Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად რატიანის სასამართლო - ლაივბლოგი (02/10/2025)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს დაცვის მხარე იტყვის დასკვნით სიტყვას პოეტ ზვიად რატიანის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე.

14:22 2.10.2025

14.17 - ქართული საერთო სასამართლოების პრაქტიკის მიხედვით 353-ე პრიმა მუხლის დაფუძნებისთვის აუცილებელია აგრესიული და ინტენსიური თავდასხმითი აქტის განხორციელება შესაბამისი კონტექსტისა და გარემოებების არსებობისას. ამასთან, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოტივს. კერძოდ, უნდა დგინდებოდეს პოლიციელზე (ან სხვა შესაბამის თანამდებობის პირზე) თავდასხმის თავისთავადი მიზანი, რაც, თავის მხრივ, ამ უკანასკნელის სამსახურებრივი მოვალეობის ხელშეშლას უნდა ემსახურებოდეს. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში ერთხმადაა აღიარებული, პოლიციელზე თავდასხმის შეფასებისას გასათვალისწინებელია რიგი გარემოებები, მათ შორის ქმედების დაბალი ინტენსივობა, არადამაზიანებელი ბუნება და ვითარება რომელიც წინ უსწრებდა ქმედებას.

14:23 2.10.2025

14.20 - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის კონფრონტაციული გადაკვეთებისას სახელმწიფოს ტოლერირების მაღალი ვალდებულება გააჩნია. როცა ამგვარი აქტები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ხდება, ეს უკანასკნელი დაცვის უპირატესი უფლებით სარგებლობს მანამ, სანამ კონფორნტაციული მოქმედება ძალადობის გადამეტებულ ხარისხს არ მიაღწევს. თავისთავად სიმბოლური მნიშვნელობისა და უკიდურესად არაინტენსიური აქტები თავდასხმის ნორმატიულ შინაარსს ვერ დააფუძნებს. შესაბამისად, ამ ნორმის საფუძველზე ზვიად რატიანის სისხლის სამართლებრივი ბრალდება ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება სამართლისა და სასჯელის მიზნებს.

14:23 2.10.2025

14.21 - ადვოკატი ამბობს, რომ სილის გაწნა იმ სახის აგრესიულ და წინასწარგანზრახულ, დაგეგმილ და მოტივირებულ ქმედებად ვერ ჩაითვლება, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის - პოლიციელზე თავდასხმის - უკან მოიაზრება. თავდასხმად, რომელსაც კანონმდებელი იყენებს ყველაზე საშიში ძალადობრივი დანაშაულებისთვის, როგორიცაა ტერორიზმი.

14:30 2.10.2025

14.22 - ამ საქმეში სიმბოლოებს თავისი ფასი ექნება - ამბობს მარიამ პატარიძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG