დღევანდელ სხდომაზეც, გასული სხდომის მსგავსად, პროკურორებმა დაცვის მხარის მოწმეები უდაოდ ცნო. ეს სამართლებრივი ტერმინი ნიშნავს, რომ მხარეები აღარ იდავებენ იმ ფაქტობრივ ინფორმაციაზე, რომელიც მოწმეს სასამართლოსთვის უნდა მიეწოდებინათ.
ისინი უკვე გამოკითხულები არიან და მათი ჩვენებები წერილობითი მტკიცებულებების ნაწილია.
სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატები განმარტავენ, რა ინფორმაცია გახდა დღეს უდაო და რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ მოწმეები.
დაცვის მხარის მტკიცებულბების გამოკვლევა დასრულდა. სასამართლო დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავიდა.
სასამართლო ისმენს ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას, პროკურორები მზად არიან.
ამონარიდები ვახტანგ ცალუღელაშვილის დასკვნითი სიტყვიდან:
„დადასტურდა ბრალდებულების ბრალეულობა... მტკიცებულებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება....
2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა დაიწყო ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება, რამაც მიიღო სისტემური ხასიათი".
„სამართალდამცველების მისამართით ხანგრძლივი დროით გამოხატავდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას... ისვრიდნენ ადვილადაალებად, ცეცხლგამჩენ მოწყობილობებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და თავს ესხდომდნენ მათ და საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას".
„მათი მოქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სტრატეგიული ობიექტი - საქართველოს პარლამენტი..."
„დაზიანდა და განადგურდა მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა, ქონება"
„ზემოაღნიშნულ მოქმედებებს აორგანიზებდა და ხელმძღვანელობდა ზვიად ცეცხლაძე, რომელმაც 30 ნოემბერს ძალადობაში მონაწილე პირებს გააცნო ჯგუფური ძალადობის გეგმა... განსაზღვრა კონკრეტული ლოკაციები, სადაც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა წინააღმდეგობის გაწევა".
„მან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირებს დაავალა დაემზადებინათ სხვადასხვა ნივთები, ფარები.... მოუწოდა, რომ სამართალდამცველებზე თავდასხმისთვის გაეგრძელებინათ პიროტექნიკისა და ქვების გამოყენება და ეს ყველაფერი განეხორციელებინათ ორგანიზებულად"
„სისტემატურად მოუწოდებდა გაეწიათ წინააღმდეგობა... სახის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა არაერთი ნივთი, რომელსაც იყენებდნენ"
„ასევე ვეფხია კასრაძე და კაძელაშვილი ამუშავებდნენ ჯგუფური ძალადობის გეგმას... ახალ ლოკაციებს, თანხმდებოდნენ ძალადობრივი ქმედებების გაგრძელებაზე".
„ისნაფ ალიევი ქვას, ქვის ფილას და იქვე მოძიებულ ნივთებს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით... ჯგუფური ძალადობის სხვა მონაწილეებთან ერთად გზის ჩახერგვის და სამართალდამცველების გადაადგილების ხელი შეშლის მიზნით აგებდა ბარიკადებს"
„2024 წლის პირველ დეკემბერს თორნიკე გოშაძე ქვას და შუშის ბოთლს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით"
„2024 წლის 29-30 ნოემბერს და ორ დეკემბერს, გიორგი გორგაძე ქვებს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით"
„2024 წლის 29-30 ნოემბერს ირაკლი მიმინოშვილი ქვებს ისროდა სამართალდამცველების მიმართულებით და ახორციელებდა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს"
იგივე ითქვა ნიკოლოზ ჯავახიშვილზეც. ყველა ეს წინადადება მთავრდებოდა ასე, რომ მათ„საფრთხე შეუქმნეს პოლიციელების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას".
ფორუმი