Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო აღიარეს


პალესტინური დროშა. პარიზი, 18 სექტემბერი, 2025.
პალესტინური დროშა. პარიზი, 18 სექტემბერი, 2025.

დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გამოაცხადეს. როგორც მოსალოდნელია, საფრანგეთიც იმავეს გააკეთებს მომავალი კვირის დასაწყისში.

ისრაელი ამ გადაწყვეტილებას „ტერორის წინაშე კაპიტულაციას“ უწოდებს და იხსენებს, რომ ათობით ისრაელელი მძევალი კვლავაც რჩება ჰამასის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული პალესტინური დაჯგუფების ხელში.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ „ისრაელის ამჟამინდელი მთავრობა მეთოდურად მუშაობს იმაზე, რომ არ დაუშვას პალესტინის სახელმწიფოს შექმნა“.

„კანადასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად პალესტინის სახელმწიფოს დღევანდელი აღიარება ნაწილია საერთაშორისო ძალისხმევისა, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპს ემყარება,“ ნათქვამია ავსტრალიის მთავრობის განცხადებაში.

„ორი სახელმწიფოს პრინციპით კონფლიქტის მოგვარების იმედი ქრება, მაგრამ ჩვენ არ შეიძლება დავუშვათ მისი გაქრობა,“ განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებისას. ამავე დროს დიდი ბრიტანეთი ახალ სანქციებს აწესებს ჰამასის წინააღმდეგ, რომელსაც ის უკვე ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. „ჰამასს არა აქვს მომავალი [პალესტინის სახელმწიფოს] მართვაში ან უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, თქვა სტარმერმა.

განახლება: 21 სექტემბერს, საღამოს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება გამოაცხადა პორტუგალიამაც. საგარეო საქმეთა მინისტრ პაულუ რანჟელის თანახმად, პორტუგალია მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს ორი სახელმწიფოს არსებობას, როგორც ერთადერთ გზას სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთით არანაირი პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება.

2024 წელს პალესტინის აღიარების შესახებ გამოაცხადეს ნორვეგიამ, ირლანდიამ და ესპანეთმა. ამის შემდეგ ანალოგიური განცხადება გააკეთა საფრანგეთმა.

პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 140-ზე მეტს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG