„გადმოგცემთ ლევან ხაბეიშვილის სიტყვებს. იგი არის პოლიტიკოსი, რომელიც დაკავებულია პოლიტიკური განცხადებისთვის. იგი დააკავეს იმისთვის, რომ მას ჰქონდა გამარჯვების რწმენა და არ უნდათ, რომ მისი რწმენა გადაედოს ხალხს“, - თქვა ადვოკატმა.
მისივე თქმით, ხაბეიშვილი ამბობს, რომ „ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე და მას აქვს იგივე გზავნილი ყველა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებთან“.
„შეთავაზება არის ძალაში. პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც კეთილსინდისიერად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას, არ შეასრულებენ უკანონო ძალადობაზე დავალებებს და გადავლენ ხალხის მხარეს, მომავალი ხელისუფლება დააჯილდოებს ძალიან სოლიდური ფულადი ჯილდოთი. ეს არის ლევანის დანაბარები. და ბრძოლა ბოლომდე“, - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის თქმით, ლევან ხაბეიშვილს „აპატიმრებენ იმ დაპირებისთვის, რომელსაც იგი, როგორც პოლიტიკოსი, როგორც მომავალი ხელისუფლების წარმომადგენელი, სთავაზობს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს თავიანთი უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისათვის“.
ხაბეიშვილის დაკავება
ხაბეიშვილი დაახლოებით 16:00 საათზე დააკავეს თბილისში, საბურთალოზე, ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში, შენობის შესასვლელთან სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა სამართალდამცავებმა, სუსის თანამშრომლებმა.
ხაბეიშვილმა უარი განაცხადა დაკავების შესახებ მოსამართლის განჩინების ჩაბარებაზე. „არაფერს ვიბარებ, კაცო“, - უთხრა მან სუსის ერთ-ერთ თანამშრომელს.
„მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სუსი [მამუკა] მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, იმას ასრულებს... ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის. მე ამის მოლოდინი მქონდა“, - თქვა მან დაკავებისას.
მისი დაკავების ვიდეო „ფორმულის“ წარმომადგენელმა მიშა მშვილდაძემ გადაიღო.
„მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს, შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი“, - თქვა მან.
რა ედება ხაბეიშვილს ბრალად?
17:00 საათზე სუსში გამართული ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსი დაკავებულია იმის გამო, რომ იგი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს საჯაროდ ჰპირდებოდა, აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში.
სუსის შეფასებით, „საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს“.
უწყების თანახმად, ხაბეიშვილის მოწოდებებს ჰქონდა „განგრძობითი, სისტემატიური ხასიათი“ და გამოიკვეთა „დანაშაულის ყველა ნიშანი“.
მას ბრალად ედება „ქრთამის მიცემა - ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად“ - და ისჯება 4-დან 7 წლამდე (სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილი).
სუსმა ხაბეიშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებისა და ბრალდების დეტალებზე ინფორმაცია ერთსა და იმავე ბრიფინგზე გაავრცელა.
ეს სუსის უფროსად მამუკა მდინარაძის დანიშვნის შემდეგ უწყების მიერ ჩატარებული პირველი საქმეებია, სადაც ასეთი მაღალი პროფილის პოლიტიკოსები ფიგურირებენ.
იურისტების ნაწილი მიუთითებს, რომ ხაბეიშვილისათვის წარდგენილი ბრალი, - რის გამოც მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, - აბსურდულია და ხაბეიშვილის ქმედებებში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნიშნები არ ჩანს.
ფორუმი