14:14 - „ექსპერტიზა არ ამბობს, რომ ეს იყო ცეცხლგამჩენი ნივთიერება, ის ამბობს, რომ ბოთლში არსებული ნივთიერება აალებადი იყო“, - სხვანაირად კითხულობს დასკვნას დაკავებულის ადვოკატი შოთა თუთბერიძე.
ცეცხლგამჩენია ნივთიერება, რომელსაც, მაგალითად, სროლის შემთხვევაში შეუძლია ცეცხლი წაუკიდოს სამიზნეს. აალებად ნივთიერებას კი ბუნებრივადაც შეიძლება გაუჩნდეს ცეცხლი, მაგალითად, ტემპერატურული ზემოქმედებით.
ანუ, ადვოკატი ასე მსჯელობს: თუ აალებადი ნივთიერების გადატანა დანაშაულად ჩაითვლება, შეუძლიათ აფეთქების მომზადებაში დასდონ ბრალი ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს საწვავის ავზი ან სახლში ინახავს ნავთობპროდუქტებს.
14:15 - დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი არც ჩანთაში შეუნახავს და არც უტარებია. დაკავებულის ადვოკატები მტკიცებულებების ავთენტიკურობას ეჭვქვეშ აყენებენ, რის საფუძველსაც მათთვის საქმის მასალების გარდა ხომერიკის დაკავების გარემოებაც იძლევა.
14:16 - დავით ხომერიკი, თავის ძმასთან ზუკა ხომერიკთან ერთად, ორ დეკემბერს თამარაშვილის ქუჩაზე დილის ცხრა საათისთვის დააკავეს.
პოლიცია ამბობს, გზას ხელოვნურად კეტავდნენ და ჩვენს მოთხოვნას არ დაემორჩილნენო. ზუკა ხომერიკის პროცესი დაკავებიდან მალევე გაიმართა, ის სამართალდამრღვევად ცნეს და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს. დავითის ბრალეულობაზე პოლიციას ჯერ არ უმსჯელია.
გამოძიების მასალების თანახმად, ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ დავითი და მისი ძმა გაჩხრიკეს და სწორედ მაშინ იპოვეს დავითის ზურგჩანთაში „მოლოტოვის კოქტეილები“.
14:17 - 2 დეკემბერს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე ძმები ხომერიკები აქციის მონაწილეებთან ერთად მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც პოლიციამ რუსთაველზე დემონსტრანტების დარბევა დაიწყო და მათ ქუჩებში დაედევნა. რამდენიმე ადამიანს სცემეს და დააკავეს მეტრო „რუსთაველის“ ვესტიბიულშიც.
ფორუმი