როგორც Wall Street Journal-ი წერს აშშ-ის მაღალი რანგის მოხელეზე და უკრაინის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ მზადაა, მოხსნას აკრძალვა ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებაზე. გამოცემის თანახმად, ამის შესახებ ტრამპმა ზელენსკის უთხრა სამშაბათს, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში შეხვედრისას.
ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა გრძელი რადიუსის მეტი რაკეტა და იმის უფლება, რომ ეს იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს. ტრამპმა პასუხად თქვა, რომ არ ეწინააღმდეგება ამ იდეას, თუმცა, გამოცემის ორივე წყაროს თანახმად, ზელენსკისთან საუბარში ტრამპს არავითარი ვალდებულება არ უკისრია.
გამოცემის თანახმად, უკრაინის დელეგაცია მომავალ კვირაში გაემგზავრება ვაშინგტონში და მოლაპარაკებებს გამართავს პენტაგონის ხელმძღვანელთან, პიტ ჰეგსეთთან.
გამოცემა Axios-ი ტრამპისა და ზელენსკის იმავე შეხვედრის შესახებ წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უარი განაცხადა უკრაინისთვის გრძელი რადიუსის რაკეტების, კერძოდ Tomahawk-ების გადაცემაზე. ეს რაკეტები დაახლოებით 1000 მილზე მოქმედებს და სისწრაფით ბევრად აღემატება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოყენებულ უკრაინულ დრონებს, რომლებიც ხშირად აწყდებიან პრობლემებს რუსეთის საჰაერო თავდაცვის მხრიდან.
ფორუმი