როგორც სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა, ბრალდება ამტკიცებს, რომ ზვიად ცეცხლაძე მოწოდებებს აკეთებდა, რაც ვერ დასაბუთდება, ვინაიდან მტკიცებულებად წარდგენილი ვიდეოკადრები უხმოა.
"ამბობდნენ, რომ ზვიად ცეცხლაძე ვიღაც-ვიღაცებს მოუწოდებდა და მტკიცებულად მოიტანეს ვიდეო, რომელსაც ხმა არ აქვს, მხოლოდ ვიზუალური ნაწილით ზვიად ცეცხლაძეს ბრალდება ვერ დაუდასტურდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არაფერი არ ისმის და ეს დაადასტურა მოწმემაც, რომელმაც თქვა, რომ ვიდეოში ხმა არ ისმის... დღევანდელი სასამართლოს პირებში არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ხმა არ ისმის", - თქვა გუჯა ავსაჯანიშვილმა.
ის, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად წარდგენილ ვიდეოს ხმა არ ჰქონდა, მას შემდეგ გაირკვა, რაც თავად პროკურატურამ განიზრახა ამ ვიდეოს გამომძიებლისთვის, მოწმის სახით დაკითხული ლევან ბასილაძისთვის ჩვენება. საქმის მასალების თანახმად, ის არის ამ ვიდეოს ერთ-ერთი დამთვალიერებელი პოლიციელი.
სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა პროკურატურისგან მოითხოვა ვიდეოს დედნის ჩართვა. დედნად ითვლება ვიდეო, რომელიც სასამართლოშია დაცული. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ვიდეო კანცელარიიდან გამოითხოვა, სხდომაზე ჩართო და დადასტურდა, რომ ხმა არც მას ჰქონდა.
ზვიად ცეცხლაძის ეს ვიდეო 30 ნოემბერს „დაფიონის“ ფეისბუკგვერდზე, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ახლა ხელმისაწვდომი აღარაა. კომენტარებში მაყურებლებიდან რამდენიმე მას აფრთხილებს, „შეიძლება დაგაკავონ“. ეს ვიდეო პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ. მას ამ ვიდეოსა და მის შინაარსზე დაყრდნობით ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.
ზვიად ცეცხლაძის თანახმად, ვიდეოში ის საუბრობს, როგორ უნდა დაიცვან თავი მოქალაქეებმა დარბევისას, როგორც გაუმკლავდნენ მოძალადე პოლიციელებსა და სპეცრაზმელებს და ასე შემდეგ.
როგორც წესი, საქმის მასალებს სასამართლოსა და დაცვის მხარეს პროკურატურა აწვდის. ბუნდოვანია, როგორ გამოიკვლევენ ამ ვიდეოს, როცა სასამართლოს უხმო ვერსია აქვს.
ეს საკითხი 8 დემონსტრანტის საქმის ადვოკატებს აღარ განუვრციათ. „შემდეგ შევაფასოთ“, - თქვა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა და მორიგი სხდომის თარიღი დანიშნა. მიზეზი ამავე აუდიტორიაში ჯგუფური ძალადობის მეორე საქმე გახდა, რომელიც დღეს 23 ივლისს, დღის მეორე ნახევარში უნდა გაიმართოს.
პროდასავლურ აქციებზე დაკავებული 8 დემონსტრანტიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს - კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ფორუმი