Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (26/08/2025)

დღევანდელ სასამართლოზე დაკავებული დემონსტრანტების ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან მათი გამოსვლების ტექსტური ნაწილი აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ. სასამართლოში მიმდინარე პროცესები რეალურ დროში ამ ლაივბლოგში დაიწერება

11:23 26.8.2025

სხდომა გაიხსნა. 150-კაციანი დარბაზი სავსეა. ბრალდებულებიც შემოიყვანეს.

11:27 26.8.2025

11:23 - განცხადებას აკეთებს ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, ნათია კორკოტაძე. ის ამბობს, რომ სხდომაზე დასასწრებად მოსულია საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მისი თქმით, ზურაბიშვილს პირადობის ელექტრონული ვერსია აქვს, თუმცა მაინც არ უშვებენ. მას სხდომის მდივანმა აცნობა, რომ მოსამართლე გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით მას არ უშვებენ.

„ერთი საათია დგას მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ელოდება შემოშვებას... ის იდენტიფიცირებულია, პირადობა თან არ აქვს, მაგრამ ელექტრონულად აქვს, იცოდეთ მოსამართლე, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი", - ამბობს ადვოკატი

მოსამართლე: „პირადობა არ აქვსო, თავად თქვით, ამაზე რეაგირება მოახდინა სასამართლომ, თქვენ ის მოახსენეთ სასამართლოს დასკვნით სიტყვას, ვინ ამბობს. პირადობის გარეშე მოქალაქეებს არ უშვებენ სხდომაზე".

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ მას მინიმუმ 20 ქეისი ჰქონდა, როცა ამ საქმეზე მოსამართლემ პირადობის გარეშე დამსწრეები სხდომაზე შემოუშვა.

11:31 26.8.2025

11:27 - დასკვნით სიტყვას ამბობს პოლიტიკოსი და ადვოკატი, ეკა ბესელია. ის ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატია. მიუხედავად იმისა, რომ სხდომებში აქტიურად არ მონაწილეობდა, ვგულისხმობთ მოწმეების დაკითხვას და სხვა სამართალწარმოებასთან დაკავშირებულ დეტალებს, ის ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატია.

ეკა ბესელიამ საუბარი პლატონის სიტყვებით დაიწყო:

„პლატონის სიტყვებით დავიწყებთ: "სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი."

მე დღეს მინდა ვესაუბრო სიმართლის დამცველებს.

სოკრატე საკუთარ სასამართლოზე, მის მოსწავლეს პლატონს მიმართავდა ,,პლატონ, შენ ახალგაზრდა ხარ და გგონია, რომ ყველაზე დიდი უბედურებაა სიკვდილი, მე კი მგონია, რომ სიკვდილზე უარესია სირცხვილი”.

ამ საქმის მიმდინარეობის დროს, ბევრჯერ ვიგრძენი სირცხვილი - იმის გამო, როგორ ანადგურებდნენ სამართლის სახელით სიმართლეს!

ბევრი ადამიანის სათქმელით მოგმართავთ სინდისის პატიმრების საქმეზე. მათ მხარეს სიმართლეა და ბრალდების მხარეს - უსამართლობაში ჩაკარგული სამართალი.

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ამ პროცესზე გამოსვლა:
რატომ ვფიქრობდი ამდენს?

დღეს მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია! სასამართლო ხელისუფლება შეზრდილია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.

დღეს მოსამართლეთა უმრავლესობას არა აქვს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და რამდენიმე ცალკეული მოსამართლის გარდა, ვერ ვხედავთ თავისუფლებას მოსამართლეების გადაწყვეტილებებში. ეს მაგონებს იმ წლებს (2005-12 წწ), როდესაც სრულად მოხდა სასამართლო ხელისუფლების დამორჩილება და რომლის გამო დამჭირდა მებრძოლა ამ თავისუფლებისთვის ბევრი წელი სასამართლოს დარბაზის მიღმაც!

ეს ბრძოლა არ დასრულებულა და საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მხოლოდ მაშინ მივმართავდი მოსამართლეს დარბაზში, როდესაც მისი თავისუფლება დაბრუნდებოდა!
და რამ გადამაწყვეტინა ამდენი წლის შემდეგ მოგმართოთ? - სწორედ ამ ადამიანების გამო შევცვალე პირობა, რომელიც საკუთარ თავს მივეცი!

მთავარი ეს ადამიანები არიან, ისინი იმსახურებენ ჩემს განცდასა თუ ემოციებზე, სურვილებზე მაღლა მათი ინტერესები დავაყენო!

11:38 26.8.2025

დაცვის მხარის არგუმენტი #1

ეკა ბესელიას თქმით, სამართალი არ იწყება ბოლო ეპიზოდიდან, შედეგიდან!.

„არა, სამართალი ითხოვს თავიდან დაიწყოთ ანალიზი რა მოხდა. მიზეზობრივი კავშირის დადგენა აუცილებელი საზომია.

ბატონო პროკურორებო, ის ითხოვს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის დაამტკიცოთ კავშირი! სად იყო თქვენს გამოსვლაში დადასტურება კავშირის ქმედებასა და შედეგს შორის? სად ვიპოვოთ ეს კავშირი - ვარაუდებში? სურვილებში?
სამართალი არ არის იზიოლირებული, ჩაკეტილი! სამართალი ყველაფერშია, სამართლით იზომება ყველაფერი. ლეგიმეტრია ხომ სწორედ ამას გულისხმობს?

და ამ საზომით, სამართლის ფილოსოფიის პრინციპია - დაიწყე ყველაფრის გაზომვა, აწონვა თავიდან და არა ბოლოდან!

და დავიწყებ თავიდან, რა მოხდა? რისთვის დააკავეს ანდრო ჭიჭინაძე და სხვა განსასჯელები? რატომ გავიდა ამდენი ადამიანი ქუჩაში? საიდან დაიწყო ეს ამბავი?

სხვათაშორის თქვენ[მიმართავს მოსამართლეს] უფრო მეტი მიმღებლობა გქონდათ, ადვოკატებს დაესვათ კითხვები. თქვენი სამოსამართლო გზა ახლა დაიწყო და დიდი გამოცდაა ამხელა პროცესის მართვა... ახალ მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა სამართალი ფართოდ დაინახოს და არ ვიწროდ, როგორც სხვა სხდომებზე ხდება.. წარმოუდგენელია მოსამართლე ადვოკატებს ეუბნებოდეს, თქვენ ამ ჩარჩოებში უნდა ისაუბროთ და საიდან დაიწყო ის, რის გამოც თქვენ ადამიანები საპატიმროში გყავთ...

რეზო კიკნაძემ მოხდენილად თქვა, დაგისახელათ ორგანიზატორი, ირაკლი კობახიძე და მისი 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, მან თქვა, რომ შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, აქედან დაიწყო ამბავი... ამას ახლა თვალს გაუსწორებთ თუ არა, ეს არის მოცემულობა მარტო მე, თქვენ და ეს ადამიანები კი არ ვუყურებთ ამ პროცესს, ამას ყველა ადევნებდა თვალს, მათ შორის ქვეყნის გარეთ...

მე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი როცა კონსტიტუციაში 78-ე მუხლი ჩავწერეთ, იცით რატომ ჩავწერეთ, რომ ასე არ აჯაგურონ ეს ქვეყანა, როგორც ახლა აჯაჯგურებენ.

ეს მუხლი თქვენც გეხებათ. იქ წერია ყველა კონსტიტუციური ორგანო, თქვენც კონსტიტუციური ორგანო ხართ", - აცხადებს ეკა ბესელია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG