ეს გზა, რომლის მანქანით გავლასაც გლდანის ციხიდან თბილისის საქალაქო სასამართლომდე, ჯამში, დაახლოებით 20 წუთი სჭირდება, როგორც წესი, პატიმრებისთვის უსაშველოდ იწელება.
ზვიადი - „სასამართლოში ეტაპირება“
ზვიად ცეცხლაძის წერილი რადიო თავისუფლების მკითხველისთვის, თაბახის ფურცლებზეა დაწერილი, ორივე მხარეს. ველები დაცული არ არის - ფურცლის ყველა ადგილი შევსებულია. წვრილი ასოებით წერს, გარკვევით, სასვენი ნიშნების ზედმიწევნით დაცვით. წერილს სათაურიც აქვს: “სასამართლოში ეტაპირება”. გვერდები რომაული ციფრებითაა დანომრილი. ზვიადი დეტალურად იხსენებს დაკავების დღეს, მერე კი იმ დღეებზე ჰყვება, როდესაც პროცესებია დანიშნული და ციხიდან სასამართლო დარბაზამდე გზას აღწერს.
“…ციხიდან გადაყვანას ეტაპირება ჰქვია. სასამართლო ძირითადად 11-12 საათზეა ხოლმე, მაგრამ ჩვენ დილის 8-ზე ვიღვიძებთ. მალევე ჩავყავართ “ფუქსებში”. თუ არ გაგიმართლა, ნახევარ საათზე მეტიც შეიძლება მარტო იჯდე, სანამ სხვა ბიჭებს შემოიყვანენ. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეგვიძლია შევხვდეთ ერთმანეთს და რაღაცები გავცვალოთ - წიგნები, გაზეთები.
1-2 საათი ვსხედვართ და ველოდებით როდის მოვა საბადრაგო მანქანა…
გავდივართ შემოწმებას. ყველა ნივთს საგანგებოდ ამოწმებენ (რვეულებს და ფურცლებსაც). ამის შემდეგ “სკანერში” გაგვატარებენ. მაგრამ არც ეს კმარა. შემდგომ ზედაპირულ შემოწმებას გავდივართ…
გვადებენ ბორკილებს და სამარშრუტოში გვსვამენ, რომელიც პატარა მოძრავ ციხედაა გადაკეთებული. 10 სკამიანია. მარჯვნივ 5 სკამი, მარცხნივ 5. შუაში კედელივითაა ამოშენებული, ამიტომ ეს 5-5-იც იზოლირებულად ვსხედვართ.
პატარა გისოსებიან კარს გვიღებენ და ისე შევდივართ დასაჯდომად. საშინელი სივიწროვეა. გზას სასამართლომდე 20 წუთი სჭირდება.
სასამართლოში 1-2 საათი კიდევ ველოდებით. ხშირად გაცილებით მეტიც. კედლებზე წარწერებს აღარ ვკითხულობთ. დავიზეპირეთ. საკუთარ წარწერებსაც აღარ ვტოვებთ, მოგვბეზრდა. ბევრი ეროვნული ელემენტი კი დავუმატეთ... ზოგ ადგილას უცნაური წარწერებია - ერთგან, მაგალითად, გვიწერია, რამდენი საათია 4 წელიწადში.
ფუქსებში ისეთი საშინელი სიგარეტის ბოლი დგება, თვალები და ყელი გვეწვის ხოლმე. ბოლოს ისევ დაგვადებენ ხელბორკილებს და შეგვიყვანენ სასამართლოზე.. იქ მავიწყდება, რომ პატიმარი ვარ და რამდენიმე საათში ისევ ციხეში მიკრავენ თავს… მე საყვარელი ადამიანის, ადამიანების ცქერით ვტკბები. მაგრამ ხშირად მოწმეზე კონცენტრირებაც გვიწევს - მნიშვნელლვანია, რა კითხვებს დავუსვამთ ცრუ მოწმეებს.
მოსამართლე...გარკვეული ხანი პროცესს არ იწყებს და საშუალებას გვაძლევს 5-10 წუთით მაინც ვესაუბროთ ოჯახის წვერებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ უკვე მისჯილი მაქვს. ასე რომ დიდად არ გამიკვირდება როცა 6 წელს და 6 თვეს მომისჯიან.
თუ გაგვიმართლებს, უკან ციხეში ავტობუსით გადაგვიყვანენ. სივრცე მაინცაა. მაგრამ სრული ჯოჯოხეთია, როცა უკან იგივე მარშრუტკით გვაბრუნებენ და ციხეში მისვლას ეტაპი ემთხვევა (როცა ციხეში მასობრივად შეჰყვათ პატიმრები) - საათობით შეიძლება მოგვიწიოს იქ ყოფნა. საკანში შესვლა და დაძინება ერთია…
ძალიან დავიღალეთ, ძალიან. მაგრამ დედას დავენახე, მამას დავენახე. ბიჭებიც ვნახე, მეგობრებიც. ის გოგოც ვნახე. ჯამში, მაინც ბედნიერი იძინებ. ღირდა სასამართლოზე წასვლა”.
