Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: თუ რუსეთი კიევს ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრება, მასშტაბური გათიშვა მოხდება მოსკოვშიც


ვოლოდიმირ ზელენსკი. ნიუ-იორკი, 23 სექტემბერი, 2025.
ვოლოდიმირ ზელენსკი. ნიუ-იორკი, 23 სექტემბერი, 2025.

თუ რუსეთი კიევს ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრება, კრემლმა უნდა იცოდეს, რომ მოსკოვშიც მოხდება ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს განაცხადა კიევში გამართულ ბრიფინგზე.

ზელენსკის თქმით, მან ეს აზრი გამოთქვა მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ბოლო შეხვედრის დროს. მან აღნიშნა, რომ თუ რუსეთი რამეს დაემუქრება, „ცივილიზებული ქვეყნები“ მას იმავეთი უნდა დაემუქრონ, მათ შორის - რიტორიკის დონეზე. „არაცივილიზებული ქვეყნების მიმართ ცივილიზებულობა - ვფიქრობ, ეს შეცდომაა, როგორც რიტორიკაში, ასევე ბრძოლის ველზე და რუსეთთან მიმართებაში უფრო არსებით ქმედებებში“, თქვა ზელენსკიმ. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ „ცივილიზებული ქვეყნები ველურებისგან იმით განსხვავდებიან, რომ ისინი არასდროს იწყებენ თავდასხმას და არ არიან აგრესორები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი სუსტები არიან და სისუსტის გამოხატვა საჭირო არ არის“.

მედიის ცნობაზე, რომ ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრის დროს Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების შეძენა ითხოვა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკელმა ლიდერმა მიიღო მოთხოვნა „დეტალებითა და ილუსტრაციებით“ ყველაფრის შესახებ, რაც „უკრაინას სურს“. ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს შორი მოქმედების იარაღს მოიცავდა, თუმცა კონკრეტულად Tomahawk-ები არ უხსენებია.

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინის დელეგაცია მალე ეწვევა შეერთებულ შტატებს, მათ შორის იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებებისთვის - ახალი შეთანხმების თანახმად, შეერთებული შტატები იარაღს მიჰყიდის ნატოს სხვა ქვეყნებს, რომლებიც შემდეგ მას კიევს გადასცემენ.

ზელენსკი ასევე შეეხო საჰაერო თავდაცვის თემას. მისი თქმით, ისრაელისგან მიღებული „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინაში უკვე ერთი თვეა მოქმედებს. ისრაელის ელჩმა უკრაინაში ადრე ისაუბრა ამ სისტემის გადაცემის შესახებ, მაგრამ ისრაელის ხელისუფლებამ უარყო ეს ინფორმაცია. ელჩმა მოგვიანებით განმარტა, რომ ისრაელმა სისტემა პირდაპირ კიევს კი არ გადასცა, არამედ შეერთებული შტატების მეშვეობით გააკეთა ეს. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში კიდევ ორი „პეტრიოტის“ სისტემა ჩამოვა ამ შემოდგომაზე. ინფორმაცია შეერთებულ შტატებთან შეთანხმების ფარგლებში გერმანიის მიერ მათი უკრაინისთვის გადაცემის შესახებ ადრე გავრცელდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 10 სექტემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა პოლონეთის მიმართულებით მიმავალი 90-ზე მეტი რუსული დრონი ჩამოაგდეს, რომელთაგან მხოლოდ 19 შევიდა პოლონეთის საჰაერო სივრცეში. პოლონეთს ამ განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ვარშავამ ადრე განაცხადა, რომ დრონები ქვეყნის თავზე ძირითადად ბელარუსიდან შეფრინდნენ. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა მეტი დრონის გამანადგურებელი აწარმოოს, მაგრამ ეს დამატებით დაფინანსებას მოითხოვს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG