აგრძელებს ადვოკატი პირველ არგუმენტზე საუბარს, რაც პროტესტის დაწყების მიზეზებს უკავშირდება. მას მიაჩნია, რომ ეს კონტექსტი ამ საქმიდან ხელოვნურად არ უნდა გამოირიცხოს, რომ სწორედ პროტესტის არსით და იდეით აიხსნება ყველაფერი.
„განზრახვა არ უნდა დაადგინოთ? მართლაც ეს უნდოდათ, რომ დაერბიათ პარლამენტი, შეჭრილიყვნენ, დაეზიანებინათ პოლიციელები? ამდენი ხანია უყურებთ ამ ადამიანებს და რომელში დაინახეთ მოძალადე?"
[მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილი თავაწეული უსმენს ეკა ბესელიას და თვალს არ აშორებს მას]
ეკა ბესელია ამბობს:
„გავიხენოთ რა წერია კონსტიტუციის 78 მუხლში - “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.”
ნიშნავდა თუ არა ეს განცხადება კონსტიტუციიის დარღვევას? დიახ ნიშნავდა .
რა ქნეს საქართველოს მოქალაქეებმა - ქუჩაში გამოსვლით გამოხატეს პროტესტი. საქართველოს კონსტიტუციით ხალხი არის ხელისუფლების წყარო. სწორედ მათ ხელშია ძალაუფლება, ამიტომაც ხალხის პროტესტი უნდა იყოს მთავარი ნებისმიიერი ხელისუფლებისთვის, იმოქმედოს იმგვარად, როგორც საკუთარი მოქალაქეები მიიჩნევენ. როდესაც ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოდის, უნდა დაუგდო ყური, მოუსმინო და შეცდომა გამოასწორო.
ამის ნაცვლად რა მოხდა? გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, გაზის მხუთავი აირით, წყლის დამაზიანებელი ჭავლით, ხელკეტებით სასტიკად გაუსწორდნენ, იძალადეს მოქალაქეების მიმართ ორგანიზებულად და ჯგუფურად. კოლექტიურ სადამსჯელო მწკრივებში შეჰყავდათ დაკავებულები და იქ უსწორდებოდნენ ხელბორკილდადებულ პირებს. ეს იყო სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა. ეს იყო წამების შემადგენლობა რასაც ადგილი ქონდა სამართალდამცავი პირების მხრიდან.
აი რა იყო ორგანიზებული, ძალადობრივი ქმედებები პირთა ჯგუფის მიერ".
მეორე არგუმენტი უტყუარი მტკიცებულებების სტანდარტია, რომელიც ბესელიას თქმით, ამ საქმეში არაა.
ეკა ბესელია ბრალდების შინაარს კითხულობს, ფრაგმენტულად, ამბობს, რომ ყველა სიტყვის თქმაც არ უნდა, რადგან „აბსურდულია".
ბესელიას თქმით, მოსამართლემ უტყუარი მტკიცებულებების საზომით უნდა გაზომოს თუ ფიქრობს გამამტყუნებელ განაჩენზე !
„რა შუაშია ზვიად ცეცხლაძის ან სხვა პირთა ქმედებები აქ ამ პირებთან? რა კავშირი დაადგინეთ? სად არის ერთი მტკიცებულება მაინც მათ შორის რაიმე კავშირის?
არც მათი ბრალეულობაა დადგენილი, მაგრამ საერთოდ რაიმე კავშირი პირდაპირი, ირიბი სად ნახეთ? არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს!", - ამბობს ის.
მესამე არგუმენტი ბესელიას თქმით, ამ საქმეში ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებია.
„მოდით განვიხილოთ სხდომაზე გამოცხადებული ბრალდების მოწმეები:
პროკურორებმა წარმოადგინეს ბრალდების მოწმეები, რომლებიც თავიანთი ჩვენებით რეალურად გახდა დაცვის მტკიცებულება. ყველა მოწმე იყო დაცვის სასარგებლო მოწმე", - ამბობს ის და იწყებს მოწმეების ჩვენებების იმ ნაწილების მოხმობას არგუმენტად, რომელიც დაცვის მხარის მტკიცებას გაამყარებდა.