წერილი 25 ივლისსა დაწერილი და ახლავს ხელმოწერა - ზ.ც.
პროდასავლურ აქციებზე დაკავებული 8 დემონსტრანტიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ონისე - „საკნიდან სასამართლომდე“
ონისე ცხადაძემ მათემატიკის რვეულის უჯრედებიან ფურცლებზე დაწერილი ოთხგვერდიანი წერილი გამოგზავნა. დანომრილი გვერდებით. სულ ოთხი ნაწერი გვერდია. ბოლო ფურცელი ცარიელია. ონისეს წერილსაც აქვს სათაური: “საკნიდან სასამართლომდე”. წერილი დათარიღებული არ არის.
“სასამართლოს წინა დღეს, გვიან ღამით, 12 საათამდე მოდის ოფიცერი და გეუბნება, რომ დილით სასამართლოსთვის უნდა მოემზადო. იმ წამიდან იწყება ჩემი მომზადება ფსიქოლოგიურად. ვფიქრობ, როგორი პროცესი იქნება. ამჯერად მაინც თუ იქნება რაიმე სიახლე. თუმცა, ჯერჯერობით ყოველ ჯერზე იმედები მიცრუვდება. ვფიქრობ, რისი თქმა შეიძლება და ეს ფიქრები ძილშიც მიმყვება.
დილით უკვე გონებაში ყველაფერი დალაგებული მაქვს. ცხრის ნახევრისთვის ჩავყავართ ციხის მოსაცდელ საკანში, სადაც ვხვდებით ერთმანეთს და აი, იქ იწყება ნამდვილი ახალი დღე. ვსაუბრობთ ყველაფერზე - გლობალური პოლიტიკიდან დაწყებული, ჩემს უბანში რა მოხდამდე… ვმსჯელობთ და მივდივართ ოპტიმისტურ დასკვნამდე, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
შემდეგ ცალ-ცალკე შევყავართ რენტგენის აპარატში, გვჩხრეკენ, ბორკილებს გვადებენ და გვსვამენ მანქანაში. თუ პატარა მანქანით მივყავართ, იმდენად პატარა სივრცეა 11 ადამიანისთვის. სასამართლოში მისვლისას, მანქანიდან რომ ჩამოვდივარ, მგონია გამათავისუფლეს.
შევყავართ პატარა საკანში, სადაც კედლებზე ყველანაირ წარწერას ნახავ - ვიღაცა ვიღაცას მოკითხვას უთვლის, მერე ის პასუხობს, ვიღაც - თავის სახელს წერს, ამ სახელის ქვემოთ მას ვიღაც აგინებს. კიდევ უფრო ქვემოთ კიდევ უფრო საშინელი გინება წერია - აქ პირველად ვნახე ადამიანები, კედელზე კალმებით რომ ჩხუბობდნენ. 11ადამიანიდან მხოლოდ 1 არ ეწევა და საშინელი ბუღია.
სულ მინდა ბადრაგის თვალით დავინახო იქედან გამოსვლის პროცესი - ფილმის კადრივითაა; როგორ გამოდის 11 ბრალდებული გაკვამლული ოთახიდან.
პროცესზე ბევრი დეტალია. ხშირად მოსამართლე ფიქრებში დაფრინავს და არ უსმენს მოწმეს. ჩვენ ხან ვუსმენთ, ძალიან ბევრს ვხუმრობთ და ოჯახის წევრებს ვესაუბრებით. ამ პროცესებმა მასწავლა, როგორ ველაპარაკოთ ადამიანებს პირის მოძრაობით, უხმოდ და ხელებით.
სრულდება სასამართლო და იგივე გზას გავდივართ უკან, ციხემდე. ესაა ფსიქოლოგიურად ყველაზე რთული, რომ მონაწილეობა მიიღე იმაში, რაც არ არსებობს. ცდილობენ რეალობად გაასაღონ. თუმცა, ვიცი დიდხანს ასე ვერ გაგრძელდება. ბოლოს და ბოლოს, საოცარი ადამიანები გავიცანი.”
ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი ბოლო თვეებია პატიმრობაში არიან. მათ ბრალი წაუყენეს პროევროპულ აქციებში მონაწილეობის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით და მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
ირაკლი - „სასამართლოდან სასამართლომდე“
ირაკლი ქერაშვილმა სათქმელი ერთ გვერდში ჩაატია. წერილის დასაწყისში მიაწერა: ბრალდებული: ირაკლი ქერაშვილი და მოჰყვა, როგორ იწყებს მზადებას სასამართლოსთვის ჯერ კიდევ წინა საღამოს.
"მზადება იწყება სასამართლოს წინა დღეს. წინასწარ ვხარშავ კვერცხს დილისთვის. ვიღვიძებ 05.30-ზე, ვვარჯიშობ და ტრადიციულად, ვბანაობ ბოთლებით, ცივი წყლით. გასვლამდე ხან 5, ხან 10 კვერცხით ვსაუზმობ და ბევრ წყალს ვსვამ.
