13.36: ქეთი ჩუთლაშვილი: სახელმწიფო ბრალდება ზვიად რატიანს ედავება პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით. დასახლებული მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით დასჯადია პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე ვადით.
13.37 - ქეთი ჩუთლაშვილი: იმისათვის, რომ კონკრეტული ბრალდებულის ქმედება მიჩნეული იქნეს 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულად, დაკმაყოფილებული უნდა იყოს რამდენიმე პირობა:
• პირი თავს უნდა ესხმოდეს პოლიციელს;
• ადგილი უნდა ჰქონდეს თავდასხმას ,როგორც განსაკუთრებულ ძალადობრივ და აგრესიული აქტს;
• პირი თავდასხმას უნდა ახორციელებდეს პირდაპირი განზრახვით;
• და თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან.
შესაბამისად, დანაშაულის ობიექტური მხარის განსახორციელდებლად აუცილებელია ბრალდებულის ქმედება პოლიციელის მიმართ ხასიათდებოდეს განსაკუთრებით მძიმე, აგრესიული ძალადობრივი აქტით, რომელიც შესაძლოა იდენტიფიცირებული იქნეს როგორც თავდასხმა.
13.38 - ქეთი ჩუთლაშვილი: დანაშაულის შემადგენლობის ობიექტური მხარის ერთ-ერთი ნიშანი- დანაშაულის ობიექტი უდავოდ სახეზეა. კერძოდ, საქმეში დაზარალებულად ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსი თეიმურაზ მეშველაშვილი და აღნიშნული გარემოება არ არის სადავო.
სადავო არ არის აგრეთვე ის, რომ ზვიად რატიანმა ერთჯერადად, გაშლილი ხელით სილა გააწნა სახის მარცხენა მხარეს. თუმცა, სადავოა ის შეიძლება თუ არა აღნიშნული აქტი განისაზღვროს როგორც თავდასხმა და სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნიშნად.
ნორმა არ შეიცვას რაიმე მითითებას, თუ რა მიიჩნევა თავდასხმად. სისხლის სამართლის სამეცნიერო ლიტერატურაში განმარტებულია, რომ თავდასხმა არის აგრესიული აქტი, რომელსაც თან ახლავს სხვადსხვა ძალადობრივი ქმედებები ან ძალადობრივი ქმედებების მუქარა.
13.39 - შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ადგილი ჰქონდა თუ არა თავდასხმას და უშუალოდ რა ქმედებები შეიძლება შეფასდეს თავდასხმად. საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი სამართლებრივი პრაქტიკის მიხედვით, თავდასხმად უმეტესად მიიჩნევა მკვეთრად აგრესიული ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც არის უკიდურესად ინტენსიური და თავისი ხასიათის გათვალისწინებით შეიძლება ჩაითვალოს თავდასხმად. ზემოხსენებულ განმარტებათა სისწორეს ადასტურებს სისხლის სამართლის კოდექსში სიტყვა თავდასხმის ექსკლუზიური გამოყენება ისეთ დანაშაულებთან, როგორიცაა მაგალითად ყაჩაღობა, ბანდიტიზმი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, მეკობრეობა, ტერორისტული აქტი.
ასევე, ყურადსაღებია, რომ სსკ-ის 325-ე მუხლი დასჯადად აცხადებს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას, ნორმის დისპოზიციაში კი თავდასხმად მიჩნეულია პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა. ტერმინოლოგიურად შეუძლებელია, ერთ შემთხვევაში კოდექსი თავდასხმად სხვა რამეს გულისხმობდეს, მეორეში კი – სხვას.
ფორუმი