სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 აგვისტოს გამოაცხადა ახალი სანქციები ICC-ის ოთხი წარმომადგენლის - ორი მოსამართლისა და ორი პროკურორის - წინააღმდეგ. განაცხადებით, ეს პირები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ამერიკელების და ისრაელელების სამართლებრივი დევნის ძალისხმევაში. ამ სანქციათა შედეგად გაიყინება მთელი მათი ქონება, რომლებიც აშშ-ის იურისდიქციაშია.
სანქციები დაუყოვნებლივ დაგმეს თავად ICC-მაც და გაერომაც, ხოლო ისრაელი მიესალმა სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გამოცხადებულ ამ ნაბიჯს. ნეთანიაჰუმ ამას უწოდა "სამართლიანი ნაბიჯი იმ სიცრუის კამპანიის წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია ისრაელისა და ისრაელის არმიის დისკრედიტაციაზე".
"ეს პირები არიან უცხოელები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის ძალისხმევაში აშშ-ის და ისრაელის მოქალაქეთა წინააღმდეგ გამოძიების, ასევე დაპატიმრების, დაკავების, ან სამართლებრივი დევნის პროცესში, ამ ორი ქვეყნის თანხმობის გარეშე", - თქვა რუბიომ. სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ ადმინისტრაცია "ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი სამხედროების, სუვერენიტეტის და მოკავშირეების დასაცავად ICC-ის უკანონო და უსაფუძვლო ქმედებებისგან".
პასუხად, ICC-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც სანქციებს უწოდებს "ღია თავდასხმას მიუკერძოებელი სამართლებრივი ინსტიტუციის დამოუკიდებლობაზე" და "სასამართლოს წევრი სახელმწიფოების, კანონებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის და, რაც მთავარია, მსოფლიოს გარშემო მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის შეურაცხყოფას".
გაეროს პრესმდივნის, სტეფან დუიარიჩის თქმით, ICC-ის გაეროს სრული მხარდაჭერა აქვს თავისი უფლებამოსილების განხორციელების დროს. გაერო "ძალიან შეშფოთებულია" აშშ-ის მხრიდან გაგრძელებული ძალისხმევით ამ საერთაშორისო ტრიბუნალის წინააღმდეგ, თქვა პრესმდივანმა. "ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ICC წარმოადგენს საერთაშორისო სისხლის სამართლის მნიშვნელოვან ღერძს, და მის მუშაობას პატივს ვცემთ", - დასძინა მან.
ეს გადაწყვეტილება მორიგი ნაბიჯია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გატარებული ძალისხმევისა ჰააგაში განთავსებული ამ სასამართლოს წინააღმდეგ - მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ტრიბუნალის, რომელიც ომის დანაშაულებზე მუშაობს. აშშ-ს, რომელიც ტრიბუნალს შეერთებული არ არის, უკვე აქვს დაწესებული სანქციები ICC-ის ყოფილი მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის წინააღმდეგ - რომელიც მაისში გადადგა, სანამ მიმდინარეობს გამოძიება ცნობებზე მისი მხრიდან სექსუალური ხასიათის არამართებული ქცევის შესახებ; სანქციები დაწესებული აქვს ტრიბუნალის კიდევ ოთხ მოსამართლეს.
20 აგვისტოს გამოცხადებული ზომები მათ შორის შეეხო ტრიბუნალის მოსამართლე ნიკოლა გიუს საფრანგეთიდან, რომელიც ხელმძღვანელობს საქმეს ღაზაში მიმდინარე ომში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების შესახებ. ამ საქმეზე ტრიბუნალს გაცემული აქვს ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი - რასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა ისრაელის და აშშ-ის მხრიდან.
სანქცია შეეხო ასევე მოსამართლე კიმბერლი პრუსტს კანადიდან, რომელიც მონაწილეობდა ავღანეთში ჩადენილ შესაძლო ომის დანაშაულებს, მათ შორის აშშ-ის სამხედროების მიერ.
აშშ და ისრაელი არ მონაწილეობენ ICC-ის მუშაობაში და არ აღიარებენ მის უფლებამოსილებას. თუმცა სასამართლოს აღიარებს მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფო, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა.
ფორუმი