფილო მოქალაქეების აქცია). ეს ქმნის იმგვარი ხელისუფლების ფორმირების შესაძლებლობას ჩეხეთში, რომელიც ევროპის პოპულისტურ, იმიგრაციის მოწინააღმდეგე ბანაკს გააძლიერებს და უკრაინის მხარდაჭერას შეამცირებს.
ჩეხეთის მედიის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზებით, ANO მოიპოვებს ხმათა დაახლოებით 35 პროცენტს - რითაც გაუსწრებს პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას ჯგუფს, Spolu (ერთად), რომელსაც 22 პროცენტი ექნება. თუმცა ბაბიშის პარტიას, სავარაუდოდ, კოალიციური პარტნიორები დასჭირდება.
თუ ANO უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ბაბიშს ხელისუფლების შესაქმნელად ან, სულ მცირე, უმცირესობის კაბინეტის მხარდასაჭერად მოუწევს გაერთიანება სხვა პარტიებთან - დიდი ალბათობით, მათ შორის იქნება ულტრამემარჯვენე, ევროკავშირისადმი და ნატოსადმი სკეპტიკურად განწყობილი SPD.
ANO გამორიცხავს შეთანხმებას ამჟამინდელ მმართველ პარტიებთან და ლიბერალური ორიენტაციის "მეკობრეებთან", რომლებიც გასულ წლამდე ხელისუფლებაში იყვნენ.
ბაბიში, რომელიც 2017-2021 წლებში ხელმძღვანელობდა მემარცხენე-ცენტრისტულ კაბინეტს, არის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოკავშირე. მას ასევე კავშირი აქვს ევროპის პარლამენტში მოქმედი ჯგუფის, "პატრიოტები ევროპისთვის" რამდენიმე ულტრამემარჯვენე პარტიასთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპის პოლიტიკის მეინსტრიმულ მიმართულებებს.
ბაბიში უარყოფს SPD-ის მოწოდებებს ევროკავშირიდან და ნატოდან გამოსვლის თაობაზე, თუმცა ამბობს, რომ დაასრულებს "ჩეხეთის ინიციატივას" - რომლის ფარგლებშიც დასავლელი დონორების თანხებით მსოფლიოს მასშტაბით შესყიდულია საარტილერიო ტყვია-წამლის მილიონობით ჯერი უკრაინისთვის გადასაცემად.
ANO-ს სურს უკრაინისთვის დახმარების გაწევას ნატომ და ევროკავშირმა უხელმძღვანელონ. პარტიამ ევროპის პარლამენტში რამდენჯერმე შეიკავა თავი კიევისა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების ძალისხმევის მხარდასაჭერად გამართულ კენჭისყრაში - რასაც ბაბიში წარსულში ეწინააღმდეგებოდა.
ფორუმი