Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - დასკვნითი სიტყვები (25/08/2025)

დასკვნითი სიტყვების ეტაპი - ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე დღეს ადვოკატები დასკვნით სიტყვებს იტყვიან. ისინი უკვე მზად არიან ამისთვის.

13:22 25.8.2025

აიჰან ჰასანლი, ინსაფ ალიევის ადვოკატი აჯამებს დასკვნით სიტყვას:

წარმოდგენილი მტკიცებულებათა ანალიზით დგინდება:
1. არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ წინასწარ შეთანხმებით, რაიმე დაორგანიზებული ფორმით ან დაემორჩილნენ კონკრეტული პირის მითითებებს;
2. არ დადასტურებულა ბრალდებულთა მიერ ჯგუფის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის ფაქტი;
3. მტკიცებულებებიდან არ იკვეთება, რომ ბრალდებულებმა იცოდნენ დანაშაულებრივი გეგმის შესახებ, ან ჰქონდათ მიზანი ჩაედინათ სხვისი ქონების დაზიანება, ძალადობა, ან სხვა დელიქტური ქმედება;
4. ვიდეოჩანაწერები და მოწმეების ჩვენებები მიუთითებენ სპონტანურ, ემოციურ რეაქციებზე და არა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობრივ მოქმედებებზე.
საქმის მასალებში არა მხოლოდ არ არსებობს კავშირი ბრალდებულებს შორის, არამედ პირადად ზოგიერთი მათგანი მოქმედებდა ცალკე, იზოლირებულად, როგორც ეს ცალსახად დადასტურდა ბატონ ინსაფ ალიევის შემთხვევაში.

„წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია გონივრულ ეჭვს მიღმა დავასკვნათ ბრალდებულის ბრალეულობა. თუნდაც მინიმალური ეჭვი, რაც რჩება – იგი კანონის ძალით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ", - აცხადებს აიჰნ ჰასანლი.

13:24 25.8.2025

ინსაფ ალიევის ადვოკატის, აიჰან ჰასანლის დასკვნითი სიტყვის ბოლო აბზაცი:

„მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ვერ ადასტურებს ინსაფ ალიევის მიერ ჯგუფში ორგანიზებული ფორმით მონაწილეობას, ისევე, როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს მის მხრიდან ერთმანეთთან წინასწარ შეკავშირებისა თუ წინასწარ, ერთმანეთის განზრახვის ცოდნის ფაქტი. განსახილველ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ იგი მოქმედება არა წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად და ორგანიზებულად, არამედ - სპონტანურად, კონკრეტულ დროს, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე. შესაბამისად, იგი უნდა გამართლდეს წადგენილ ბრალდებაში".

13:25 25.8.2025

13:24 - აიჰან ჰასანლის დასკვნითი სიტყვისთვის საათზე მეტი დასჭირდა. შემდეგი ვეფხია კასრაძის ადვოკატები არიან.

13:27 25.8.2025

ვეფხია კასრაძის ადვოკატი, გოგა სამუშია ამბობს:

„მოვისმინე სახელმწიფო ბრალმდებლის დასკვნითი სიტყვა, მინდა ავღნიშნო, რომ ის არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა და მოწმეების ჩვენებებმა ცხადყო ვეფხია კასრაძის უდანაშაულობა", - ამბობს ის.

ადვოკატს მიაჩნია, რომ გამოძიება პირველივე დღიდანვე მიმდინარეობდა ცალმხრივად და არ იყო მიმართული ფაქტების ობიექტური დადგენის გზით ჭეშმარიტების დასადგენად.

„როგორც ბრალდების შესახებ დადგენილებაში, ასევე პროკურორის დასკვნით სიტყვაში მოყვანილი არგუმენტები, არ ასახავს სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და ეყრდნობა არა საქმის მასალებს, არამედ ბრალდების მხარის სურვილს ვეფხია კასრაძის მიმართ გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
ბრალდების მხარემ ვეფხია კასრაძის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში ვერ წარმოადგინა არათუ დამაჯერებელ მტკიცებულებეთა ერთობლიობა, არამედ ირიბი მტკიცებულებებიც კი, რომლებიც მათ პოზიციას გაამყარებდა", - ამბობს ადვოკატი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG