პარიზის ეს განზრახვა თვეების წინ გახდა ცნობილი, გადაწყვეტილება კი პრეზიდენტმა მაკრონმა ოფიციალურად 22 სექტემბერს გამოაცხადა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, სადაც საფრანგეთისა და საუდის არაბეთის ინიციატივით გაიხსნა გაეროს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა სამიტი.
ფორუმის მიზანია ახლო აღმოსავლეთში, ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტის დასრულება ორი, ისრაელის და პალესტინის სახელმწიფოთა არსებობის საფუძველზე. ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება.
სამიტზე გამოსვლისას პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებს ისრაელის და პალესტინის ხალხებს შორის მშვიდობისთვის.
მაკრონმა ისიც განაცხადა, რომ ჰამასმა ისრაელიდან გატაცებული მძევლები უნდა გაათავისუფლოს, ხოლო ისრაელმა უნდა დაასრულოს ომი და ღაზის დაბომბვა.
პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების შესახებ ნიუ-იორკში, ამავე სამიტზე განაცხადეს ბელგიის, მონაკოს, მალტის და ლუქსემბურგის ლიდერებმა.
- პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასი, რომელიც ისრაელის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული, ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს.
- პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც გაეროს წევრი სახელმწიფოების დიდი ნაწილი აღიარებს, ტერიტორიას აკონტროლებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ადმინისტრაციის მეთაურმა მაჰმუდ აბასმა, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა ნიუ-იორკში ჩასასვლელად ვიზა არ მისცა, 22 სექტემბერს გაეროს შტაბ-ბინაში მიმდინარე სამიტის მონაწილეებს ონლაინ მიმართა.
აბასმა კიდევ ერთხელ დაგმო ჰამასის მიერ მძევლების აყვანა და ამ რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებას მოუწოდა იარაღი პალესტინის ადმინისტრაციას ჩააბაროს. მაჰმუდ აბასმა ომის დასრულების შემდეგ ღაზის მოწყობის გეგმაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მართვაში ჰამასს არანაირი როლი არ ექნება.
გაეროში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა დანი დანონმა ორი სახელმწიფოს შექმნის ინიციატივის განსახილველად საფრანგეთისა და საუდის არაბეთის მიერ ორგანიზებულ სამიტს „რეალობას მოწყვეტილი თეატრი“ უწოდა. დიპლომატი დაინტერესდა, ვინ უზრუნველყოფს, რომ ჰამასი ღაზის სექტორში აღარ იყოს. დანონის განცხადებით, ისრაელი ღაზაში ომს გააგრძელებს ყველა მძევლის გათავისუფლებასა და ჰამასის სრულ ლიკვიდაციამდე.
დასავლეთის სახელმწიფოების მიერ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების პროცესი გააქტიურდა ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
2024 წელს პალესტინა სახელმწიფო აღიარეს ნორვეგიამ, ირლანდიამ და ესპანეთმა.
2025 წლის 21 სექტემბერს პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების შესახებ განაცხადეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, ავსტრალიამ და პორტუგალიამ.
ისრაელი პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას „ტერორის წინაშე კაპიტულაციას“ უწოდებს. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 21 სექტემბერს ისევ განაცხადა, რომ არანაირი პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება. ისრაელს მხარს უჭერს მისი მთავარი მოკავშირე აშშ.
პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 140-ზე მეტს.
- ჰამასის მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა 2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე ჰამასის თავდასხმას, 1200-მდე ადამიანის დახოცვას და 250-ზე მეტის მძევლად აყვანას.
- მოგვიანებით მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ამჟამად ჰამასის ტყვეობაში რჩება 50-მდე მძევალი, რომელთა ნახევარი სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
- ისრაელის ფართომასშტაბიანმა სამხედრო ოპერაციამ ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ჰამასის მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2025 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში გავრცელებული მონაცემებით, რომლებიც დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია, დაღუპულია 64 ათასზე მეტი ადამიანი.
ფორუმი