ადვოკატი ამბობს, რა შეძლოთ გაეკეთებინათ გამომძიებლებს ვიდეოსთან დაკავშირებით და რა არ გააკეთეს, მაგალითად:
- არ არის დადგენილი როდის შეიქმნა ეს ვიდეო,
- კადრებში ნათლად ჩანს დაახლოებით ათი ადამიანის სახე. მათი ვინაობა დადგენილი არაა.
- არაა ამოღებული რუსთაველის გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერები , რითაც დროს და ადგილს დაადასტურებდნენ.
„ გამოძიებამ ესეც არ გააკეთა, ვინაიდან ეს ვიდეოკადრები არის ძველი გადაღებული კადრებიდან დამონტაჟებული და მისი ავთენტურობის დადგენა არ იყო გამოძიების ინტერესში", - ამბობს ადვოკატი.
[ამ საქმეზე პროკურორებმა ვეფხია კასრაძის მოწმეების ირაკლი კუპრაძისა და ლანა გალდავას ჩვენებები უდაოდ გახადეს, ადვოკატი მათი ჩვენებებიდან დასკვნით სიტყვაში ნაწყვეტებს კითხულობს. მოწმეები აღწერენ საპროტესტო აქციაზე არსებულ ვითარებას და ვეფხია კასრაძის მოქმედებებს - რ.თ.]
ადვოკატი ასკვნის, რომ ეს ჩვენებები ერთადერთი მტკიცებულებაა, რომელიც დადასტურებულად ასახავს ვეფხია კასრაძის მოქმედებებს საპროტესტო აქციაზე, რასაც ბრადლების მხარეც დაეთანხმა.
„თუ უდავოა ფაქტი, რომ ვეფხია კასრაძე აქციის მიმდინარეობისას ყველანაერად ცდილობდა არ მომხდარიყო დაპირისპირება, მოუწოდებდა მხარეებს სიმშვიდისკენ, ცდილობდა დაეორგანიზებინა ომის ვეტერანები, რათა ჩამდგარიყვნენ შუაში დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, მაშინ რა ლოგიკით გვიმტკიცებს ბრალდების მხარე, რომ მან ძალადობა დააორგანიზა", - ამბობს ადვოკატი გოგა სამუშია.
ადვოკატი მოიხმობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლს და აცხადებს: „მტკიცებულებას არ აქვს წინასწარი დადგენილი ძალა ....... გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას".
მისი შეფასებით, ვეფხია კასრაძის წინააღმდეგ, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობაში სდებენ ბრალს, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის.
ადვოკატის თქმით, როცა ვეფხია კასრაძის ბრალდების შესახებ შეიტყო, პირველი, რაც გააკეთა, იკითხა, რაში გამოიხატა, ვის დაურეკა, ვინ დააორგანიზა, მისი თქმით, ამ კითხვებზე პასუხი ახლაც არ მიუღია, სასამართლო სხდომების ბოლოს.
„ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე გთხოვთ: უდანაშაულოდ სცნოთ ვეფხია კასრაძე წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამოიტანოთ გამამართლებელი განაჩენი", - ამბობს ადვოკატი.
ფორუმი