დედაქალაქის მერობის კანდიდატის ევროპის მოედანზე (ე.წ. რიყის პარკში) წარდგენის დროს სლოგანად გამოჩნდა წარწერა: „ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ“ და „ერთად დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები და სოფლები“.
„გულწრფელად გეტყვით, რთული პასუხისმგებლობაა. რთული პასუხისმგებლობაა, რომელიც, ჩემი აზრით, ორმა მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად დამაკისრა. ეს იყო ისტორიული შეთანხმება, როცა ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური ველი მიმართული იყო დაყოფისკენ“, - თქვა ირაკლი კუპრაძემ.
ირაკლი კუპრაძე 1994 წლის 30 ნოემბერს დაიბადა ქალაქ ბათუმში. 2012 წელს ის თსუ-ს სტუდენტი გახდა.
ირაკლი კუპრაძე წლების წინ ჩართული იყო სამოქალაქო და სტუდენტურ მოძრაობაში („აუდიტორია #115"). მასზე საუბრის დროს, 2016 წელს დედაქალაქის იმდროინდელმა მერმა დავით ნარმანიამ თქვა: „მაიმუნი ვირიშვილი ეს!“
2019 წლიდან კუპრაძე არის „ლელოს“ წევრი. ამ პარტიას წარმოადგენდა ის 2020 წელს აჭარის უმაღლეს საბჭოში. ამჯერად არის „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი კახა კალაძე 31 ივლისს დაასახელა. ის მესამედ იყრის ამ თანამდებობაზე კენჭს.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს, რომლის მიხედვითაც საერთო კანდიდატებზე უნდა შეჯერდნენ - ასეთი კანდიდატია ირაკლი კუპრაძე.
ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს - რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.
ფორუმი