14:07 - დავით ხომერიკის სასამართლო ორ საათზე უნდა დაწყებულიყო. ხალხი რიგში დგას და ელოდება. ბრალდებულის სიტყვის მოსასმენად ოჯახის წევრების გარდა, ათობით მოქალაქეა მოსული.
14:10 - დღეს დავით ხომერიკი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს. სავარაუდოა, რომ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი დღესვე გავა სათათბიროდ და გადაწყვეტილებასაც დღეს გამოაცხადებს.
14:12 - პროკურატურა ამტკიცებს, რომ დავით ხომერიკი აფეთქებას ამზადებდა, რისთვისაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-229-ე მუხლებით მიდის, რაც გულისხმობს დანაშაულის მომზადებას, ამ შემთხვევაში „ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსებას“.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებული დემონსტრანტებიდან ის ერთადერთია, რომელსაც ამ მუხლით ასამართლებენ.
14:13 - და მაინც, რას აფეთქებდა ხომერიკი?
ამ კითხვაზე პასუხი პროკურორ ლაშა თოდუას არ გაუცია. მან საქმის არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე თქვა: „დავითმა გადაწყვიტა დაემზადებინა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში მოლოტოვის კოქტეილები, მოიძია ინფორმაცია, როგორ მზადდება და დაამზადა კიდეც“.
დავით ხომერიკის ადვოკატებისთვის გაუგებარია, რას ეყრდნობა პროკურატურა, როცა ამტკიცებს, რომ ბრალდებულმა „მოლოტოვის კოქტეილის“ დამზადებაზე ინფორმაცია წინასწარ მოიძია.
„ამ ეტაპზე ამის დამადასტურებელი მტკიცებულება პროკურატურას არ წარმოუდგენია, სამომავლოდ რას მოიტანს პროცესზე, ეს ჩვენთვის უცნობია“, - თქვა შოთა თუთბერიძემ.
საქმის მასალების მიხედვით, დავით ხომერიკს ზურგჩანთაში უპოვეს შუშის „რამდენიმე ბოთლი“, რომელშიც „აალებადი ნივთიერება - სახეშეცვლილი დიზელი“ ესხა.
„ბოთლებზე შემოხვეული იყო ნაჭრის ფითილი, რომელზეც დასხმული იყო აალებადი ნივთიერება, ექსპერტმა დაადგინა, რომ ეს ცეცხლგამჩენი მოწყობილობა იყო“, - დააზუსტა პროკურორმა რადიო თავისუფლებისთვის.
ფორუმი