მოკლედ ჩამოვწერთ ჩვენც იმ მოწმეების ჩვენებებს, რომელიც ეკა ბესელიამ სასამართლოზე გააჟღერა.
გიორგი ზამბახიძე (დაზარალებული) - განაცხადა რომ დაზიანდა რუსთაველისა და ჭიჭინაძის კვეთაზე 28 ნოემბერს. ეცვა სამსახურებრივი ფორმა. არ იცის სხვა პოლიციელებს მოხვდათ თუ არა რამე, მაგრამ ამბობს რომ ალბათ დაზიანდებოდნენ. იქ ვისაც ვხედავდი ხალხს, ყველა აპროტესტებდა და ასე გამორჩევა არ შემიძლია ვინ იყო სამართალდამცავი და ვინ აქტივისტიო. დამზიანებელი ვერ დავინახე და ვერ დავინახე ვინ მესროლა რამე და არ შემიძლია ეს ყველაფერი ზუსტად აღვწეროო.
„ისმის კიითხვა - ვინ მიაყენა დაზიანება? ვერ დაადგინა თავად, ვერც თქვენ დაადგინეთ და კოლექტიურ ბრალს უყენებთ ყველას ვინც დააპატიმრეთ? და სადაა სამართლებრივი ლოგიკა აქ", - ამბობს ადვოკატი.
ნიკოლოზ ხურცილავა (დაზარალებული) - განაცხადა, რომ მოხვდა ქვა 28 ნოემბერს. ეცვა მხოლოდ პოლიციის ჟილეტი და არ იყო დამატებით რამით აღჭურვილი. იცის კი არ ახსოვს დაზუსტებით ვინ ედგა თანამშრომელი გვერდით.
„ეს მოწმე - დაზარალებული ისევ დაცვის მოწმედ იქცა. არ იცის ვინ მიაყენა დაზიანება და ვერ აღწერს ფაქტებს დეტალურად, რამაც შესაძლოა პროკურატურის პოზიცია გაამყაროს", - ისევ ბესელიას სიტყვებია.
ლაშა ბუიღლიშვილი (დაზარალებული) - მოწმემ განაცხადა სასამართლო სხდომაზე, რომ დაზიანება მიიღო 01 დეკემბერს. 400-500 ადამიანი იყო აგრესიული, ისროდნენ ქვებს და ისმოდა აგრესიული შეძახილები. მე მომხვდა ბარდიულის ნატეხი ქვა. მოძალადეებს ძირითადად ჰქონდათ სახე დამალული. არაფერი მეფარა თავზე. განაცხადა რომ უნდა ყველა ის ადამიანი დაისაჯოს მკაცრად, ვისაც ბრალი დაუდასტურდება. აქციაზე ყოფნისას მითითებებს აძლევდა იმედა ხვედელიძე. თქვა რომ არის ქართული ოცნების ამომრჩეველი. ძალადობის ფაქტები ნანახი აქვს ზოგადად კადრებით, მაგრამ პოლიციელების არა.
„ამომრჩეველია ქართული ოცნების და ამას ადასტურებს თავად პროცესზე - რა თქვას ამაზე მეტი...", - ამბობს ბესელია.
იდენტურია სხვა მოწმეების ჩვენებებიც, მათ შორისაა კახა ონიანი, გრიგოლ ჭანტურიძე, ივანე კაპანაძე, საბა ნაბახტეველი.
მათი ჩვენებები მოკლედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს.
- დაზიანდნენ, მოხვდათ ქვა ან სხვა საგანი აქციის მონაწილეების მხრიდან, არ დაუნახავთ, ვინ ესროლა, ხელს ვერ ადებენ ბრალდებულებიდან ვერც ერთს.
ფორუმი