„დღეს გვაქვს ისტორიული შანსი და ალბათ, ბოლო შანსი, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. დღეს ისეთ დღეში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა, რომ ის გადასარჩენია და მიხარია, რომ ამდენი გულანთებული ადამიანი შევიკრიბეთ ერთად და უნდა გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი.. დღეს ისეთი დღეა, უნდა გავიმარჯვოთ... ამ წუთიდან, როგორც კი დეკლარაციას ხმას მივცემთ, ხელისუფლება გვეკუთვნის ჩვენ და არა ბიძინა ივანიშვილს“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა პაატა ბურჭულაძემ.
დეკლარაციის ტექსტის მიხედვით, სახელმწიფო ინსტიტუტები აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.
მან დეკლარაციაში გამოყო სამი პუნქტი:
- „ძალაუფლება მთლიანად ეკუთვნის ქართველ ხალხს“;
- „ე.წ. ხელისუფლებას დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია. ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია“;
- „ეროვნული კრება აცხადებს მშვიდობიან, გარდამავალ პერიოდს, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიანად საკუთარ ხელში აღებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გათავისუფლებას, ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის დიალოგის მყისიერად აღდგენას, ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობიანობის დაცვას“.
თითოეული ამ პუნქტის გაცნობის დროს დემონსტრაციაზე ისმოდა შეძახილები „ბოლომდე“.
ამის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ხალხს.
პაატა ბურჭულაძის შემდეგ დემონსტრანტებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა. მან თქვა, რომ „ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“. ამის შემდეგ დემონსტრანტები ათონელის ქუჩაზე, ადმინისტრაციის შენობისკენ წავიდნენ.
ფორუმი