რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის, „აეროფლოტის“ საინფორმაციო სისტემების მწყობრიდან გამოყვანაზე პასუხისმგებლობა აიღეს უკრაინის მხარდამჭერი ჰაკერების ჯგუფებმა Silent Crow და Cyberpartisans BY.
ამ ჯგუფების მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, „ხანგრძლივი და მასშტაბური ოპერაციის“ შედეგად „აეროფლოტის“ შიდა ინტერნეტ-ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა „სრულად კომპრომეტირებული და განადგურებულია”.
ჰაკერთა ჯგუფების თანახმად, „აეროფლოტის“ შიდა კორპორაციულ ქსელში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ამ ოპერაციის შედეგად გაანადგურეს 7000-მდე ფიზიკური და ვირტუალური სერვერი, კონტროლი მოიპოვეს თანამშრომელთა პერსონალურ კომპიუტერებზე, შიდა სატელეფონო საუბრებზე, ფრენების ისტორიებსა და სხვა მონაცემებზე.
„აეროფლოტმა“ 28 ივლისს, დილის ცხრა საათისთვის განაცხადა, რომ მისი საინფორმაციო სისტემების მუშაობა შეფერხებულია, რის გამოც იძულებული არიან, რეისები გააუქმონ ან გადადონ. ავიაკომპანიას შეფერხების მიზეზი არ დაუსახელებია.
დღის პირველი საათის მდგომარეობით, „აეროფლოტს“ კიბერშეტევის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.
განახლება: დღის ორი საათისთვის რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „აეროფლოტის“ საინფორმაციო სისტემაზე ჰაკერული შეტევა დაადასტურა და განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
ფორუმი