8.30-ზე მოდის ოფიცერი და გადავყავართ ე.წ. „ფუქსებში“, სადაც ერთად ვიკრიბებით ბრალდებულები ჩვენი საქმიდან.
სასამართლოში მივდივართ დილის ათიდან თერთმეტის ნახევრამდე შუალედში. მისვლიდან 1-დან 2 საათამდე გვიწევს ლოდინი სასამართლოს „ფუქსებში“.
ეს დრო იწელება ყველაზე მეტად - ერთი სული გვაქვს, როდის ვნახავთ ჩვენს ახლობლებს. სასამართლო დარბაზში შესვლისას ცოტა ვიბნევი - ამდენი ადამიანის ერთად დანახვაზე: საკნის ერთფეროვნება ასოციალურს გხდის, თუმცა 5 წუთში ვლაგდები და ვიწყებთ ჟესტებითა და უხმოდ, პირის მოძრაობით ლაპარაკს, რაშიც ბადალი არ ჰყავს ჩემს დას!
დაახლოებით სამ საათზე უწევს შესვენება, რა დროსაც „ფუქსებში“ მოაქვთ პური, მოხარშული კვერცხი და გაურკვეველი სასისკი (რომელსაც თითქმის არც ერთი არ ვჭამთ).
6-მდე გრძელდება სპექტაკლი და ამ დროს იწყება ეტაპირება „სახლში“ -ციხეში. ეს გზა იწელება ყველაზე მეტად... ვცხოვრობ სასამართლოდან სასამართლომდე - მხოლოდ იქ შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი ახლობელი და საყვარელი ადამიანი ერთად.
ირაკლი ქერაშვილთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას კიდევ 10 დემონსტრანტს ედავებიან - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილსა და სერგეი კუხარჩუკს. მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ნიკა - „გზა ციხიდან სასამართლომდე“
ნიკა კაციას წერილი ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველ ნაწილის ასე ჰქვია: გზა ციხიდან - სასამართლომდე. გამარჯვების გზა! მეორე ნაწილში კი იმ დისკომფორტებზე წერს, რომლებსაც ციხეში და ციხიდან სასამართლომდე გზაზე განიცდიან პატიმრები. წერილს კი ხელს ასე აწერს: რეჟიმის ტყვე, ჟურნალისტი, ნიკუშა ბედნიერი კაცია.
“ტყვეობაში ყოფნის რვა თვე შესრულდება მალე და ვერ გეტყვით რა მანძილი გავიარე და საპატიმროდან რამდენჯერ წამიყვანეს „სასამართლოში“. უსამართლობის ბუდიდან რამდენჯერ დამაბრუნეს უკანონო პატიმრობაში. უცნაურია ეს გზა. წესით, სამართლიანი უნდა იყოს, მაგრამ რეჟიმი სიმართლის კვალის გაქრობას ცდილობს. ამ გზაზე ბევრი რამ მოხდა...
ბოლო ორი თვეა, რაც ევროპული ღირებულებებით სავსე სამეულს მივყავარ და მოვყავარ. რუსეთი არ უყვართ და ოკუპანტი პუტინი სძულთ. თუმცა თავიდან უამრავი ისეთი ინციდენტი იყო, როცა ციხის თანამშრომელმა შენობიდან ჩემი გაყვანისას ჩემი დამცირება სცადა.. სცადეს გაშიშვლებულს მეკეთებინა ბუქნები, ძველბიჭურად მომმართავდნენ.. ამიკრძალეს კალმით, ფურცლებითა და ფურცლებზე დაწერილი ფრაზებით სასამართლოში წასვლა...
მიუხედავად იმისა, რომ მერვე თვეა საკანშიც, მანქანაშიც, მოსაცდელშიც სულ გისოსებში ვარ და თავისუფლად ვერ ვუყურებ გზას, ცას, მზეს და ღრუბლებს და პროცესის დროსაც „აკვარიუმში“ ვარ, არაფერზე ვფიქრობ გამარჯვების გარდა...
ამ გზაზე იყო შიშიც, მაგრამ შიში უძლურია, როცა გულწრფელი, მართალი და შეყვარებული ხარ. გიყვარს შენი ქვეყანა და მისი მომავალი. ზუსტად ამიტომ, ამ გამარჯვების გზაზე დამელოდეთ...
ახლა ვფიქრობ და თითქოს ბევრი დისკომფორტიც იყო- ურემონტო საკანი, გაუსაძლისი სიცხე, მოუწესრიგებელი საშხაპე, მხოლოდ ერთი საათი ღია სივრცეში, საიდანაც მაინც არ ჩანს ცა და ღრუბლები. დისკომფორტია მონატრება ოჯახის წევრების, მეგობრების... რეჟიმის ტყვეობაში ასობით დისკომფორტსაც კი აღმოაჩენ, მაგრამ მართლა არაფერზე ვფიქრობ გამარჯვების გარდა. ყველაფერს გავუძლებ, რადგან დიახ, ეს არის დისკომფორტი - რუსული რეჟიმი...
ნიკა კაციას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.